გუშინ ღამით, გვიან, ბათუმში, ყოფილი სასტუმრო "რამადას" ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად კაზინოს ფუნქციას ასრულებს, კრიმინალური ავტორიტეტი დერქან ბაშირი თავისი სტუმრების მასპინძლობისას შეიარაღებული თავდასხმის ობიექტი გახდა. ეზოს მხრიდან, შავი ფერის ავტომობილიდან სავარაუდოდ თურქი კრიმინალური ჯგუფის წევრებმა ხუთი გასროლა მოახდინეს.
უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ბათუმში ბოლო დროს მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებზე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
"3 დღის განმავლობაში მეორე გასროლა ბათუმის ცენტრში. წუხანდელი ინციდენტი... გამართლდა ჩემი პროგნოზი — გუშინ ღამით, გვიან, ბათუმში , ყოფილი სასტუმრო 'რამადას' ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად კაზინოს ფუნქციას ასრულებს, კრიმინალური ავტორიტეტი დერქან ბაშირი თავისი სტუმრების მასპინძლობისას შეიარაღებული თავდასხმის ობიექტი გახდა.
ეზოს მხრიდან, შავი ფერის ავტომობილიდან სავარაუდოდ თურქი კრიმინალური ჯგუფის წევრებმა ხუთი გასროლა მოახდინეს. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა ფაქტი აშკარად მიუთითებს კრიმინალური დაპირისპირების სერიოზულ ესკალაციაზე. დიდი ალბათობით, მომხდარს გაგრძელება ექნება, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის, ისე ქალაქის უსაფრთხოების იმიჯს. აღნიშნული ინციდენტი შესაძლოა შეფასდეს როგორც გაუარესებული კრიმინოგენური გარემოს გამოხატულება, რაც მიუთითებს ძალადობრივი ჯგუფების გავლენის ზრდაზე.
საზოგადოებრივი ემოციური მდგომარეობა: მსგავსი ფაქტები ქმნიან შიშის, დაუცველობის და უნდობლობის გარემოს მოქალაქეებს შორის. ადამიანები გრძნობენ, რომ კრიმინალური დაპირისპირება მათ უშუალო გარემოში მიმდინარეობს.ქვეყნისა და ქალაქის პრესტიჟი: საერთაშორისო მედიისთვის ცნობილი გახმაურებული კრიმინალური ინციდენტები აზიანებს ტურიზმს, და ზოგადად საქართველოს, იმიჯს როგორც უსაფრთხო ტურისტული და საინვესტიციო დანიშნულების ადგილის.სამომავლო შედეგები: თუ ეს ტენდენცია არ შეიზღუდა და სამართალდამცავებმა არ გაატარეს მკაცრი რეაგირება, არსებობს რეალური საფრთხე, რომ საქართველო გადასვლას დაიწყებს მაღალი რისკის ზონად — როგორც მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელი ბიზნესპარტნიორებისთვის" - წერს ბაკურიძე.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სროლის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.