ამერიკელი ტელევარსკვლავი ელენ დეჯენერესი დიდ ბრიტანეთში გადასვლის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში. როგორც ტელეწამყვანმა განაცხადა, ინგლისში გადასვლის გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებიდან მეორე დღეს მიიღო.
ელენმა ჩელტენჰემში, გლოსტერშირში შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ცხოვრება "უბრალოდ, უკეთესია“. მისივე თქმით, ის და მისი მეუღლე, პორტია დე როსი ინგლისში ხელახლა დაქორწინებას განიხილავენ.
"ჩვენ აქ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ჩამოვედით. მეორე დღით, მეგობრებისგან სამწუხარო შეტყობინება მივიღე, მაშინ მივხვდი, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. შედეგად, ინგლისში დარჩენის გადაწყვეტილება მივიღეთ. არ ვართ მიჩვეულები ამ სახის სილამაზეს. სოფლები, ქალაქები და არქიტექტურა - ყველაფერი, რასაც ხედავთ, მომხიბვლელია. ეს ყველაფერი ცხოვრებას უფრო ალამაზებს.

ინგლისში ნოემბერში გადმოვედით საცხოვრებლად, რაც იდეალური დრო არ იყო... ცხოვრებაში პირველად ვნახე თოვლი. აქაურობა ძალიან მოგვწონს. პორტია ცხენებზე ჯირითით ერთობა, მე ქათმები მყავს",- ამბობს ელენი.
ელენ დეჯენერესი 30 წლის განმავლობაში ამერიკული ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანიიყო. 2024 წელს აშშ-ში ბოლო ტურნეზე გაემგზავრა, რის შემდეგაც სახლი იყიდა კოტსუოლდსში და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა.