86 წლის ასაკშიც ძალზე აქტიურია. ამბობს, რომ წელიწადში 2 გამოგონებას მაინც არეგისტრირებს. საბჭოთა პერიოდში სამხედრო ქარხნების მთავარ ტექნოლოგად მუშაობდა. გამოგონებებზე 12 პატენტი აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სოფლის მეურნეობის კუთხით განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვის საშუალებებზე აქტიურად მუშაობდა. მათ შორის, ენერგოეფექტური ღუმელებზე, ენერგო სათბურებზე, ენერგოეფექტურ ჩირის მზით საშრობებზე. შემუშავებული აქვს ჩურჩხელების ინფრაწითელი სხივებით შრობის მოწყობილობა.
ავთანდილ ბიწაძე თავის გამოგონებებზე გვიამბობს.
- საინტერესოა ჩურჩხელების ინფრაწითელი სხივებით გაშრობა. მოგვიყევით ამ გამოგონებაზე...
- ჩურჩხელა საქართველოს ბრენდია, ტრადიციული გაშრობის მეთოდით, ძირითადად გარეკანი შრება გული კი - ნაკლებად. თუ რაღაც მეთოდებით გარეკანს კარგად გააშრობენ, შიგნით კაკალი მაგრდება. ინფრაწითელი სხივების დროს კი შრობა შიგნიდან მიმდინარეობს - ჯერ კაკალი და მერე გარე მასა შრება. ასეთ დროს გარეკანი რბილია და მყიდველისთვის მისაღები.
საერთოდ ინდმეწარმე, მცირე მეწარმე ვარ, მაქვს ჩემი საწარმო საშუალებები. ამა თუ იმ პროდუქციის შექმნამდე ჯერ არის იდეა, მერე ნახაზები, საცდელი ნიმუში და პროდუქტის წარმოებაში გაშვება. ჩვენს საწარმოში ყველაფერს ტექნოლოგიების გამოყენებით ვახორციელებთ.
ხალხი დასაქმებულია როგორც ჩემს საწარმოში, აგრეთვე იმ გარე წარმოებებში, რომლებსაც ჩვენთვის საჭირო დეტალების მოწოდება შეუძლიათ. ყველაფერს ლაზერით ვჭრით. ეს თანამედროვე და ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა. ლაზერით გაჭრილ დეტალში შეცდომა არ არსებობს. ყველაფერს აკეთებს, ფიგურულ ზედაპირებს, ნახვრეტების ამოღებას, რაც მუშაზე აღარ არის დამოკიდებული.
- ენერგოეფექტური ღუმლის შექმნის იდეა როგორ გაჩნდა?

- საერთოდ ამ თემას დიდი ხანია ვეჭიდავები. მას მერე, რაც გავეცანი დასავლეთის ქვეყნების პროდუქციებს, აღმოჩნდა, რომ ისინი ღუმელში ცეცხლგამძლე შუშებს ამონტაჟებენ. მერე ინტერნეტში ისიც ვნახე, თუ რა გავლენა აქვს ცეცხლით განათებას ადამიანისთვის. ის ხომ მილიონობით წლის განმავლობაში ცეცხლს უყურებდა? ღუმელების გაჩენამ მისთვის ცეცხლის ხილვა შეზღუდა, რაც მხოლოდ ბუხრების შემთხვევაში დარჩა. მოკლედ, უამრავ მასალას და ინფორმაციას გავეცანი ადამიანისა და შეშის სხივების ურთიერთქმედებაზე, რასაც მხოლოდ დადებითი გავლენა აქვს.
- რა პრინციპით მუშაობს თქვენი ღუმელი?
- მაღალეფექტურობა სჭირდება, რომ მაქსიმალურად დაწვას შეშა და ღუმელმა შეშის ენერგია მაქსიმალურად გამოიღოს. დაწვას ნაკლები შეშა, მაგრამ მეტი ენერგია მივიღოთ. მეტ სითბოს ტოვებს შიგნით ოთახში და გარეთ ნაკლებს უშვებს. ამ ღუმელს 1995 წლიდან ვამზადებთ. 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ დევნილებისთვის სახელმწიფოს შეკვეთით 2000 ცალამდე დავამზადეთ.
მასზე არის, ფართო მოხმარების მოთხოვნილებაა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში. სოფლის პირობებში პურს უმეტესად სახლში აცხობენ, ამიტომ ე.წ. დუხოვკა, ანუ ფურნაკი ვცდილობთ ხოლმე, რომ საკმარისად დიდი იყოს, რომ შიგ ტაფა შევიდეს, რაზეც პური გამოცხვება.
გაზი გამოსაყენებლად კარგია, მაგრამ მაინც საფრთხის შემცველია, პატარა არასწორი მოქმედება - დაუწვავი ან აუნთებელი რომ დარჩეს, აფეთქება ხდება, ამის გამო არასასიამოვნო მომენტები იქმნება. თან მისი მოხმარება ფული ღირს, ხოლო ერთ დღეს რომ გაითიშოს (მსოფლიოში ისეთი კონფლიქტური სიტუაციებია), ადამიანი გათბობისა და პურის გარეშე დარჩება.
ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და საერთოდ მათი კურსი იქითკენაა, რომ ენერგიის წყაროები მაქსიმალურად განახლებადი ენერგიებიდან უნდა იყოს. მათ შორისაა შეშის ღუმელი. ისინი საქართველოს ბუნებრივი რესურსების პოტენციალს აფასებენ და თვლიან, რომ ამ სიმდიდრეს გაფრთხილება უნდა. ამიტომ ჩვენს სახელმწიფოს შესთავაზა, რომ დააფინანსებდა ენერგოეფექტური ღუმელების წარმოებას იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ტყე გაჩეხილიყო. ტყის გაჩეხა კიდევ ღუმლის ელექტროეფეტურობაზეა დამოკიდებული.
გამოცხადდა კონკურსი და აქ მოქმედმა ევროკავშირის ორგანიზაციამ სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეკრულება დაუდო, რომ უზრუნველეყო ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების სტიმულირება. ფინანსებს კიდევ ის ორგანიზაცია გადაიხდიდა.
- გამოდის, დიდი რაოდენობით ღუმლის დამზადებასთან გვაქვს საქმე?
- საკითხი ეხება 30 750 ცალი ღუმლის გაკეთებას. უკვე მესამე წელიწადია პროგრამა მოქმედებს და 2028 წლამდე გაგრძელდება. სამწუხაროდ, გარკვეული არაორგანიზებულობის გამო, ჯერჯერობით მხოლოდ 800 ცალი ღუმელი გაკეთდა. პროგრამა ჩავარდნაზეა, თუ არ მიიღებენ იმ ღონისძიებებს, რომელიც შევთავაზეთ, ამ საქმის დასაჩქარებლად... მარტო გორის რაიონში 100 ღუმლის რეალიზება მოვახერხეთ. ჩვენს ღუმელზე დიდი მოთხოვნილებაა, რადგან ვიზუალურადაც კარგად გამოიყურება - ავეჯს ჰგავს.
ღუმელი 100 კვადრატს თავისუფლად ათბობს... შეკეთება დღეში ალბათ სამჯერ სჭირდება.
- როგორც საუბრის დაწყებამდე მითხარით, ბიოსათბურზეც მუშაობათ, ხომ?

- შემუშავებული გვაქვს და მთავრობას ვეჭიდავებით, რომ დავასრულოთ და მთიან მოსახლეობას ბიოსათბური დავუმზადოთ. ის მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე მოწყობილობაა. მუშაობს ელექტრონულ სისტემებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებია მასში ჩადებული. ის მცირე ფართობი, რომელიც სათბურს აქვს, დაახლოებით 300-400 მეტრკვადრატი ადამიანს წლიურად 76 000 ლარის შემოსავალს მისცემს. ამ შემთხვევაში კი უკვე აზრი ეკარგება იმას, რომ ადამიანი სოფლიდან ქალაქში წამოვიდეს და მე-11 სართულზე იცხოვროს... არადა, სოფლები დღესდღეობით, ფაქტობრივად, დაცლილია, რაც ძალიან მძიმე სურათს ქმნის.
ასევე არის პროდუქტის დეფიციტი, ბევრი რამ უცხოეთიდან შემოდის. ყველაფერი გამოსწორდება, თუ სახელმწიფო მოსახლეობას ბიოსათბურს აუშენებს. უნდა აუშენოს და ოჯახს 4-წლიანი განვადებით მისცეს. იმ შემოსავლით, რაც აქვს, დაფარავს სათბურის ფასს. სათბური ფასი მაღალი იმიტომ არის, რომ მასში მთელი რიგი გამოგონებები გვაქვს ჩაქსოვილი.
