ავტორი:

"დისკოს მოცეკვავის" ვარსკვლავმა ბავშვი ნაგვის ურნაში იპოვა და გაზარდა - ნამდვილი ამბავი ბოლივუდური სცენარით

"დისკოს მოცეკვავის" ვარსკვლავმა ბავშვი ნაგვის ურნაში იპოვა და გაზარდა - ნამდვილი ამბავი ბოლივუდური სცენარით

როდესაც 80-იანი წლების დასაწყისში ინდური ფილმი "დისკოს მოცეკვავე“ ეკრანებზე გამოვიდა, გოგონები ცნობილ მსახიობს ყოველდღიურად უგზავნიდნენ სიყვარულით სავსე წერილებს.

ინდური კინოს მოყვარული გოგონების ოთახებში მითჰუნ ჩაკრაბორტის პლაკატები ეკიდა. მსახიობობის გარდა მისმა კეთილშობილებამ მიიქცია ყურადღება. ინდოელმა ვარსკვლავმა მიტოვებული ბავშვი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.

  • მითჰუნ ჩაკრაბორტი: ბედნიერება მეორე ცდაზე

"დისკოს მოცეკვავის“ გამოსვლის შემდეგ მითჰუნ ჩაკრაბორტის წარმოუდგენელი პოპულარობა დაატყდა თავს. ის არა მხოლოდ ინდოელ მაყურებელს შეუყვარდა – ჩაკრაბორტის სახელი ცნობილი გახდა მაშინდელ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. მსახიობის კარიერა უმაღლეს საფეხურზე ავიდა, გაიზარდა შემოსავალიც და მან საბოლოოდ შეძლო საყვარელ გოგონაზე დაქორწინება. მას ჰელენა ლიოკა ერქვა, ის მოდელი იყო. თუმცა, ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. სიყვარული გაქრა და თანაცხოვრებიდან და ქორწილიდან ორი წლის შემდეგ გადაწყვიტეს დაშორებულიყვნენ.

თუმცა, ბედმა მაინც გადაწყვიტა მითჰუნი მოთმინებისთვის, შეუპოვრობისთვის და უზარმაზარი შრომისმოყვარეობისთვის დაეჯილდოებინა.

მას ახალი სიყვარული ეწვია. იოგიტა ბალიც მსახიობი იყო, ისევე როგორც ის. ქალი იშვიათი სილამაზით გამოირჩეოდა. მან სამი ვაჟი გააჩინა.

  • ჩვილი ნაგვის ურნაში

ვინ იფიქრებდა, რომ ერთ დღეს ჩაკრაბორტი რეალური ბელივუდური ისტორიის მთავარი გმირი გახდებოდა. ბევრს დღემდე არ სჯერა ბოლივუდის კინოს სიუჟეტების. იცინიან, რომ ძალიან სენტიმენტალური და დრამატულია, ცხოვრებაში კი მსგავსი რამეები არ ხდება. ერთ დღეს მითჰუნი ქალაქის ქუჩაზე მიდიოდა და მოულოდნელად ჩვილის ტირილი გაიგონა. ხმა ნაგვის ურნიდან მოდიოდა.

მოგვიანებით გაიგო, რომ ბავშვი თითქმის მთელი დღე განუწყვეტლივ ტიროდა. გულგრილი გამვლელები ტირილს ყურადღებას არ აქცევდნენ – ყველა თავის საქმეზე ჩქარობდა. ცნობილმა არტისტმა ფრთხილად ამოიყვანა პაწაწინა გოგონა ურნიდან და საავადმყოფოში წაიყვანა.

ამ ამბის შესახებ ჟურნალისტებმა შეიტყვეს და მეორე დღესვე გაზეთებში მომხდარის შესახებ წერდნენ.

  • მეოთხე შვილი ოჯახში

თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, სენსაცია დავიწყებას მიეცა – ის სხვა ამბებმა გადაფარა. და მხოლოდ მითჰუნს არ შეეძლო უცნობი პატარას უზარმაზარი, საცოდავი თვალების დავიწყება. ელოდა, სანამ გოგონა ცოტათი მოძლიერდებოდა, საავადმყოფოდან წამოიყვანა და შვილად აყვანის საბუთები გააფორმა. ასე გახდა პატარა დიშანი მსახიობების ოჯახში მეოთხე შვილი.

იოგიტა ბალი მეუღლესთან ერთად ელოდა, როდის შეძლებდნენ მის შვილად აყვანას. მას უკვე უყვარდა გოგონა, რადგან ყოველთვის უნდოდა ქალიშვილი. დიშანი ოჯახის სრულუფლებიან წევრად იქცა. გოგონას პრინცესასავით ზრდიდნენ. ის სიყვარულში და მზრუნველობაში ცხოვრობდა.

  • როგორც კინოში

მითჰუნ ჩაკრაბორტიმ, რომელმაც პატარას ბედი სრულად შეცვალა, გადაწყვიტა ფილმის გადაღება - სიუჟეტი პირადი ისტორიით იყო შთაგონებული. ფილმი სახელად "ოჯახი“ მოგვითხრობს ქუჩის ღარიბ კომედიანტზე, რომელმაც ნაგვის ურნაში გადაგდებული გოგონა იპოვა და მისთვის მამა გახდა.

ჩაკრაბორტისთვის სიტყვები "სიღარიბე“, "გაჭირვება“, "შიმშილი“ – უბრალო სიტყვები არ ყოფილა. წარმატებას მაშინვე ვერ მიაღწია და ახალგაზრდობაში ნებისმიერ სამუშაოს ასრულებდა, რათა გადარჩენილიყო და შიმშილით არ მომკვდარიყო. ახლა როდესაც ყველა ოცნება აისრულა, როდესაც ის წარმატებული და მდიდარია, არ ავიწყდება მათი დახმარება, ვისაც ნაკლებად გაუმართლა: თავისი შემოსავლების ნახევარს ჩაკრაბორტი გაჭირვებულებს აძლევს.

  • ახალგაზრდა მსახიობი

მას შემდეგ, რაც დიშანი ჩაკრაბორტის დიდი ოჯახის წევრი გახდა, დაახლოებით 30 წელი გავიდა. დღეს დიშანი ზრდასრული გოგონაა. ის ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი გაიზარდა. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი მონაცემებით, მსახიობების ოჯახში გაზრდილმა გოგონამ გადაწყვიტა მშობლების გზა გაეგრძელებინა – ისიც მსახიობი გამხდარიყო.

მაგრამ დიშანი კიდევ უფრო შორს წავიდა. მან გადაწყვიტა ყველაფრისთვის დამოუკიდებლად მიეღწია, თუმცა მამა, რა თქმა უნდა, დაეხმარებოდა ინდოეთში კარიერის გაკეთებაში – ჩაკრაბორტის ქალიშვილს ნებისმიერი რეჟისორი სიხარულით გადაიღებდა. დიშანი შტატებში გაემგზავრა – იქ, სადაც მას არავინ იცნობდა, სადაც არც ნაცნობები ჰყავდა, არც მეგობრები. მან ნიუ-იორკის კინოაკადემია დაამთავრა და ახლა აქტიურად აშენებს კარიერას: მუშაობს ფოტომოდელად და იღებს მონაწილეობას ფილმებში. გარდა ამისა, დიშანს ბროდვეის სპექტაკლებში სათამაშოდ იწვევენ.

  • მამა – "სუპერგმირი“

ინდოელი ლამაზმანი არ ივიწყებს, ვინ არიან მისი მშობლები, რომლებმაც პატარა გოგონა სიკვდილს ხელიდან გამოსტაცეს. ის მუდმივად უხდის მადლობას მითჰუნს და იოგიტას. გოგონა მამას "სუპერგმირსა“ და "მსოფლიოში საუკეთესო მამას“ უწოდებს. რა თქმა უნდა, ხშირად ახსენებს დედას, მის სიყვარულსა და მზრუნველობას – რადგან სწორედ იოგიტა ზრდიდა მას, ეხმარებოდა სწავლაში, მკურნალობდა, სანამ მამა გადაღებებით იყო დაკავებული. გოგონა ხშირად აქვეყნებს ფოტოებს მშობლებთან და ძმებთან ერთად თავის ბლოგში და აღიარებს, რომ სწორედ ოჯახი შთააგონებს მას წარმატებებისკენ.

დიშანი მოკრძალებულად ცხოვრობს. ყველაზე მეტად მოსწონს სახლში, ახლობლებთან ერთად დროის გატარება. ის ბევრს კითხულობს, უყურებს ფილმებს, ხოლო საღამოობით უყვარს გემრიელი კერძების მომზადება მშობლებისა და ძმებისთვის.

რაც არ უნდა მოხდეს მომავალში მის ცხოვრებაში – დიშანს ყოველთვის ემახსოვრება, რომ ის იღბლიანი ბილეთის მფლობელია, რადგან სიღარიბისა და სიკვდილის ნაცვლად, უზრუნველყოფილი ცხოვრება ხვდა წილად. ეს ყველაფერი – იმიტომ, რომ ის კეთილმა ადამიანმა, მითჰუნ ჩაკრაბორტიმ გადაარჩინა.