ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში გარდაცვლილი 9 წლის კანადელი ტურისტის მამა 21 ივლისს დააკავეს.
45 წლის ლუჩანო ფრატოლინის შვილის, 9 წლის მელინა ფრატოლინის მკვლელობა ედება ბრალად. ის მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგონას ცხედარ ნიუ-იორკის შტატში, ტიკონდეროგას მახლობლად, მცირე ტბაში, ლეიკ-ჯორჯის სიახლოვეს იპოვეს.
მამას, რომელმაც მანამდე პოლიციელებს გოგონას გატაცების შესახებ შეატყობინა და მისი მოძებნას მოითხოვა, ბრალი წაუყენეს მეორე ხარისხის მკვლელობასა და ცხედრის დამალვაში.


ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მამა-შვილი შაბათ-კვირას შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა და კონექტიკუტისა და ნიუ-იორკის რამდენიმე ადგილი მოინახულა.
პოლიციის ცნობითვე, ფრატოლინი და მისი ქალიშვილი ვიდეოთვალთვალის კამერებმა სარატოგა სპრინგსში შაბათს, დაახლოებით საღამოს 5:30 საათზე შენიშნეს.
მელინამ დედას ტელეფონით დაურეკა დაახლოებით საღამოს 6:30 საათზე, ვიდრე წყვილი კვებეკში დაბრუნდებოდა, რა დროსაც გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო.
შტატის პოლიციის ცნობით, ფრატოლინმა, სავარაუდოდ, მელინა ამ სატელეფონო ზარიდან გარკვეული დროის შემდეგ მოკლა და მისი ცხედარი წყალში, იმ ადგილას დატოვა, სადაც იპოვეს.
მამაკაცი ეთიოპიაში დაიბადა, მონრეალში ცხოვრობდა და კომპანიის, Gambella Coffee-ს დამფუძნებელია. კომპანიის საიტზე განთავსებულ ბიოგრაფიაში ის ქალიშვილს "მისი ცხოვრების სინათლეს“ და "შთაგონების წყაროს“ უწოდებდა.
პოლიციის ცნობით, მელინას მშობლები 2019 წლიდან დაშორებულები იყვნენ. ის დედასთან ერთად კვებეკში ცხოვრობდა.
მას უფლება ჰქონდა, მამასთან ერთად ემოგზაურა, რომელსაც არ ჰქონდა კრიმინალური ან ოჯახური ძალადობის ისტორია.
ლუჩანომ შვილის გატაცების შესახებ შაბათს, 7:40 საათზე განაცხადა, ის ამტკიცებდა, რომ მელინა თეთრი ფურგონის მძღოლმა გაიტაცა.
პოლიციამ გოგონაზე დაუყოვნებლივ ძებნა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ არ არსებობდა გატაცების თაობაზე რაიმე მტკიცებულება, მამის განცხადებებში კი სერიოზული შეუსაბამობები იყო.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი, ეს ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.