დემოკრატიაზე "ქართული ოცნების" თავდასხმა სულ უფრო მძიმდება" და "დემოკრატიის უკუსვლას მაღალი ფასი ექნება", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 15 ივლისს, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. ეს ფასი შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერება აღმოჩნდეს. ევროკავშირის სხვა შესაძლო ზომებად კაია კალასმა ასევე დაასახელა ასოცირების შეთანხმების შეჩერება და სანქციები. ევროპელმა მინისტრებმა განიხილეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაც. კაია კალასმა დაადასტურა, რომ "საქართველოს ხელისუფლებას" გაეგზავნა წერილი და მიეცა ვადა აგვისტოს ბოლომდე. ამ ვადაში მან უნდა შეასრულოს ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში 8 პუნქტად გაწერილი რეკომენდაციები. ევროკომისიის მე-7 ანგარიში 2024 წლის 6 დეკემბრით არის დათარიღებული. რეკომენდაციების სიაში ასახულია შემდეგი საკითხებიც: ყველა იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგება არადისკრიმინაციის პრინციპს და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს; საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის ნუსხასთან -ვიზის საჭიროების მქონე მესამე ქვეყნების შესახებ და ა.შ. "ჩვენ არ გვსურს ზიანი მივაყენოთ ქართველ ხალხს და უკან წავიღოთ უვიზო რეჟიმი, რადგან ეს მართლაც მოახდენს ზეგავლენას მათზე, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის ევროკავშირის ავტორიტეტის საკითხიც", - განაცხადა კაია კალასმა. მან ასევე განმარტა, რომ შესაბამისი შედეგები მოჰყვება, როდესაც ქვეყანა ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის პრივილეგიას იღებს, ხოლო ვალდებულებებს არ ასრულებს. მიღებული ზომებით საზოგადოებაც დაინახავს, რომ "მთავრობა არ დგას ევროპულ გზაზე და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს".
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიის კითხვების პასუხად, აპირებს თუ არა ევროკავშირის იმ რეკომენდაციების შესრულებას აგვისტოს ბოლომდე, რომლებიც უვიზო მიმოსვლის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება, განაცხადა, რომ "თუ ასე დადგება საკითხი - მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია - რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია". ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვალერი ჩეჩელაშვილთან:
- ის, რაც ახლა ხდება, "ქართული ოცნების" პოლიტიკის ლოგიკური შედეგია, განსაკუთრებით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ უკვე უნდა მოვემზადოთ იმ სამწუხარო შედეგისთვის, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ევროკომისიის რეკომენდაციებსა და მინისტრების წერილში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მოთხოვნები, მოულოდნელი ამაში არაფერია. ეს უკავშირდება ფუნდამენტურ უფლებებს, რაც, ევროკომისიის შეფასებით, ირღვევა საქართველოში. ამ შეფასებას ეთანხმება ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი, მაგრამ ძალიან გასაგები პასუხები გასცა ამ მოთხოვნებს "ქართულმა ოცნებამ" - ანუ თუ იქნება არჩევანი ამ კანონების გაუქმებასა და ვიზალიბერალიზაციას შორის, ამ უფლების შემლახავ კანონებს არავინ გააუქმებს. შესაბამისად, ჩვენ გარდაუვალად ვუახლოვდებით იმ სამწუხარო თარიღს, როდესაც ევროკომისია გამოაცხადებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერებას.
რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება "ქართულ ოცნებას" იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ოპოზიციას ამაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, მას ამ მოთხოვნების შესასრულებლად არანაირი ინსტრუმენტები არ გააჩნია. შეუძლია მხოლოდ საზოგადოების მობილიზება, დანარჩენ ყველა ინსტრუმენტზე მონოპოლია აქვს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. ერთი ნიუანსიცაა - პროცედურულად ამ გადაწყვეტილებაზე ევროპაში პასუხისმგებელი იქნება ორბანის მთავრობა, რომელმაც ბოლო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაბლოკა ინდივიდუალური სანქციების დაწესების გადაწყვეტილება. ეს საკითხი რომ გადაწყვეტილიყო კონსენსუსით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი არ დადგებოდა დღის წესრიგში. ევროკავშირი იძულებული გახდა მიმართოს ხერხს, რომელსაც არ სჭირდება კონსენსუსი - ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ 27-დან 15 ქვეყნის მხარდაჭერით.
