ჯასტინ ტიმბერლეიკი თანამედროვე პოპ-სცენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მრავალმხრივი წარმომადგენელია. თავისი კარიერის განმავლობაში, მას არაერთ სფეროში მიუღწევია წარმატებისთვის — იყო ბოიბენდის ლიდერი, სოლო შემსრულებელი, კომპოზიტორი თუ მსახიობი... პირველად ფართო აუდიტორიის ყურადღება ბავშვობაში მიიპყრო, თუმცა მსოფლიოში აღიარება NSYNC-ის წარმატებასთან ერთად მოვიდა. ამ ჯგუფთან ერთად, მან მყარად დაიმკვიდრა ადგილი მუსიკალურ ინდუსტრიაში, ხოლო სოლო კარიერის დაწყებით, დაამტკიცა, რომ სცენაზე დამოუკიდებლადაც შეუძლია გავლენის მოპოვება. სწორედ მის სახელს უკავშირდება არაერთი „გრემის“ მფლობელი ჰიტი, კინოროლები და ტურები, რომლებიც სხვადასხვა კონტინენტზე ასიათასობით მაყურებლის წინაშე ჩატარებულა. მისი მუსიკა ნამდვილად სცდება ჟანრულ საზღვრებს — რიტმული პოპის, RNB-ის, სოულისა და ელექტრონული ელემენტების შერწყმით, არტისტი მსმენელთან ღრმა ემოციურ კავშირს ამყარებს.
სწორედ ამ სუპერვარსკვლავს უმასპინძლებს 23 ივლისს თბილისი და კონკრეტულად, „დინამო არენა“. კონცერტი იმ ტურის ნაწილია, რომელიც მუსიკოსის უახლეს ალბომს — “Everything I Thought It Was” — ეძღვნება და რომელიც ჯერ კიდევ 2024 წელს დაიწყო ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილიდან. საქართველოში დაგეგმილი კონცერტი განსაკუთრებული ინტერესის საგნად იქცა როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ მელომანებს შორის. „Starring Georgia-მ“, რომელიც უკვე მესამე წელია, საქართველოს მსოფლიო გასართობი ინდუსტრიის რუკაზე აკაშკაშებს, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის დაანონსებით, გასული წლების შედეგებს ერთიანად აჯობა. მხოლოდ ამ ღონისძიებისთვის საქართველოში 18 000-ზე მეტი ტურისტი ჩამოდის, ამიტომაც 23 ივლისის საღამო არა მხოლოდ მუსიკალური მოვლენა, არამედ ქვეყნის კულტურული თვითდამკვიდრებისთვის მორიგი დიდი ნაბიჯი იქნება.

კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „Starring Georgia-ს“ პროექტების მენეჯერი ციცი იაშვილი აღნიშნავს, ამერიკელი პოპვარსკვლავის კონცერტის ორგანიზებაში 1 500-მდე ადამიანი მონაწილეობს — რაც არა მხოლოდ ღონისძიების გრანდიოზულობაზე მეტყველებს, არამედ იმ მიდგომაზეც, რომლითაც ქვეყანა საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებს ხვდება. გარდა ამისა, ციცი იაშვილის თქმით, რადგან კონცერტს უპრეცედენტო რაოდენობის მსმენელი დაესწრება, უსაფრთხოების წესების დაცვა და გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„მსმენელებს ვურჩევ, რომ „დინამო არენაზე“ არტისტის სცენაზე გამოსვლამდე მივიდნენ — ასე თავიდან აირიდებენ დიდ რიგებს და მთელი საღამოსგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას შეძლებენ. ყველას ვთხოვ, გაითვალისწინოს, რომ ტერიტორიაზე არ იქნება ჩანთის ან ნივთების შესანახი კარადები — ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ადამიანების დიდი ნაკადიდან გამომდინარე. ამიტომაც, უკეთესი იქნება, თუ თან მხოლოდ აუცილებელ ნივთებს იქონიებენ, რათა შესვლისას უხერხული სიტუაციები არ შეიქმნას. ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ „ორბიტის“ ბილეთების მფლობელებმა, რომელთაც მოუწევთ ყველა ისეთი პატარა ნივთის დატოვება, რომელიც, თეორიულად, სროლისას სცენამდე მიღწევას შეძლებს.
ამინდი მზიანია, ასე რომ, ქუდი და მზისგან დამცავი კრემი ძალიან გამოგადგებათ. წყალი დღის განმავლობაში თქვენი ენერგიის მთავარი წყაროა — არ დაივიწყოთ მისი დალევა. ასევე, გთხოვთ, არ წამოიყვანოთ შინაური ცხოველები, რადგან ხმაური მათთვის ძალიან საზიანოა.
ვინც მეგობრებთან ერთად მოდის, კარგი იქნება, თუ წინასწარ შეათანხმებს შეხვედრის ადგილს იმ შემთხვევისთვის, თუ ჯგუფიდან ვინმე დაიკარგება. თუ რაიმე დაგჭირდებათ, აუცილებლად მიმართეთ საინფორმაციო ცენტრს ან მოხალისეებს,“ — აღნიშნავს ციცი იაშვილი.
ბუნებრივია, ამ კონცერტისკენ ქართული მედიის განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთმა საინფორმაციო პლატფორმამ მოამზადა სიუჟეტები, ინტერვიუები თუ სტატიები მსოფლიო ვარსკვლავის ვიზიტის შესახებ. სოციალურ ქსელებში გვხვდება უამრავი გამოხმაურება იმ ადამიანებისგან, ვინც ჯასტინ ტიმბერლეიკის მუსიკას ძალიან კარგად იცნობს და მათი მხრიდანაც, ვისაც პირველად ეძლევა შანსი, თანამედროვე პოპმუსიკის ლეგენდა საკუთარი თვალით იხილოს. გარდა ინდივიდუალური გამოხმაურებისა, ონლაინსივრცეში აქტიურად ჩნდება „ჩელენჯები“, ვიდეოები და ფანების მიერ შექმნილი კონტენტი, რაც კარგად წარმოაჩენს, რამდენად მნიშვნელოვანია მელომანებისთვის 23 ივლისის საღამო.
ტიმბერლეიკის ჩამოსვლა საქართველოსთვის ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთჯერადი შოუ. ის ხაზს უსვამს იმ გზას, რომელსაც ბოლო წლებში ქვეყანა კულტურული მიმართულებით გადის. ჯასტინისა და მსგავსი მასშტაბის არტისტების სტუმრობა (როგორიც იყო, მაგალითად: ბრუნო მარსი, „Imagine Dragons“, „Guns N' Roses“, „Scorpions“ და ა.შ.) არამხოლოდ დაუვიწყარ გამოცდილებასა და მუსიკალურ თავგადასავალს გვჩუქნის, არამედ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზეც აისახება. მსგავსი დონის კონცერტების მასპინძლობით, დღეს საქართველო მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს უწევს კონკურენციას.
...და კიდევ რა შეიძლება, ვთქვათ ჯასტინ ტიმბერლეიკზე, გარდა იმისა, რომ მისი ყოველი ალბომი მუსიკალური ექსპერიმენტების, ჟანრობრივი მრავალფეროვნებისა და ტექნიკური სრულყოფილების ნაზავია? ან რომ ჰიტები: „Cry Me a River“, „SexyBack“, „Mirrors“, „Suit & Tie“, „Can’t Stop the Feeling“ და სხვები წლებია, არ კარგავენ პოპულარობას? მისი თითოეული კონცერტი სცენური დიზაინის, ქორეოგრაფიისა და აუდიტორიასთან ემოციური კავშირის ნიმუშია. თბილისურ საღამოსაც სწორედ ასეთი მუხტი ექნება, რომელიც მსმენელს მუსიკის, ენერგიისა და ვიზუალური შთაბეჭდილებების მორევში ჩაითრევს.
მოკლედ, 23-ში თბილისი ჯასტინს ელოდება!
(R)