ლეგენდარული ბრიტანელი მომღერალი, Black Sabbath-ის სოლისტი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"იმაზე მეტი მწუხარებით, ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოხატვა, გაცნობებთ, რომ ჩვენი საყვარელი ოზი ოსბორნი დღეს დილით გარდაიცვალა. ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და სიყვარულით იყო გარშემორტყმული. გთხოვთ ყველას, რომ ასეთ დროს პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს", - წერია მუსიკოსის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდაცვალების მიზეზი განცხადებაში მითითებული არ ყოფილა.

ოსბორნმა ბოლო, გამოსათხოვარი კონცერტი 5 ივლისს გამართა, როცა Black Sabbath თავდაპირველი წევრები 2005 წლის შემდეგ პირველად კვლავ შეიკრიბნენ".
ოზი ოსბორნი და მისი ჯგუფი, ქალაქ ბირმინგემიდან, 1970-იანების დასაწყისში გახდნენ ცნობილები. ის იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი heavy metal-ის ჟანრის და მიიჩნევა როკ-მუსიკის ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად, როგორც ჯგუფთან ერთად, ისე სოლო კარიერით, რაც მას შემდეგ დაიწყო, რაც 1979 წელს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამო ჯგუფიდან დაითხოვეს... შეიძლება ითქვას, რომ მან სამუდამოდ შეცვალა მსოფლიოს როკ-მუსიკის ინდუსტრია.
ჯონ მაიკლ "ოზი“ ოსბორნი 1948 წლის 3 დეკემბერს დაიბადა ბირმინგემში.

ის გამორჩეული მუსიკოსი იყო - გამორჩეული არა მხოლოდ ვოკალით, არამედ ექსცენტრიკულობით სცენაზე და მისტიკური ელემენტების შემოტანით ბენდისა თუ სოლო კარიერაში.
1982 წელს, ერთ-ერთ კონცერტზე ოსბორნს გულშემატკივარმა ესროლა მკვდარი ღამურა, მომღერალმა კი, რომელსაც ეგონა, სათამაშო მესროლესო, ღამურას თავი მოაჭამა.
2019 წელს ოსბორნმა თავმოჭმული სათამაშო ღამურების გაყიდვა დაიწყო.
Black Sabbath-ის ჰიტებს შორისაა სიმღერები: Iron Man, Paranoid, War Pigs, Crazy Train და სხვები.
სულ რაღაც ორი კვირის წინ ოზიმ და Black Sabbath-მა ჩაატარეს გამოსათხოვარი კონცერტი ბირმინგემის "ვილა პარკის“ სტადიონზე - მათ მშობლიურ ქალაქში.
კონცერტის სცენაზე ის ღამურას გამოსახულებიან, შავ ტახტზე იჯდა, თუმცა კვლავ მღეროდა, ჟესტიკულაციებით გამოხატავდა ემოციებს და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ისე, როგორც ძველად.

მას პარკინსონის დაავადების დიაგნოზი 2019 წელს დაუსვეს, რის თაობაზეც 2020 წლის იანვარში თვითონ განაცხადა საჯაროდ. ის ასევე ებრძოდა ჯანმრთელობის სხვა არაერთ პრობლემას.
"ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ ყველამ, - განაცხადა ოსბორნმა ინტერვიუში, რომელიც ამერიკული გადაცემისთვის Good Morning America-ს მისცა ცოლთან, შვილებთან და მენეჯერთან ერთად. - ახალი წლის წინ ბოლო კონცერტი ჩავატარე. შემდეგ ცუდად დავეცი და კისერზე ოპერაცია დამჭირდა, რამაც ნერვულ სისტემაზეც იმოქმედა. ამ ყველაფერს ბოლოს დაემატა დაავადების ამბავიც. ეს არის პარკინსონის მეორე ტიპი..."
ოსბორნი თავდაპირველად უარყოფდა, რომ ავად იყო.
"არ გამომდის საიდუმლოების შენახვა", - თქვა მან ABC-ს ეთერში.
Black Sabbath-ის აღზევება დაემთხვა იმ პერიოდს, როცა რბილი როკ-ენ-როლი უკანა პლანზე გადადიოდა და ახალი თაობა რაღაც უფრო მუქსა და მძიმე ჟღერადობას ითხოვდა. ბირმინგემელებმა მუსიკოსებმა ეს მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილეს, როგორც ტექსტებით, ისე მუსიკით.
მოგვიანებით, როდესაც მუსიკალურ სცენაზე გამოჩნდნენ პანკ-როკი, სპიდ-მეტალი და სხვა მძიმე ჟანრები, ოზიმ მაინც შეძლო სოლო კარიერის შენარჩუნება და განვითარება.
1993 წელს მისი ცოცხალი ალბომი Live & Loud პლატინის მრავალგზის მფლობელი გახდა. 1995-ში მისი ჰიტები Perry Mason და I Just Want You ყველგან ჟღერდა - კაფეებში, დისკოთეკებზე.
2002 წელს ოზიმ თავისი მეუღლე შერონთან და შვილებთან - კელისა და ჯეკთან ერთად - ამერიკულ MTV-ზე წამოიწყო რეალითი შოუ "ოსბორნები“, რომელმაც მათ ტელევარსკვლავობაც მოუტანა. შოუს ოთხი სეზონი გავიდა ეთერში.
ოზის ბოლო სტუდიური ალბომი 2022 წლის შემოდგომაზე გამოვიდა...
სუპერვარსკვლავმა ელტონ ჯონმა "ინსტაგრამზე" დაწერა:
"ის იყო დიდი მეგობარი და საოცარი პიონერი, რომელიც სამუდამოდ დარჩება როკის ღმერთების პანთეონში. ნამდვილი ლეგენდა... ის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ადამიანიც იყო, ვისაც კი შევხვედრილვარ. ძალიან მომენატრება.“
UB40-ის წევრმა ელი კემპბელმა კი აღნიშნა:
"ოზი ოსბორნი იყო ბირმინგემის ნამდვილი ლეგენდა. შენ მხოლოდ კულტურას არ ქმნიდი, შენ განსაზღვრავდი მას. მიჰყავდი ხალხს წინ და არასდროს იხედებოდი უკან".
Rolling Stones-ის გიტარისტმა რონი ვუდმა დაწერა, რომ ძალიან შეძრა ოზის გარდაცვალებამ და გაიხსენა მისი ბოლო კონცერტიც: "რა შესანიშნავი გამოსათხოვარი კონცერტი ჰქონდა ბირმინგემში "Back to the Start’-ის ფარგლებში“.