- "ქართულ ოცნებას" ამ 8-პუნქტიანი მოთხოვნების შესასრულებლად დრო აგვისტოს ბოლომდე მისცეს. ცნობილია, რომ სექტემბერში იგეგმება ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს შეკრება. გამოდის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას უკვე სექტემბერში მიიღებენ?
- აშკარად ჩანს, რომ "ქართული ოცნება" ნაბიჯის გადადგმასაც კი არ აპირებს, და ამის მიზეზად იმასაც ასახელებს, რომ თურმე პარლამენტში არდადეგებია და კანონების გაუქმება და ახლის მიღება ვერ მოხერხდება. მოკლედ, საგანგებო სესიას "ქართული ოცნება" ნამდვილად არ მოიწვევს. შესაბამისად, უკვე 1-ლ სექტემბერს საქართველოსთვის ახალი რეალობა დადგება და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველივე სხდომაზე, ალბათ, მიიღებენ ამ სამწუხარო გადაწყვეტილებას.
- ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას რა მძიმე პოლიტიკური შედეგები ექნება, ყველა ვხვდებით, მაგრამ ამას ასევე ექნება ნეგატიური ეკონომიკური ეფექტიც.
- რა თქმა უნდა. ჩვენ შეგვეზღუდება ევროპულ სივრცეში თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა. ეს ავნებს მთელ ქვეყანას, მათ შორის "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსაც. ეკონომიკურადაც მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყანას. საქმე ის არის, საქართველოდან გასული ჩვენი მოქალაქეები დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს რიცხავენ ქვეყანაში ყოველწლიურად და აქედან ყველაზე დიდი წილი ევროპულ ქვეყნებზე მოდის. სხვათა შორის, ამ გადმორიცხვებით აშშ-ის შემდეგ იტალია მეორე ადგილზეა.უამრავმა ადამიანმა სიცოცხლე შეინარჩუნა ვიზალიბერალიზაციის წყალობით. ძალიან შეეზღუდებათ ასევე ჩვენს ახალგაზრდებს ევროპაში სწავლის შესაძლებლობა. ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს სასწავლო პროგრამების შეზღუდვაზეც. საბოლოოდ ქვეყანა, რომელიც ამდენს იბრძოდა იმისთვის, რომ დაახლოებოდა ევროპას, დღეს თვითონ ამბობს უარს ამდენ შესაძლებლობაზე. ბევრი რამ გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში ამ დაახლოებისთვის, მაგრამ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი შესვლა ევროპულ სივრცეში, იყო განსაკუთრებული ნიშნული, რამაც დაგვარწმუნა, რომ ვხდებოდით ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ,
სამწუხაროდ, რაც ხდება, დიდი იმედგაცრუებაა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ დღეს ჩვენი მეზობელი სომხეთი, მიუხედავად იმ რთული ვითარებისა, რომელშიც ის აღმოჩნდა, თანამიმდევრულად უახლოვდება ევროპის კავშირს.
მალე შეიძლება იმ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ უვიზო კავშირი ევროპასთან, სომხეთის მოქალაქეებს კი ექნებათ.
- ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება ევროპასთან კონფრონტაციაზე წასვლით და ვიზალიბერალიზაციაზე უარის თქმით კრემლის დავალებას ასრულებს. თქვენი შეფასებით, რა არის "ქართული ოცნების" მოტივი, როდესაც, ფაქტობრივად, ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაწერილ დასავლურ გეზზე ამბობს უარს სრულიად გაუგებარი შეთქმულების თეორიების მოშველიებით?
