რუსეთი შემდგომი ომისთვის ემზადება და გადაიარაღებაზე 2036 წლამდე, დაახლოებით, 1.1 ტრილიონი აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა კირილ ბუდანოვმა, უკრაინის ელჩების შეხვედრაზე, სახელწოდებით „დაზვერვა, უსაფრთხოება, დიპლომატია: გამარჯვების საერთო სტრატეგია“ განაცხადა.
"რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების სრული მობილიზაციაა მომავალი ფართომასშტაბიანი ომისთვის მოსამზადებლად“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
ამასთან, ბუდანოვის თქმით, რუსები ცდილობენ ჰიბრიდული საინფორმაციო და კიბეროპერაციების განხორციელებას სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე, კონტროლირებადი მედიისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით.
"მოსკოვის მიზანია, ქვეყნებს თავს მოახვიოს მსოფლიოს მომავალი მოწყობის შესახებ საკუთარი ხედვა, სადაც „დიდი“ სახელმწიფოები, პირველ რიგში რუსეთის ფედერაცია, ფლობენ სრულ ძალაუფლებას, მონოპოლიას ყველა კრიტიკულ რესურსზე და ჩაკეტილ წრეში წყვეტენ მსოფლიოს ბედს“, - აღნიშნა ბუდანოვმა.