ავტორი:

"სომხეთი და აზერბაიჯანი ხვდებიან, რომ ახლა რუსეთთან დაშორების დროა... ჩვენ კი უკან-უკან მივდივართ" - საფრთხეები და რისკები, რის წინაშეც ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შემთხვევაში შეიძლება აღმოვჩნდეთ

"სომხეთი და აზერბაიჯანი ხვდებიან, რომ ახლა რუსეთთან დაშორების დროა... ჩვენ კი უკან-უკან მივდივართ" - საფრთხეები და რისკები, რის წინაშეც ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შემთხვევაში შეიძლება აღმოვჩნდეთ

“ჩვენ ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტებიც, რომლებიც საქართველოს მთავრობას გათვლებს შეაცვლევინებს”, - განაცხადა 15 ივლისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.

"რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 15 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით "რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს“.

"თუმცა, ევროკომისიამ თბილისს წერილი გაუგზავნა, რომელშიც გააფრთხილა, რომ თუ აგვისტოს ბოლომდე რამდენიმე პირობა არ დაკმაყოფილდება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიები შეიძლება შეჩერდეს. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად სერიოზულია ეს საბოლოო ვადა, საქართველოს მთავრობა შეიცვლის თუ არა კურსს და რამდენად სერიოზულია ბრიუსელის ნება, რომ იმოქმედოს, თუ თბილისი კურსს არ შეიცვლის? თბილისზე ზეწოლის განხორციელების დარჩენილ ვარიანტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერება რჩება, ნაბიჯი, რომლის გასააქტიურებლადაც კვალიფიციური უმრავლესობა გახდება საჭირო“, - წერს იოზვიაკი.

იოზვიაკის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით "მსგავსი უმრავლესობა ჩნდება, თუმცა წევრებს შორის საკითხი არაპოპულარულია“.

"იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით რვა წევრი სახელმწიფო ამის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს და ამრიგად, არაპროპორციული იქნება“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.

"ქართული ოცნების" ლიდერები ევროკავშირისა და მისი ლიდერების კრიტიკას ე.წ. დიპ სთეითს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ “როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც სჭირდება საქართველო. საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, თუ რა მიზნებით სურდათ კონკრეტულ ჩინოვნიკებს, ევროპელ ჩინოვნიკებს, მათ შორის, ხელისუფლებაში დაებრუნებინათ სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი ადამიანები, კოლექტიური ნაცმოძრაობა... ქართული საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის და სამწუხაროდ, ასევე ევროკავშირის მიმართ ნდობა არის სერიოზულად დაცემული. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს პროცესი შემოტრიალდეს. ამისათვის, პირველ რიგში, კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები უნდა შეეშვან ფიქრს იმაზე, რომ საქართველოში სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი ადამიანები უნდა დაბრუნდნენ“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მან "რუსთავი 2-ის" ეთერში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით თქვა, რომ "ერთი მინუსი, რაც ვიზალიბერალიზაციას აქვს, ეს არის მიგრაციის წახალისება - ვიზალიბერალიზაციის არარსებობის პირობებში, ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში“. კობახიძესავე თქმით, “ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა ეკონომიკაზე არ აისახება”, რომ ”ვიზალიბერალიზაციამ მიგრაცია გამოიწვია და მუშახელი დავკარგეთ”...

