ავტორი:

"ბრიჯიტი მამაკაცად დაიბადა და სქესი შეიცვალა... ის და ემანუელი სისხლით ნათესავები არიან" - ბლოგერის სკანდალური ინფორმაციის შემდეგ მაკრონებმა სარჩელი შეიტანეს

"ბრიჯიტი მამაკაცად დაიბადა და სქესი შეიცვალა... ის და ემანუელი სისხლით ნათესავები არიან" - ბლოგერის სკანდალური ინფორმაციის შემდეგ მაკრონებმა სარჩელი შეიტანეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და მისმა მეუღლემ, ბრიჯიტ მაკრონმა, ცილისწამებისთვის სარჩელი შეიტანეს ულტრაკონსერვატიული ბლოგერისა და შეთქმულების თეორიების მოყვარული კენდის ოუენსის წინააღმდეგ.

  • ოუენსი ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის ლიდერის მეუღლე მამაკაცად დაიბადა.

როგორც უცხოური მედია წერს, 218-გვერდიანი სარჩელი შეტანილია აშშ-ის შტატ დელავერის სასამართლოში. მასში ნათქვამია, რომ ოუენსი ავრცელებს "ბოდვით, ცილისმწამებლურ და თითიდან გამოწოვილ ფაბრიკაციას".

ოუენსს, რომელსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავს, არაერთხელ განუცხადებია, რომ ბრიჯიტ მაკრონმა ოდესღაც სქესი შეიცვალა. მან ასევე გამოუშვა ვიდეოების სერია სახელწოდებით "გარდაქმნა ბრიჯიტად".

შეთქმულების თეორია, რომელიც წლებია სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ამტკიცებს, რომ საფრანგეთის პირველი ლედი დაიბადა ჟან-მიშელ ტრონიეს სახელით (რომელიც სინამდვილეში მის ძმას ჰქვია). ეს თეორია არაფრით არ არის დადასტურებული.

BBC-მ ოუენსს სარჩელთან დაკავშირებით კომენტარისთვის მიმართა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ადვოკატების მეშვეობით განაცხადეს, რომ არაერთხელ სთხოვეს ოუენსს უარი ეთქვა ამ ბრალდებებზე, მაგრამ "საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი გზა სასამართლოსთვის მიმართვა იყო“.

მაკრონები აცხადებენ, რომ ოუენსმა უგულებელყო ყველა მტკიცებულება მისი განცხადებების სიცრუის შესახებ და განზრახ წამოიწყო მთელი ცილისმწამებლური კამპანია.

მაკრონები ოუენსს კიდევ ორ პუნქტში ადანაშაულებენ ტყუილში: სარჩელის თანახმად, მან განაცხადა, რომ ემანუელი და ბრიჯიტი სისხლით ნათესავები არიან, ასევე ამტკიცებდა, რომ მაკრონი "საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ განხორციელებული გონების კონტროლის პროგრამის ფარგლებში“.

"თუკი ოდესმე ყოფილა ცილისწამების აშკარა შემთხვევა, ეს სწორედ ის არის", – განაცხადა ადვოკატმა ტომ კლერმა, რომელიც წყვილის ინტერესებს წარმოადგენს.