გამოცემა Ynet პალესტინურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ "ჰამასის" მოკლული ლიდერის, იაჰია სინვარის ქვრივი, ღაზიდან შვილებთან ერთად ყალბი პასპორტებით გაიქცა და ამჟამად თურქეთში ცხოვრობს, სადაც ხელახლა დაქორწინდა.
"ამას ლოჯისტიკური მხარდაჭერა და მაღალ დონეზე კავშირები, დიდი რაოდენობით ნაღდი ფული სჭირდებოდა, რაც ღაზის საშუალო მაცხოვრებელს არ აქვს“, - თქვა წყარომ და აღნიშნა, რომ აბუ ზამარმა სხვა ღაზელი ქალის სახელი და პასპორტი გამოიყენა.

რაც შეეხება მის ხელახალ ქორწინებას, ცერემონია თურქეთში "ჰამასის" პოლიტბიუროს მაღალჩინოსანმა, ფათი ჰამადმა მოაწყო. წყაროს ცნობით, ჰამადი წარსულში "ჰამასის" წევრებისა და მათი ოჯახების ღაზიდან უკანონოდ გაყვანასთან იყო დაკავშირებული.
სხვა წყაროებმა Ynet-ს განუცხადეს, რომ "ჰამასმა" დიდი ხნის წინ შექმნა სისტემა, რომლის საშუალებითაც, მისი ხელმძღვანელობის ოჯახების გაყვანას ახერხებდნენ ყალბი პასპორტების გამოყენებით, ფიქტიური სამედიცინო ჩანაწერებით და მხარდამჭერი ქვეყნების საელჩოების დახმარებით.
წყაროს ცნობით, სინვარის ძმის, მუჰამედის ქვრივმა, ნაჯიამ, ღაზის სექტორი იმავე მეთოდით დატოვა და სავარაუდოდ, თურქეთში გაემგზავრა.