რამდენიმე დღის წინ, ქართველი მეცნიერი ცოტნე ჯავახიშვილი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. მისი თვითმფრინავი კალიფორნიაში დაფრენის ნებართვის მიღებიდან რამდენიმე წუთში ოკეანეში ჩავარდა.
ცოტნე ჯავახიშვილი 2014 წლის Cessna T240 Corvalis TTx-ის ტიპის თვითმფრინავს მართავდა, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ამერიკელ მეცნიერ პიტერ შულცს ეკუთვნოდა. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს (NTSB) ოფიციალურმა წარმომადგენელი Daily Mail-ს ავიაკატასტროფის შესახებ ესაუბრა და დაუდასტურა, რომ ბორტზე ციტნე ჯავახიშვილის გარდა სხვა არავინ იმყოფებოდა.
ერთძრავიანი თვითმფრინავი სან-დიეგოს ოლქის რამონას აეროპორტიდან აფრინდა და მონტგომერი-გიბსის აეროპორტისკენ გაემართა. ოფიციალური პირების თქმით, ჯავახიშვილი დაუკავშირდა ასაფრენი ბილიკის საკონტროლო კოშკს და დაჯდომის ნებართვა 13:55 საათზე მიიღო, თუმცა კონტროლიორებისთვის აღარ უპასუხია.

მალე, ოთხადგილიანმა თვითმფრინავმა რამდენიმე წუთის განმავლობაში დასავლეთით, კურსიდან გადაუხვია და წყნარ ოკეანეში, სან-დიეგოს სანაპიროდან დაახლოებით 470 მილის დაშორებით ჩავარდა.
ცოტნე ჯავახიშვილი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება არ არის ნაპოვნი არც თვითმფრინავი. NTSB-ისა და ფედერალური საავიაციო ორგანოს (FAA) ოფიციალური წარმომადგენლები კატასტროფის მიზეზებს იძიებენ.
FlightAware-ის თვალთვალის ვებგვერდზე ჩანს თვითმფრინავის ტრაექტორია, რომელიც კურსიდან გადავიდა, სანამ რადარებიდან გაუჩინარდებოდა. ოფიციალურმა პირებმა გააზიარეს თვითმფრინავის სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც ემთხვევა მეცნიერ პიტერ შულცის კუთვნილ ოთხადგილიან თვითმფრინავს.
პიტერ შულცი მეცნიერი და Scripps Research-ის აღმასრულებელი დირექტორია. ეს არის სამედიცინო და სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ქიმიკოსად ითვლება, რომელსაც მრავალი ფუნდამენტური წვლილი აქვს შეტანილი ამ სფეროში, მათ შორის ცოცხალი ორგანიზმების გენეტიკური კოდის გაფართოების მეთოდების შემუშავება და გამოყენება, კატალიზური ანტისხეულების აღმოჩენა და მოლეკულური მრავალფეროვნების ტექნოლოგიების განვითარება და გამოყენება ქიმიის, ბიოლოგიისა და მედიცინის პრობლემების გადასაჭრელად.
ცოტნე ჯავახიშვილი იყო სინთეზური ბიოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი საქართველოს უნივერსიტეტში, თბილისში. ასევე იყო მოლეკულური ბიოლოგიის დირექტორი კალიფორნიულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Ambrx-ში, სადაც გენომიკაზე იყო სპეციალიზებული. აღსანიშნავია, რომ ცოტნე ჯავახიშცილი პროფესიონალი მფრინავი იყო.

პილოტის მეგობარი დავით გვალია ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ შოკში იყო ახალი ამბის გაგების შემდეგ. "მას ჩემს საუკეთესო მეგობარს დავარქმევდი. განადგურებული ვარ, მე მაინც არ მჯერა", - განუცხადა მან ABC News-ის ფილიალ KGTV-ს.
"ყველას უყვარდა. ყველა პატივს სცემდა. ის იყო არაჩვეულებრივი, უაღრესად ჭკვიანი და უაღრესად კეთილი. მისი ამ ქვეყნიდან წასვლა პოეტურია მრავალი მიზეზის გამო, რადგან, რაც არ უნდა რთული იყოს ჩემთვის ამის მიღება, ის იმ საქმეს აკეთებდა, რომელიც უყვარდა", - აღნიშნა გვალიამ.

პიტერ შულცმა დაადასტურა, რომ ჯავახიშვილი მისი მეგობარი და გამოცდილი მფრინავი იყო. მათ ერთად იმუშავეს რამდენიმე სამეცნიერო პროექტზე.