ავტორი:

"ისინი მდიდრულად ცხოვრობენ ზღვისპირა ქალაქში" - რა კავშირი აქვს ბათუმში დაჭრილ თურქ კრიმინალს გალიფ ოზთურქთან: ახალი დეტალები

"ისინი მდიდრულად ცხოვრობენ ზღვისპირა ქალაქში" - რა კავშირი აქვს ბათუმში დაჭრილ თურქ კრიმინალს გალიფ ოზთურქთან: ახალი დეტალები

ბოლო პერიოდში ბათუმში გახშირდა კრიმინალური ინციდენტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი გახმაურებული შემთხვევა, რომლებიც სავარაუდოდ ერთმანეთთანაა კავშირში.

18 ივლისი: მკვლელობა ბათუმის რესტორანში

ბათუმში, რესტორანში, თურქი მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ეს ინციდენტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს 21 ივლისს მომხდარ სროლასთან, რაც კრიმინალური დაპირისპირების ესკალაციაზე მიანიშნებს.

21 ივლისი: თავდასხმა დერქან ბაშირზე

ღამით, ბათუმში, ყოფილი სასტუმრო "რამადას" ტერიტორიაზე (ამჟამად კაზინო), კრიმინალური ავტორიტეტი დერქან ბაშირი შეიარაღებული თავდასხმის ობიექტი გახდა. ეზოს მხრიდან, შავი ფერის ავტომობილიდან სავარაუდოდ თურქი კრიმინალური ჯგუფის წევრებმა ხუთი გასროლა განახორციელეს. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა კაზინოს კარი და ფასადის ნაწილი დაზიანდა.

დერქან ბაშირი

გამოძიება და დაკავებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) სროლის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შსს-მ დააკავა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1995 წელს დაბადებული ფ.ქ. და 1989 წელს დაბადებული ი.გ.

მათ ბრალად ედებათ:

  • ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა (სსკ 239-ე მუხლი)
  • ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება (სსკ 236-ე მუხლი)
  • განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა (სსკ 260-ე მუხლი)

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა კაზინოს მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათ პირად და საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვინ არის დერქან ბაშირი?

დერქან ბაშირი თურქეთში ძებნილი კრიმინალური ავტორიტეტია, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. ის სავარაუდოდ, 5 მილიარდ ევრომდე ოდენობის ვირტუალური სათამაშო ბიზნესის სქემის ერთ-ერთი ლიდერის, ვეისელ შაჰინის, "მარჯვენა ხელი“ იყო. ბაშირს ბრალი ედება ფულის გათეთრებასა და უკანონო აზარტული თამაშების ორგანიზებაში.

2018 წლის 13 აპრილს, ბაქირქოის მე-10 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ოთხი საათის შემდეგ იგივე სასამართლომ მისი დაკავებისა და დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოიტანა. ამის შემდეგ ბაშირი გაუჩინარდა და საბოლოოდ საქართველოში, კერძოდ ბათუმში, იპოვეს. ის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირის წინ საქართველოში დააკავეს, რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

კავშირი გალიფ ოზთურქთან

თურქული მედიის ინფორმაციით, დერქან ბაშირი ბათუმში თურქული "მეტრო ტურიზმის" მფლობელ გალიფ ოზთურქთან ერთად მდიდრულად ცხოვრობს. ოზთურქიც თურქეთის მიერ იძებნება 1996 წელს განზრახ მკვლელობის წაქეზებისთვის, რისთვისაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში დამტკიცების შემდეგ ის ქვეყნიდან გაიქცა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ბაშირი და ოზთურქი ბათუმში ერთობლივ ბიზნესს ფლობენ, მათ შორის სავაჭრო ცენტრსა და სასტუმროს. ბაშირი ასევე ფლობს რესტორანს "90’S Ocakbaşı", სადაც ხშირად მასპინძლობს სტუმრებს ოზთურქიც. არსებობს ეჭვი, რომ ისინი საქართველოდან მართავენ ვირტუალური აზარტული თამაშების ქსელს.

თურქული მედია ოზთურქისა და ბაშირის ახლო ურთიერთობაზე ხშირად წერს

კავშირი დილან და ენგინ პოლატების საქმესთან

2024 წლის 4 ოქტომბერს, სასამართლომ მიიჩნია, რომ დილან და ენგინ პოლატების ფულის გათეთრების საქმის დერქან ბაშირის საქმესთან გაერთიანება უნდა მომხდარიყო. ვარაუდობენ, რომ პოლატები უკანონო სათამაშო ბიზნესიდან მიღებულ თანხებს ბაშირს გადასცემდნენ. სასამართლოს განცხადებით, ბაშირის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში მოყვანილი დანაშაულები პოლატების საქმეში არსებულ ბრალდებებს ემთხვევა, რაც ამ ორი საქმის ერთობლივად განხილვას მოითხოვს.

ფოტოზე დაკავებული პოლატები

საზოგადოების შეშფოთება

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აღნიშნავს, რომ ბათუმში ბოლო დროს მომხდარი კრიმინალური შემთხვევები მიუთითებს კრიმინალური დაპირისპირების სერიოზულ ესკალაციაზე. მისი თქმით, მსგავს ინციდენტებს გაგრძელება ექნება, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნისა და ქალაქის უსაფრთხოების იმიჯს. ბაკურიძის თქმით, ეს ფაქტები გამოხატავს გაუარესებულ კრიმინოგენურ გარემოს და მიუთითებს ძალადობრივი ჯგუფების გავლენის ზრდაზე.

წაიკითხეთ ასევე: