ავტორი:

Porta Potty-იდან რუს ახალგაზრდებამდე: ახალი ვერსია დუბაიში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის საქმეზე - რას ჰყვება რუსი ბიზნესმენის შვილი უკრაინელ მოდელზე

Porta Potty-იდან რუს ახალგაზრდებამდე: ახალი ვერსია დუბაიში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის საქმეზე - რას ჰყვება რუსი ბიზნესმენის შვილი უკრაინელ მოდელზე

მას შემდეგ, რაც 20 წლის უკრაინელმა OnlyFans-ის მოდელმა, მარია კოვალჩუკმა, რომელიც დუბაიში დაშავებული იპოვეს, ქსენია სობჩაკთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსი ახალგაზრდების მსხვერპლი გახდა, ჟურნალისტს ერთ-ერთი მათგანი, Cinnabon-ის რუსული ფრანშიზის მფლობელის 19 წლის ვაჟი არტიომ პაპაზოვი დაუკავშირდა და მომხდარის საკუთარი ვერსია გაუზიარა.

მანამდე მარიამ განაცხადა, რომ დუბაიში რუსეთიდან ჩამოსული ახალგაზრდების კომპანიაში ისვენებდა. მათ შორის იყვნენ არტიომ პაპაზოვი, მოსკოვის სამედიცინო ცენტრის მფლობელის 19 წლის ქალიშვილი ალექსანდრა მერცალოვა, ბიზნესმენ დავით დოლგანოვის 16 წლის ქალიშვილი მილენა, ასევე 21 წლის მაქსიმ კრაშენინიკოვი და 28 წლის ალექსანდრე ლაპტინსკი.

კოვალჩუკის თქმით, მალე მაქსიმი და ალექსანდრა წვეულებიდან წავიდნენ, დანარჩენებმა კი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა, მის მიმართ მუქარა დაიწყეს. როდესაც გოგონამ წასვლა სცადა, ოთახში ჩაკეტეს და განუცხადეს, რომ ის „მათ ეკუთვნოდათ“ და შეეძლოთ მასთან ის გაეკეთებინათ, რაც სურდათ. ერთ მომენტში მარიამ მაინც მოახერხა გაქცევა და სასტუმროს გვერდით მშენებარე შენობაში დამალვა, მაგრამ პაპაზოვი და ლაპტინსკი დაეწივნენ, სცემეს და სიმაღლიდან გადმოაგდეს.

მარიას მდგომარეობა ტრაგედიის შემდეგ

დაცემის შემდეგ კოვალჩუკი საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ზურგის ტვინსა და თავის ქალაზე რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე სამი დღე იყო ხელოვნურ კომაში. ამჟამად ის ჯერ კიდევ ვერ დადის და ინვალიდის ეტლითა და ყავარჯნებით გადაადგილდება. მარია ნორვეგიაში გადის რეაბილიტაციას.

არტიომ პაპაზოვის ვერსია

პაპაზოვმა უარყო კოვალჩუკის სიტყვები. მან განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მარიამ ნომერი დატოვა, მას არავინ დადევნებია, ხოლო მშენებარე შენობაში ის მხოლოდ ხუთი საათის შემდეგ აღმოჩნდა. არტიომმა ხაზი გაუსვა, რომ მისი სიტყვების დადასტურება შეუძლიათ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებსა და სასტუმროს თანამშრომლებს:

"კამერებზე ნათლად ჩანს, რომ ის ნომრიდან გამოდიოდა, ლიფტში და ფოიეში ძალადობის კვალის გარეშე. და როგორ შეიძლებოდა ხუთი საათის განმავლობაში დავდევნებოდით, თუ მშენებარე შენობა სასტუმროსთან ახლოსაა, და ნომრიდან არავინ გამოსულა? ინტერვიუში არ ამბობს, რომ არსებობენ მოწმეები, რომლებმაც ნახეს, როგორ ადიოდა მარია სამშენებლო ობიექტზე, მას არავინ დადევნებია“. მან ასევე დაადანაშაულა მარიას დედა იმაში, რომ გამოძიების „ყველაზე არსებითი“ დეტალები დაფარა, რადგან, მისი თქმით, საქმით დუბაის პოლიცია, პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური იყო დაკავებული – ყველა მივიდა დასკვნამდე, რომ კოვალჩუკი თავად დაეცა.

არტიომმა აღნიშნა, რომ წვეულებაზე მარია არაადეკვატურად იქცეოდა და ცდილობდა აივნის მოაჯირიდან გადასვლას, ხოლო როდესაც ნომრის დატოვება გადაწყვიტა, "ყველა დამშვიდდა".

"მესამე დღეს საღამოს ისტერიკა დაეწყო, ამბობდა, რომ მასში სიცარიელე იყო და ყველაფერი მოჰბეზრდა. არავისი ნახვა არ სურდა“, – არტიომის თქმით, გოგონამ ნომერში დატოვა ყველა ნივთი, ტელეფონის გარდა, და ხუთი საათის განმავლობაში არ უცდია ნათესავებთან ან პოლიციასთან დაკავშირება.

მარია კოვალჩუკის ვერსია

ინტერვიუში მარიამ განმარტა, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც დუბაიდან ტაილანდში ფრენა გამოტოვა ჩაძინების გამო. სასტუმროდან გამოსვლისას ის შემთხვევით შეხვდა რუს მამაკაცს, რომელიც ერთხელ კარაოკე ბარში ჰყავდა ნანახი. მარიას მდგომარეობის გაგების შემდეგ, მამაკაცმა ის თავის ნომერში დაპატიჟა და უთხრა, რომ ტაილანდში მის კერძო თვითმფრინავით ერთად გაფრინდებოდნენ. მამაკაცს სამი მეგობარი ახლდა – ერთი მამაკაცი და ორი ქალი.

მეორე დღეს ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მამაკაცებმა მის მიმართ აგრესიულად მოქცევა დაიწყეს. „ძლიერ ალკოჰოლს სვამდნენ, მაგალითად, ვისკის. გამიბრაზდნენ, მეჩხუბებოდნენ თუ რატომ არ ვსვამდი. შემდეგ იყო აგრესიული ხელის კვრა, ვითომ ხუმრობდნენ: „შენ ჩვენ გვეკუთვნი. რასაც გვინდა, იმას გიზამთ“. მარიას თქმით მამაკაცები „მიანიშნებდნენ“, რომ მასთან სექსი უნდოდათ, რაზეც მან უარი თქვა.

სიტუაციის გამწვავებისას მარიამ გაქცევა სცადა, მაგრამ ამბობს, რომ მამაკაცებმა ის უკან, ოთახში შეათრიეს. როდესაც ისინი აივანზე გავიდნენ, მან მოახერხა გაქცევა და ახლომდებარე სამშენებლო მოედანზე დაიმალა. შემდეგ მამაკაცებმა იპოვეს და „სცემეს“.

მარია ამბობს, რომ არ ახსოვს თავად ძალადობა, რამაც მისი დაზიანებები გამოიწვია, ხოლო CCTV კადრები წაშლილია.

მამაკაცები, რომლებსაც მარია ადანაშაულებს, დუბაის პოლიციამ დააკავა – მაგრამ მხოლოდ ერთი დღით. მათ წინააღმდეგ ბრალდება არ წაუყენებიათ.

ვინ არის არტიომ პაპაზოვი

არტიომ პაპაზოვს სოციალურ ქსელებში „მაჟორს“ ეძახიან: მისი მამა, ოლეგ პაპაზოვი, Cinnabon-ის რუსული ფრანშიზის მფლობელი. მიუხედავად იმისა, რომ, პაპაზოვი-უფროსის სოციალურ ქსელებში არსებული ფოტოების მიხედვით, ოჯახი დიდი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობს.

რუსული მედიის ინფორმაციით, თავად არტიომი რეგისტრირებულია დედაქალაქის ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში. გარდა ამისა, რუსეთში ცხოვრების პერიოდში პაპაზოვების ოჯახს ეკუთვნოდა ძვირადღირებული ავტოპარკი ისეთი მანქანებით, როგორიცაა Bentley, Porsche, Maserati.

წაიკითხეთ ასევე: