ავტორი:

ვინ არის ქართულად ამღერებული ნინი ისრაელის უსაფრთხოების ძალებიდან? -  "ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, საქართველოსთვისაც არის..."

ვინ არის ქართულად ამღერებული ნინი ისრაელის უსაფრთხოების ძალებიდან? -  "ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, საქართველოსთვისაც არის..."

ისრაელის ძალოვანი სტრუქტურის უნიფორმაში გამოწყობილი გოგონა, რომელიც ქართულად მღერის - ამ ვიდეომ ქართული სოციალური ქსელები მოიარა. გადავწყვიტეთ, მოგვეძებნა და ჩვენი მკითხველისთვის გაგვეცნო 19 წლის ნინი ლაზარაშვილი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მართლმადიდებელი ქრისტიანია, მსახურობს ისრაელის უსაფრთხოების ძალებში, კერძოდ, ქვეყნის სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის იბრძვის. დაიბადა ისრაელში, მაგრამ მისი გული საქართველოშიც არის - ქვეყანაში, სადაც ორი წელი იცხოვრა, და რომლის კულტურასაც მუდამ თან ატარებს, სადაც არ უნდა იყოს.

"ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, საქართველოსთვისაც არის - ჩემი ყოველი გადადგმული ნაბიჯი ეკუთვნის ჩემს ორივე სამშობლოს, საქართველოს და ისრაელს,“ - ამბობს ნინი.

ისრაელში სკოლის დამთავრების შემდეგ, გაიარა ფსიქოლოგიის, კრიმინოლოგიისა და სოციოლოგიის კურსები და ბევრისთვის მოულოდნელად, ნებაყოფლობით შეუერთდა ისრაელის უსაფრთხოების ძალებს, არა როგორც ებრაელი, არამედ როგორც ქრისტიანი, რომელიც იცავს წმინდა მიწას.

დღეს ნინი მსახურობს საბრძოლო ზონაში. ამბობს, რომ ომის დროს მსახურება ფიზიკურად და ემოციურად ურთულესია.

"სწავლის დასრულების შემდეგ ავირჩიე გზა, რომელიც ფიზიკურ და ემოციურ გამძლეობას მოითხოვს. ჯარი ჯერ არ დამიმთავრებია - ვმსახურობ, ბრძოლისთვის განკუთვნილ ნაწილში. აქ ქალისა და კაცის მოვალეობებს შორის განსხვავება არ არის“, - ამბობს იგი.

ნინი ფიზიკური გამძლეობის მიღმა, კულტურულ ფრონტზეც არ ნებდება. ისრაელში არაერთ ქართულ ანსამბლში ცეკვავს, მღერის და ფანდურზეც უკრავს.

"შეძლებისდაგვარად ვცეკვავ ისრაელში დაფუძნებულ ქართულ ანსამბლებში, ვმღერი და ფანდურზეც ვუკრავ“.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, ის ემოციით სავსე მღერის საქართველოსადმი სიყვარულზე.

"ემოცია, რომელმაც ჩემი ვიდეო პოპულარულად აქცია, გულწრფელი სიყვარულის გამოხატვა იყო - ეს იყო გზა, რითაც შემეძლო გამომეხატა ჩემი გრძნობები. საქართველოს სიყვარული ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე რთულ წერტილში ვარ’’, - გვიყვება ნინი.

ის მშობლებთან და 14 წლის უმცროს დასთან ერთად ცხოვრობს. სამხედრო სამსახურის გამო ოჯახთან ხშირად ყოფნა უჭირს, თუმცა ცდილობს, თვეში ორჯერ დასვენების დღეები ბოლომდე გაატაროს საყვარელ ადამიანებთან.

"როცა ჯარიდან თვეში ორჯერ ვბრუნდები, მაქსიმალურად ვუნაწილებ დროს ჩემს ოჯახს და მეგობრებს. ამავდროულად ვმართავ კონცერტებსაც, ქართული სიმღერით და ცეკვით - ეს ჩემი შინაგანი ძალაა“.

ნინი ლაზარაშვილის ისტორია იმ იშვიათ შემთხვევას ეკუთვნის, როცა კულტურული იდენტობა, პატრიოტიზმი და სამხედრო სამსახური ერთიანდება მტკიცე ფასეულობად, როგორც ის ამბობს, საქართველოს სიყვარულად წმინდა მიწის გულშიც.

  • ავტორი: მიხეილ ხაჩიძე