- კერძოდ?
- ერთი ჩემი გამოგონებაა, - ბიოგაზის დანადგარებია ჩაშენებული. ასეთია მისი მოწყობილობა, რომელიც საქონლის ნარჩენებისგან, ფეკალიებისგან იღებს გაზს და მეორე ბიოსასუქს გამოყოფს. ბიოსასუქი არ შეიცავს აზოტის ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ჩვენს სოფლის მეურნეობაში გამოიყენება, რაც საბოლოოდ ნიტრატებამდე დადის. აზოტის შემთხვევაში ნიადაგი ღარიბდება, იფიტება, ხოლო ბიოსასუქი, რომელიც ბიოგაზის დანადგარით მიიღება, არის ორგანული მასა. ასეთ დროს ნიადაგი საჭირო აზოტს იღებს, ასევე ორგანულ ნივთიერებებსაც და ნიადაგი სულ უფრო გვალვაგამძლე ხდება.
- ჰიდროპონიკაზეც საუბრობდით...
- დიახ, ამ პროექტში ჩართული გვაქვს ჰიდროპონიკის დანადგარი, თანამედროვე მოწყობილობა, რაც გასული საუკუნის 70-იან წლებში ამერიკაში გამოჩნდა და მერე კი მსოფლიოში. დღეს ისრაელს თავისი მცენარეული უწყვეტი პროცესი ამ ტექნოლოგიით მიჰყავს. ჰიდროპონიკა ნიადაგის გარეშე პროდუქტის მოყვანას ნიშნავს. თაროები სიმაღლეში ეწყობა. კვადრატულ მეტრზე სიმაღლეში თუ 6 თაროა, გამოდის, რომ 6 კვადრატული მეტრი მოსავლით დაიფარება. ეს 30%-ით ზრდის პროდუქტიულობას.
ბიოფერმის ნახაზებში მიშენებული გვაქვს საქონლის ბოსელი, სადაც 4 ძროხა, 4 ხბო და 3 ღორია. მათი ნაკელი უნდა მიეწოდოს ბიოგზის დანადგარს. ბიოგაზი ცვლის შეშას და ტყის გაჩეხაც აღარ იქნება საჭირო.
მესამე წელიწადია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეხვედრას ვთხოვ და იმ დონეზეც ვერ მივედი, რომ ამას მივაღწიო.
პირველი 350 დანადგარი რომ ავაშენე, ამერიკელების ჯგუფმა დაარეგისტრირა საერთაშორისო ფონდებში ბიოგაზის დანადგარის კავკასიაში აშენება. მთავრობას ერთ ლარიც არ დაუხარჯავს. ღუმელებთანაც იგივე სიტუაციაა, - გერმანიის მთავრობა და გერმანიის საზოგადოება ფარავს ხარჯებს... სამწუხაროა, რომ საერთოდ, ძალიან გვიჭირს სიახლეების მიღება და გატანა.
ეკონომიკის სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტია, რომელმაც 150 000-ლარიანი პროექტისთვის კონკურსი გამოაცხადა. მინდოდა, სადემონსტრაციო სათბური გამეკეთებინა, ჩემი წინადადება არაფრით მიიღეს. უარი ორი უცნაური მიზეზით მითხრეს. ერთი - სიახლე არ არის და მეორე - გავრცელებას არ ექვემდებარებაო. კიდევ რაღაც გაუგებარი მიზეზები. ამ ყველაფრის გამო ბიოსათბური ვერ ავამუშავე. არადა, ჩემით როგორ გავაკეთო, 200 000 ლარი ჯდება. ასეთი უცოდინარობა გულდასაწყვეტია. ვიმეორებ, სიახლის გაგონების ეშინიათ. შემთხვევითი კაცი ხომ არ ვარ. მთავარ ტექნოლოგად სამხედრო ქარხნებში ვმუშაობდი და ერთადერთი მთავარი ტექნოლოგი ვიყავი მთელ საბჭოთა კავშირში, რომელიც კომუნისტური პარტიის წევრი არ იყო. იმ თანამდებობაზე ჩემი ცოდნით ვიყავი. ამდენი გამოგონება მაქვს, ამდენი წიგნი... ესეც ფაქტია და სამწუხაროდ ისიც, თუ რა დამოკიდებულებას იჩენს სახელმწიფო ასეთ საკითხებთან მიმართებაში.