ვინ არიან ცაციები? ადამიანები, რომლებიც მარცხენა ხელით წერენ და ნებისმიერ საქმეს მარცხენა ხელით ასრულებენ. ცაციობა შეიძლება იყოს გენეტიკური, ნაყოფის განვითარებისას მომხდარი დარღვევების, ან ტრავმის შედეგი. სტატისტიკის მიხედვით მემარჯვენე ადამიანთა 60-65%-ია, ამბიდექსტერები (ორივე ხელით თანაბრად მოქმედებს) - 25-30% და ცაციები - 5-15%. ცაციების რაოდენობა დედამიწაზე დაახლოებით 600 მილიონია.
ცაცია ადამიანების ზოგადი დახასიათება
მათ ძლიერი სიყვარული შეუძლიათ და მალე უყვარდებათ. მათთვის საყვარელი საკვები ხორცეულია. არიან მშვიდები, ცდილობენ, კარგად გამოიყურებოდნენ და განსაკუთრებული ჩაცმის სტილი აქვთ, ლიდერობა ახასიათებთ. არიან მშრომელები და გონიერები. უყვართ ცხოველები, საუკეთესოები არიან სპორტსა და ხატვაში - ჩოგბურთის ვარსკვლავების 40% ცაციაა.
ცნობილი ფაქტია, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული მხატვრების უმეტესობა ცაციაა.
არისტოტელე, ფრიდრიხ ნიცშე, ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონ ბონაპარტი, ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, პაბლო პიკასო, რაფაელი, რუბენსი, კამილ პისარო, ალბერტ აინშტაინი, ისააკ ნიუტონი, ივან პავლოვი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, სერგი რახმანინოვი, სერგი პროკოფიევი, ჰანს ქრისტიან ანდერსენი, ალექსანდრე პუშკინი, ლევ ტოლსტოი, მარკ ტვენი, ფრანც კაფკა, უინსტონ ჩერჩილი, ჩარლი ჩაპლინი, მერლინ მონრო, პოლ მაკარტნი, დიეგო არმანდო მარადონა, გარი კასპაროვი, მარტინა ნავრატილოვა, მაია პლისეცკაია, რობერტ დე ნირო, ჯულია რობერტსი, ანჯელინა ჯოლი, ბრიუს უილისი, ოპრა უინფრი, ბილ გეიტსი, ბარაკ ობამა და კიდევ ბევრი...

"მშობლებისგან ასეთი აკრძალვა არასდროს მქონია, სკოლაში კი მაიძულებდნენ, მარჯვენა ხელით მეწერა. მოგეხსენებათ, კომუნისტების დროს ვსწავლობდი. ჩემი პედაგოგი არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო, მაგრამ მარცხენა ხელს უკან, ზურგზე მადებინებდა და მაიძულებდა, მარჯვენით მეწერა. იმ პერიოდში სამელნე და კალამი გვქონდა და იყო საგანი - სუფთა წერა. იმ გაკვეთილზე უფლება არ მქონდა, მარცხენა ხელით მეწერა...
მერე დედაჩემსაც დააჯერეს ეს ამბავი, რომ ასე უნდა ემოქმედა, - წერას და ხატვას მარჯვენა ხელით მაიძულებდნენ. დღეს, იმ წლების დამსახურებაა, რომ ორივე ხელს ვიყენებ, ფაქტობრივად, ორივე ხელით ვწერ, მაგრამ ის, რაც ჩემთვის ინტიმურია, რაც ჩემს სულში ხდება, ანუ ხატვისას, მარცხენა ხელით ვმუშაობ,“ - მითხრა ამ თემაზე მუშაობისას ერთხელ ცნობილმა ქართველმა მხატვარმა გია ბუღაძემ.

