საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს, 22 ივლისს გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, ხოლო ხვალ, 23 ივლისს გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“, - აცხადებენ პროკურატურაში.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი; საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი; შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი; წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის (რომელშიც მათ შორის შედის სოფელი ჩორჩანა) გამგებელი ვაჟა ლომიძე. გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე გამოიკითხნენ სოფელ ჩორჩანას და წაღვლის მცხოვრებლები.