"მარტივად, ქუთაისიდან ამდენი ადამიანი რომ ვერ იფრენს, ანუ აღარ იმგზავრებს “ველოსიპედიდან” ავტობუსით, აღარ იყიდის სენდვიჩს, "კოკა-კოლას“, საცურაო კოსტიუმს, რადგან არ ეცოდინება, ვიზას მიიღებს თუ - ვერ, არც მაშინ აისახება ეკონომიკაზე? ავიაკომპანიები რომ გავლენ და ზედ ათასი მათზე მიბმული სერვისი გაღარიბდება, ეგ არაფერი? მუშახელი დავკარგეთო... და რატომ წავიდნენ? ისინი ან უმუშევრები იყვნენ, ან იქ მეტს უხდიან, ხომ? თუ არითმეტიკა იცი, შეადარე, იქიდან რას აგზავნის და აქ რას გამოიმუშავებდა, საქართველოში რომ დარჩენილიყო და მიხვდები. აქ რომ ყოფილიყვნენ, უმუშევრობა არ გაიზრდებოდა? ამას გარდა, პირდაპირ სპირიდონა სულენჯიას ამბავია- არ ექნებოდა “ზედმეტი” და არ იფიქრებდა, არც გაუბედურდებოდა. სსრკ-ის დაშლაც ნეგატიური მოვლენა იყო, რუსის ჯარი აღარ გვიცავს“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ანდრო გოცირიძე, რომელსაც მიმდინარე პროცესების შეფასება ვთხოვეთ:

- ივანიშვილი იმ დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში, რომ ყველას ექნებოდა სამშობლოში ღირსეული სამუშაო ადგილი. მერე, 2019 წლის ინტერვიუში ამბობდა, - ხალხს მივავლენთ ევროპაში სამუშაოდ... რეალობა ესაა, ორ მილიონ სამუშაო ადგილს ვერც 10 და ვერც 20 წელიწადში ვერანაირი ეკონომიკა საქართველოში ვერ შექმნის, ამიტომ, სპეკულაციებს თავი უნდა დავანებოთ და ხალხს ღირსება დავუბრუნოთო... ანუ ხალხისთვის ღირსების დაბრუნებას მათ უცხოეთში დასაქმებაში ხედავდა, დღეს კიდევ თურმე მუშახელის გადინება ვიზალიბერალიზაციის ბრალი ყოფილა...

ახსნაც კი არ არის საჭირო, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან რაოდენ უმნიშვნელოვანესია. გარდა სწავლის, მოგზაურობისა და სამედიცინო მომსახურების შეუფერხებლად მიღებისა, ამ ტიპის რეჟიმთან პირდაპირ არის მიბმული მაღალანაზღაურებად ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების უფლება. თუკი ვიზალიბერალიზაცია გაუქმდება, ევროპაში დასაქმებული ადამიანები წლობით ვერ მოახერხებენ სამშობლოში ჩამოსვლას ან ადგილსამყოფელ ქვეყნებში დროებით ჩასული ოჯახის წევრების მონახულებას. როგორც ბიძინა ივანიშვილის ანალიზიდან ჩანს (და ის ალბათ, სწორედ ანალიზზე დაყრდნობით აკეთებდა თავის დროზე ამ განცხადებას), საქართველო ვერ მოახერხებს ამ რაოდენობის ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შექმნას. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვისას ისინი ან სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ და უმუშევრად დარჩნენ, რაც გარდა ადამიანური ტრაგედიისა, ბიუჯეტისთვის დამატებითი ხარჯია, ან უკანონო ემიგრაციაში გაატარონ ცხოვრების დიდი ნაწილი და შეეზღუდოთ ოჯახთან ურთიერთობა. ორივე შემთხვევა მეტად საზიანოა როგორც ადამიანისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის.

- "ქართული ოცნების“ პროპაგანდაზე რას იტყვით, რომელიც მუდმივად აპელირებს ომის საფრთხეზე, გლობალური ომის პარტიაზე, "დიფ სთეითზე", იმაზე, რომ "ევროპა რყვნის“ და თითქოს "ევროკავშირი ჩვენგან სქესის შეცვლას ითხოვს“, იმას, რომ კაცი ქალი იყოს, და - პირიქით... რას ემსახურება და ვისზეა ეს პროპაგანდა გათვლილი?

- ეს არის ერთი-ერთზე რუსული სახელმძღვანელოდან აღებული პროპაგანდა. ვიდრე საქართველოში ეს მოვლენები განვითარდებოდა, რამდენიმე ხნით ადრე მსოფლიოში ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ეს იყო რუსული პროპაგანდის პოსტულატები - ანუ ის, რომ დასავლეთი აგენტურული მთავრობების მეშვეობით აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ ომს, რომ დასავლეთი ებრძვის ტრადიციებს, ოჯახურ ღირებულებებს და ამის საპირისპიროდ რუსეთი იცავს ამ ყველაფერს. ისიც კი მოვისმინეთ (რაც რუსეთის პროპაგანდის მიერ ბევრჯერ იყო გაჟღერებული), რომ მსოფლიო ცდილობს რუსეთის დემონიზებას, სინამდვილეში, რუსეთი მხოლოდ საკუთარ თავს იცავს. საქართველოში ახლახან მოვისმინეთ ისეთი გზავნილი, რომ იარაღის მიწოდებით მსოფლიომ გადადგა ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში ომი რომ არ შეწყდეს და რუსეთი რომ დამარცხდეს. რუსეთის დამარცხება საქართველოსთვის ყოველთვის კარგი მოვლენა იყო და რატომღაც ჩვენი ხელისუფლების განწყობებში ეს შეიცვალა და რუსეთის დამარცხება თითქოს საქართველოსთვის რამე საზიანო იყოს. ეს წარმოუდგენელია.

პროპაგანდა ჩვენ ისე არ უნდა აღვიქვათ, რომ ის თითქოს ჩვენზე იყოს გათვლილი. ის გათვლილია ადამიანების იმ ნაწილზე, რომელთაც ამისი სჯერათ, ამიტომ აქვს მნიშვნელობა მოსახლეობის სწორად ინფორმირებას. მაგ. ვიზალიბერალიზაციის ნეგატიური შედეგის პრევენციისთვის, ხელისუფლება იყენებს იმას, რომ თითქოს ამის სანაცვლოდ ისინი გვთხოვენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, გახრწნას და უბედურებას. არ არსებობს ერთი მოთხოვნაც კი, სადაც რომელიმე ევროპული ქვეყანა, მით უმეტეს ევროპის კავშირი ჩვენგან ითხოვდეს ამგვარის დაკანონებას, ასეთი რამ აბსოლუტურად არ არსებობს. მეორეც, ერთადერთი, ვისაც აწყობს ლგბტ თემის შევიწროება, ეს არის ტოტალიტარული სახელმწიფოები, ავტორიტარული რეჟიმები, რადგან ისინი ამის მეშვეობით შემდგომ აკონტროლებენ უმცირესობაში მოხვედრილ ადამიანებს და ეს არის ზუსტად ის საბჭოთა გადმონაშთი, რასაც ჩვენ ხშირად ვხედავდით სსრკ-ს დროს - სტიგმატიზებული იყო გარკვეული ურთიერთობები და შემდგომ საბჭოთა კე-გე-ბეს ჰქონდა შესაძლებლობა, ეკონტროლებინა ამ ტიპის ადამიანები დამუნათების, შერცხვენის და რაღაც ამგვარი პრესინგის მეშვეობით. ამიტომ ევროპიდან და დასავლეთიდან ამგვარი მოთხოვნა არასდროს ყოფილა და არც მოსულა ქართულ სინამდვილეში. ბუნებრივია, ეს არის პროპაგანდა, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობს ნაკლებად ინფორმირებული ადამიანების გარკვეული ნაწილი, რაც საკმარისია "ოცნებისთვის“ იმ მყიფე ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რასაც შემდგომ ემატება უკვე ძალოვანი სტრუქტურებიდან გამოყენებული რეპრესიული მექანიზმები. საერთო ჯამში, ამ ყველაფრით, ჯერჯერობით მიზანს აღწევს - ხელისუფლებას ინარჩუნებს. სასაცილოა ეს დიფ სთეითი, დიფ სთეითმა, დიფ სთეითს... ანუ სადღაც, ვიღაც ხალხი არსებობს, ვისაც საქართველოს განადგურება უნდათ, ეს ხალხი ყველას მოერია, ტრამპიც კი დაატყვევა, აი, "ოცნებას“ ვერ ერევა მხოლოდ.

- რა შედეგებს მოიტანს სიმწრით მოპოვებული ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, პოლიტიკურ ჭრილში რომ განვიხილოთ, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ და ვის პასუხისმგებლობას ხედავთ ამ ყველაფერში?