"მაკრატელსაც კი მარცხენა ხელით ვხმარობ, მარცხენაში ღონეც მეტი მაქვს, მაგალითად, ბავშვობაში ბიჭები რომ ვძიძგილაობდით, რატომღაც მარცხენა ხელს ვზოგავდი ხოლმე. ეს ინსტიტუციურადვე ხდებოდა. ახლაც ცოტას ვუფრთხილდები, ალბათ იმიტომ, ამ ხელმა ყველაზე მეტი სიამოვნება, სიხარულიც მომანიჭოს და თუნდაც, სარჩო-საბადებელიც მომიტანოს.
კედლებზეც, რა თქმა უნდა, მარცხენა ხელით ვმუშაობ. ამ კედლებზე ხატვიდან გამომდინარე, მარცხენა მხრის ნერვიც დამიზიანდა. პროფესიული დაავადება მივიღე.
სხვათა შორის, კაცობრიობის ყველაზე დიდი ხელოვანი მიქელანჯელო ორივე ხელს იყენებდა მაგალითად, ქვის თლისას, ან ფრესკაზე მუშაობისას. ფაქტობრივად, ორივე ხელი მონაწილეობდა, მთელი სხეული, მხრები, კიდურები. ასე რომ, მარცხენა ხელი განსაკუთრებულ შტრიხს ანიჭებს მის ბავშვობისდროინდელ ნახატებს. ეს კარგად ჩანს, იგივე ლეონარდოსთანაც. ბავშვობის პერიოდის ნახატებში, რომ შტრიხი მარცხენა ხელიდან არის გაკეთებული“- აღნიშნავდა გია ბუღაძე.
მისივე თქმით, მარცხენა ხელით მომუშავე ადამიანებს გაძლიერებული აქვთ წარმოსახვები, წარმოდგენების უნარი, განზოგადების მიმართ მიდრეკილები არიან. გაცილებით რაციონალური მიდრეკილებები აქვთ.
- ჩემთვის მარცხენა ხელით მუშაობა ჩვეულებრივი ამბავია. რატომღაც ცუდი ჩვევა იყო, როცა ბავშვებს აიძულებდნენ, მხოლოდ მარჯვენა ხელით ეწერათ. თუკი დღეს ვინმე ასევე ფიქრობს, ან იქცევა, მინდა ვურჩიო, რომ ეს არ გააკეთოს. ის მავნე ჩვევა თავიდან ამოიგდოს. მიეცით ადამიანს შანსი, იყოს ცაცია და არ დაუმახინჯოთ ცხოვრება. თქვენ რომ გადაგაჩვიოს ვინმემ მარჯვენით წერას, როგორი იქნება?!
რეპინს დამბლა დაეცა, მარცხენით მოუწია ხატვამ და ისეთი აღარ იყო მისი ტილოები, როგორიც მანამდე, უხეში "მაზოკები" გამოუვიდა. ცნობილ ადამიანებში უამრავი ცაციაა, რომლებიც თავიანთ საქმეს შესანიშნავად უძღვებიან. ამიტომ, არ შეიძლება გადაჩვევა. ლეონარდო და ვინჩი ცაცია იყო და ამით ყველაფერია ნათქვამი. პირიქით, უნდა გიხაროდეთ, თუ შვილი ცაცია გყავთ.

ერთხელ სკოლაში მასწავლებელმა ხელი ჯიბეში ჩამაყოფინა და დაფაზე მარჯვენით დაწერეო, გავგიჟდი. მერე მამაჩემი მასწავლებელთან მივიდა და მკაცრად უთხრა, ბავშვზე არ იძალადოთო. ყველამ უკან დაიხია. ჩემი მშობლებისთვის პირიქით, სასიამოვნო მომენტი იყო, რომ ტყუპიდან (მე ხომ ტყუპისცალი ვარ), ერთი ცაცია იყო. ეს თუნდაც, ჩვენს გარჩევაშიც ეხმარებოდათ.
- მარჯვენა ხელს კარიკატურების ხატვისას ვერ იყენებთ?
- მარჯვენა ხელს ვიყენებ მხოლოდ ჭიქის აწევისას, პირჯვრის გადაწერისას და ხელის ჩამორთმევისას. ეს გამოვიმუშავე. ერთხელ მარცხენა ხელი მოვიტეხე და მარჯვენით რაღაცები დავხატე, მაგრამ დავიტანჯე, კიდევ კარგი მომხსნეს თაბაშირი და გადავრჩი.
***
როგორც უკვე ვთქვით, წლების წინ ცაციობა პათოლოგიად, გადახრად, ნაკლად აღიქმებოდა და ასეთი ადამიანების გამოსწორებას ცდილობდნენ, რომ მათ საქმიანობისას უმეტესად მარჯვენა ხელი გამოეყენებინათ. არადა, ცაციობა ადამიანის ნორმალური განვითარების ფორმაა. თუ რომელ ხელს ვიყენებთ უკეთესად, ამას ჩვენი სურვილები კი არა, თავის ტვინის მუშაობის თავისებურება განსაზღვრავს.
როგორც მეცნიერები ამბობენ, 4-5 წლის ასაკიდან შეიძლება ვილაპარაკოთ, ბავშვი მემარჯვენეა თუ ცაცია. 4 წლამდე ხშირია ხელის უპირატესობის ცვლა ან ორივე ხელის აქტიურად გამოყენება. თუმცა, ასევე შეიძლება ბავშვი ორივე ხელს ერთნაირად იყენებდეს.
ამიტომ სპეციალისტები მშობლებს სწავლებისას ურჩევენ, რომ სწორად ეჭიროს ფანქარი, კალამი, წერის სწავლისას, აუცილებელია ნებისმიერი მოქმედება იმ ხელით განახორციელოს, რომელიც მისთვის წამყვანია.
ღირს თუ არა ცაციების გადაჩვევა? სპეციალისტების, ფსიქოლოგების პასუხი ასეთია, - რომ ეს არასდროს გააკეთონ, რადგანაც ცაციების ძალდატანებით გადაჩვევა, ზემოქმედებას ახდენს ბავშვის განვითარებასა და ჯანმრთელობაზე. ამასთან, ისეთ უარყოფით შედეგებთან მივყავართ, როგორიცაა: აღგზნებადობა და გაღიზიანება, ადვილად დაღლა, შიში, ძილის დარღვევა, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი, მარჯვენა ხელში დაღლის განცდა, მუშაობის უნარის დაქვეითება, ენაბლუობა, აკვიატებული მოძრაობები... ამიტომ ხელი უნდა შეუწყოთ მარცხენა ხელის გამოყენებაში, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ, დარჩნენ ჯანმრთელები და ფსიქიკურად ჯანსაღები.
ცაციების საერთაშორისო დღეც არსებობს და ეს 13 აგვისტოა.