ავტორი:

ამერიკელი კაცი, რომელიც ლგბტ პროპაგანდისგან თავის დასაღწევად ოჯახით რუსეთში გადავიდა, უკრაინაში ფრონტზე გაგზავნეს - "მგლების ხროვაში ჩააგდეს“

ამერიკელი კაცი, რომელიც ლგბტ პროპაგანდისგან თავის დასაღწევად ოჯახით რუსეთში გადავიდა, უკრაინაში ფრონტზე გაგზავნეს - "მგლების ხროვაში ჩააგდეს“

ამერიკელი კაცი, რომელიც როგორც თვითონ აცხადებდა, შვილების ლგბტქ პროპაგანდისგან თავის დასაღწევად რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, უკრაინაში ფრონტზე გაგზავნეს, მიუხედავად იმისა, რომ დაჰპირდნენ, საბრძოლო ოპერაციაში ჩართული არ იქნებოდა.

46 წლის დერეკ ჰაფმანი, ტეხასელი "ანტი-ვოუქ“ მამა, თვლის, რომ "მგლების ხროვაში ჩააგდეს“. მისი მეუღლის, დეანას თქმით, მას დაჰპირდნენ, რომ სამხედრო სამსახურში კორესპონდენტის ან შემდუღებლის მოვალეობას შეასრულებდა. დეანამ ქმრის შესახებ YouTube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ხალხს სთხოვდა მისი სიცოცხლისთვის ელოცათ. თუმცა ამჟამად ჩანაწერი მისი არხიდან წაშლილია.

  • ჰაფმანს სამხედრო გამოცდილება არ აქვს. დეანას თქმით, კაცის წვრთნა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, რის გამოც, რეალურად ბრძოლისთვის მოუმზადებელი დარჩა და მიუხედავად ამისა, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრშია.

"როცა სხვა ენაზე გიხსნიან და ეს ენა არ გესმის, როგორ შეიძლება ასე რამე ისწავლო?! ვერ ისწავლი. სამწუხაროდ, ის ახლა გრძნობს, რომ მგლების ხროვაშია ჩაგდებული და მხოლოდ რწმენა თუ გადაარჩენს. ჩვენ მისთვის ვლოცულობთ “, – აღნიშნა დეანამ.

  • მოქალაქეობის იმედით ფრონტისკენ

ჰაფმანი რუსულ ჯარში იმ იმედით გაწევრიანდა, რომ გამარტივებული პროცედურით რუსეთის მოქალაქეობას მიიღებდა მთელი ოჯახისთვის. მას ასევე სჯეროდა, რომ მსგავსი სამსახური საშუალებას მისცემდა, "დაემსახურებინა“ ახალი თანამემამულეების პატივისცემა, რასაც, მისი თქმით, ამერიკაში ემიგრანტები არ აკეთებენ.

"ამ ქმედების მიზანი ჩემთვის რუსეთში ადგილის მოპოვებაა. \ვერავინ იტყვის, რომ მე მისი ნაწილი არ ვარ. ამერიკაში ჩასული მიგრანტებისგან განსხვავებით, რომლებიც უბრალოდ მოდიან, არ ასიმილირდებიან და ამავდროულად, დახმარებას ითხოვენ“, განუცხადა მან რუსულ სახელმწიფო მედიას გასულ თვეში.

დეანამ განაცხადა, რომ მისი ქმარი სამხედრო გაწვევის პროცესში შეცდომაში შეიყვანეს. ასევე ამბობს, რომ ერთთვიანი სამსახურის შემდეგ მის ოჯახს ჯერ კიდევ არ მიუღია არანაირი ანაზღაურება.

ფოტო ჰაფმანების ოჯახის სოციალური ქსელიდან

რუსული ოცნების კრახი

ჰაფმანმა ოჯახი მოსკოვის გარეუბანში მდებარე სოფელში გაზაფხულზე ჩაიყვანა. ის მეუღლესთან, სამ ქალიშვილთან და ჰასკისთან, სახელად "ბეიბი“-სთან ერთად ჩავიდა. წყვილს ასევე ჰყავს სამი ვაჟი წინა ქორწინებებიდან, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩენა არჩიეს.

რუსეთში გადასვლის პროპაგანდა ამერიკელმა ბლოგერმა ტიმ კირბიმ დაიწყო, რომელიც მოსკოვში ოცი წელია ცხოვრობს. 2023 წელს მან პროექტი წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავდა იმ ამერიკელების მოზიდვას, რომლებიც "ლიბერალური გენდერული ნორმებისგან“ გაქცევას ცდილობდნენ. თუმცა, როგორც United24Media იტყობინება, პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა: რუსეთში მხოლოდ ორი ოჯახი, მათ შორის ჰაფმანები, გადავიდა.

ჰაფმანები თავიდან რუსეთით აღფრთოვანებულები იყვნენ.

"მოსკოვმა მოგვხიბლა თავისი მდიდარი ისტორიით, ცოცხალი კულტურითა და სასიამოვნო ატმოსფეროთი. მანამდე ჩვენ ვფიქრობდით, შეესაბამებოდა თუ არა რუსეთში გადასვლა ჩვენი ოჯახის საჭიროებებსა და ღირებულებებს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოსკოვი პირადად ვნახეთ, ვიგრძენით ნამდვილი კავშირი“, - განუცხადა დეანამ რუსულ სააგენტო RIA-სთან.

დეანამ აღნიშნა, რომ არ გაუკვირდა ქმრის სურვილი, მოხალისედ წასულიყო რუსეთის ჯარში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან სასტიკი ომის მესამე წელი მიმდინარეობს. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ კონფლიქტში ერთ მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.