- ეს სამწუხარო რეალობა თუ დადგება, პასუხისმგებლობა იმის კისერზეა, ვისმა პოლიტიკამაც აქამდე მიიყვანა საქართველო. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ძალიან მძიმე შედეგები ექნება საქართველოსთვის როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. პოლიტიკური ასპექტები კიდევ უფრო მძიმეა ამ შემთხვევაში. პირველ რიგში, ეს ნიშნავს ევროპულ კავშირთან ცალსახად დაშორებას, რომელთან ისევ დაახლოების შანსი კიდევ გვექნება თუ არა, ეს რთულად წარმოსადგენია. ვიზალიბერალიზაციაც და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც საქართველოს სწრაფვასთან ერთად, გარეთ განვითარებულმა მოვლენებმა მოიტანა. პოლიტიკური კონტექსტი კიდევ უფრო მძიმე იქნება, პირველ რიგში, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად იმოქმედებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნებისმიერ პერსპექტივაზე, ფაქტობრივად, მოსპობს ამ ყველაფერს იმიტომ, რომ ერთადერთი საინტერესო, რაც შეიძლება ჩვენ გვქონდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის (უფრო ნაკლებად, მაგრამ მაინც) მოსახლეობისთვის, ეს არის ჩვენი კავშირი ევროპასთან და მათი შესაძლებლობა, ჩვენი მეშვეობით დაუკავშირდნენ ევროპას. ომიდან 30-35 წელი გავიდა და იქ წარმოიშვა ახალი თაობა, რომელსაც ასევე არ უნდა რუსეთთან ცხოვრება და ასევე ფიქრობს რაღაც ალტერნატივაზე - საქართველო მათთვის შეიძლება ყოფილიყო ერთადერთი მიმზიდველი ხიდი დასავლეთთან. ეს რეალობაც თუ მოიშალა, მაშინ მათ ჩვენთან საინტერესო ფაქტობრივად, არაფერი აქვთ. პოლიტიკურ ჭრილში ეს უამრავი რისკის გამომწვევია იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პროგრამა, რომელიც ეკონომიკურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, გნებავთ სამხედრო თავდაცვით სფეროს განვითარებას, კიბერუსაფრთხოების და სხვა მიმართულებებს, ყველაფერი ევროკავშირთან ურთიერთობაზე და აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზეა დამოკიდებული.

ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და, ბუნებრივია, ევროპის და აშშ-ს ვაკუუმს რუსეთის ფედერაცია შეავსებს თავისი აგრესიული პოლიტიკით. ის ერთადერთი აქტორია პრინციპში, ვისაც შეიძლება აწყობდეს ჩვენი დასავლეთის ქვეყნებთან დაშორება. რუსეთი ცდილობს არ მოხდეს საქართველოს დაახლოება დასავლეთთან, ჩაიშალოს ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის შესაძლებლობა მანამ, სანამ თვითონ ხელფეხშებოჭილია უკრაინაში და სანამ საქართველოს საკითხების გადასაჭრელად მოიცლის. ამასობაში ხედავთ, როგორ იქცევიან ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები სამეზობლოში - სომხეთს და აზერბაიჯანს ვგულისხმობ, ისინი კარგად და სწორად ხვდებიან, რომ ახლა რუსეთთან დაახლოების კი არა, დაშორების დროა. ორივე ქვეყანას აქვს თავისი მნიშვნელოვანი პრობლემები, სხვათა შორის, სომხეთი ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც ჩამოკიდებული იყო რუსეთზე და რა მოუტანა ამან, ძალიან კარგად ჩანს - კიდევ უფრო გაუღრმავდა ტერიტორიული პრობლემები. ისინი მიხვდნენ, რას ნიშნავდა რუსეთზე ჩამოკიდება და ძალზე სწორი არჩევანი გააკეთეს, ჩვენ კი ყველა მონაპოვარს ვკარგავთ და უკან-უკან მივდივართ.