ავტორი:

ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობაზე ჩატარებული კვლევის მძიმე შედეგები - 2025 წლისთვის სუპერბაქტერიები შეიძლება მილიონობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდეს

ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობაზე ჩატარებული კვლევის მძიმე შედეგები - 2025 წლისთვის სუპერბაქტერიები შეიძლება მილიონობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდეს

მსოფლიოს 122 ქვეყანაში ანტიბიოტიკების მიმართ პათოგენური ბაქტერიების რეზისტენტობაზე ჩატარებულმა კვლევებმა არცთუ სახარბიელო შედეგი აჩვენა. კვლევის მიხედვით მოდელირებული პროგნოზების თანახმად, 2050 წლისთვის ე. წ. სუპერბაქტერიები შეიძლება მილიონობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდეს და მსოფლიო ეკონომიკას 2 ტრილიონ დოლარამდე ზარალი მიაყენოს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ანიტიმიკრობული პრეპარატების წარმოების ურთიერთშეთანხმებული პოლიტიკის გარეშე, მსოფლიო მშპ-ს დანაკარგი მომდევნო 25 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 1,7 ტრილიონი დოლარით განისაზღვრება.

Center for Global Development-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევების შედეგების თანახმად, ყველაზე მეტად ეს პროცესი აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ქვეყნების ეკონომიკებზე იქონიებს გავლენებს. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა კრიტიკა მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოების მისამართით - მათ მიერ რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ქვეყნებისთვის დახმარების აღმოჩენის შეზღუდვის თუ შეწყვეტის გამო. "ეს პირველ რიგში ისევ ამ სახელმწიფოებისთვის იქნება ზიანის მომტანი", - ამბობენ კრიტიკოსები.

მიუხედავად ამისა, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკვე შეამცირა “ფლემინგის“ ფონდის დაფინანსება, რომელიც მსოფლიოს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში სწორედ მიკროორგანიზმების ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ რეზისტენტობის საკითხებს იკვლევს, 9 მილიარდი დოლარით ამცირებს საგარეო დახმარებებს ტრამპის ადმინისტრაციაც, იმავეს გეგმავს ევროპული ქვეყნების ნაწილი.

როგორც კვლევის ავტორი ანტონი მაკდონელი აცხადებს, ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ მიკრობების რეზისტენტობის მაჩვენებლები ყოველწლიურად იმატებს და გაცილებით აღემატება აქამდე არსებულ ყველა პროგნოზს. თუ ახლა არ მოხდა მნიშვნელოვანი ინვესტირება ბაქტერიული ინფექციების მკურნალობის სფეროში, მომავალში ეს მილიონობით ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს მთელ მსოფლიოში, მათ შორის G7-ის ქვეყნებშიც.

პროფესორმა მოჰსენ ნაღავიმ აღნიშნა:

“თუ ყველა დაინტერესებული მხარე დაუყოვნებლივ არ იმოქმედებს, შესაძლოა არსებული მედიკამენტებმა აღარ იმუშაოს, რაც მარტივ ინფექციებსაც კი სასიკვდილოს გახდის".

მისი თქმით, საჭიროა პოლიტიკის შეცვლა აშშ-ში, ევროპასა და დიდ ბრიტანეთში, ახალი პრეპარატების შექმნა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, რომ ანტიბიოტიკები ვირუსებზე არ მოქმედებს.

თავის მხრივ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია რომ აცნობიერებენ ARM - თან (Antimicrobial resistance - რედ.) დაკავშირებულ საფრთხეებს და მასთან ბრძოლის გეგმა ჯანდაცვის მომავალ 10-წლიან პროგრამაში უკვე გაწერილია, მათ შორის იმ ახლი ვაქცინების საშუალებით, რომელთა შემუშავება უკვე მიმდინარეობს.

წყარო