- კრემლი უკვე აღარ მალავს, რომ არა მხოლოდ ნატოა მისი მთავარი მოწინააღმდეგე და მტერი, არამედ ევროკავშირიც. ადრე ამას ნიღბავდნენ, არადა, ჩემი აზრით, ყოველთვის ასე იყო. გავიხსენოთ 2013 წელი, როდესაც რუსეთმა სომხეთსა და უკრაინაზე მასშტაბური ზეწოლა მოახდინა, რათა მათ არ მოეწერათ ხელი ასოცირების ხელშეკრულებაზე. ევროკავშირი ყოველთვის წარმოადგენდა და წარმოადგენს დიდ გამოწვევას რუსეთისთვის. საქმე ის არის, რომ ევროკავშირთან კონკურენციაში რუსეთი ყველანაირად აგებს. გასაგებია ევროპული პოლიტიკური თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ბიზნესშესაძლებლობები, სწავლის თუ სოციალური დაცვის სტანდარტები რამდენად განსხვავდება რუსულისგან. ჰკითხეთ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერს ან ფუნქციონერს, სად ურჩევნია გაგზავნოს შვილი სასწავლებლად: ოქსფორდში, კემბრიჯში, სორბონაში თუ მოსკოვის, პეტერბურგის ან ტვერის უნივერსიტეტებში, 100%-ით დასავლურ განათლებას აირჩევს... მოკლედ, რუსეთი ევროკავშირს კონკურენციას ვერაფერში უწევს, ამიტომაც მის ხელთ რჩება მხოლოდ სამხედრო ინსტრუმენტები, კონფლიქტების გაღვივება და მღვრიე წყალში სარგებლის ნახვა. "ქართული ოცნების" ნარატივები პირდაპირ ემთხვევა კრემლისას. თურმე ევროკავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, "დიფ სთეითი" ომს გვაიძულებს და ა.შ. ეს ხალხი ახალგაზრდები არიან, სავარაუდოდ, არ მოუწიათ საბჭოთა კავშირში ცხოვრებამ და ისედაც, წარმოდგენა არა აქვთ, რა ხილი იყო ის ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელსაც პოლიტბიუროს 15 წევრი მართავდა. არც ერთ რესპუბლიკას სიტყვა არ ეთქმოდა და ვერავინ მოახდენდა გავლენას პოლიტბიუროს გადაწყვეტილებებზე. დღეს კი ევროკავშირში კონსენსუსის აუცილებლობის გამო ერთმა უნგრეთმა, შედარებით პატარა ქვეყანამ, დაბლოკა გადაწყვეტილება და ამის უფლება აქვს ნებისმიერ სხვა ქვეყანას, იმის მიუხედავად, რამხელაა... თუ ამ განსხვავებებს საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირს შორის ვერ ხედავენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, უკიდურესად სამწუხაროა.
რატომ აკეთებენ ამას, ამაზე ჩემი პასუხი მაქვს: "ქართულ ოცნებას" არ უნდა იმის თეორიულად დაშვებაც კი, რომ არჩევნების გზით შეიძლება ხელისუფლების შეცვლა. არადა, ეს არის ინსტიტუციური დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება. ჩვენ ვიცით, რა სივრცეში არ ხდება არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა - რუსეთში, ბელარუსსა და მსგავს რეჟიმებში... იმის გამო, რომ "ქართული ოცნების" ამ მთავარ მიზანთან ვერ არის თავსებადი ევროპული ფასეულობების სისტემა, ხელისუფლება ევროკავშირს უპირისპირდება. დავუშვათ, "ქართულ ოცნებას" ჰქონდეს ევროკავშირისგან ასეთი გარანტია, შიგნით რაც გინდათ გააკეთეთ, თვალს დავხუჭავთ, მთავარია, ჩვენი პარტნიორები იყოთო, მაშინ აღარც "გლობალური ომის პარტია" გაახსენდებოდათ, არც "დიფ სთეითი" და ყველაფერი კარგად იქნებოდა ჩვენს დასავლურ ვექტორთან დაკავშირებით, მაგრამ ევროპელებს ასე მოქცევა არ შეუძლიათ, რადგან ეს არის ფასეულობებსა და თანამშრომლობის სტანდარტებზე დაფუძნებული სივრცე. ამ სტანდარტებთან თანხვედრა "ქართულ ოცნებას" ხელს არ აძლევს, რადგან, სულ ცოტა, ამისთვის უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგადაც ის, დიდი ალბათობით, ვერ დარჩება ხელისუფლებაში. გააგრძელეთ კითხვა