14 წლის გიორგი ავაგუმაშვილის შესახებ პირველად ორი თვის წინ მოგიყევით. მას იშვიათი დაავადება - ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება აქვს, რომლის მართვაც, გამწვავების შემდეგ, საქართველოში ვეღარ ხერხდებოდა. ახლა, თურქეთის კლინიკაში ჩატარებული ღეროვანი უჯრედების გადანერგვიდან მეოთხე კვირაა გასული და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა ოჯახს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხის შეგროვება ესაჭიროება, რათა გიორგიმ სრულფასოვნად გააგრძელოს ცხოვრება.
გიორგი თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში წევს. სამი კვირის წინ მას სასწრაფოდ ჩაუტარდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, რომლის ღირებულებაც 90 000 დოლარი იყო. ამ ეტაპზე თანხის ნაწილი უკვე გადახდილია, თუმცა ოჯახს კიდევ 35 000 დოლარი აქვს დასაფარი. ამაში მათ საზოგადოების გვერდში დგომა სჭირდება. ოჯახი უზომოდ მადლიერია იმ ადამიანების, ვინც უკვე გამოხატა თანადგომა.
გიორგიმ ყველაზე რთული პერიოდი გადაიარა. ახლა ყველაფერი დროზე და მის ორგანიზმზეა დამოკიდებული, რათა მან საბოლოოდ დაამარცხოს დაავადება და დაუბრუნდეს სრულფასოვან ცხოვრებას.
გიორგის დედა, ელენე შავთვალაძე, შვილთან ერთად თურქეთში იმყოფება და მის ჯანმრთელობაზე საუბრობს:
"ბავშვთან ერთად თურქეთში ვარ, მას ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება დაუდგინდა 7 წლის წინ – მისი ორგანიზმი ვერ ებრძოდა სოკოვან და ბაქტერიულ ინფექციებს. ბოლო დროს დაავადება გამწვავდა – თებერვლიდან საავადმყოფოში ვართ, ჯერ თბილისში იყო გიო ჰოსპიტალიზებული ღვიძლის აბსცესით, 4 დრენაჟით იწვა. შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაურთულდა მდგომარეობა ფილტვის სოკოვანი ინფექციით, რომლის მართვა საქართველოში ვეღარ მოხერხდა და მოგვიწია სასწრაფოდ თურქეთში წამოსვლა.
ორი თვე აქ ვმკურნალობდით, რაც 60 000 დოლარი დაჯდა. ამ თანხის ნაწილი, 10 000 დოლარი, სახელმწიფომ დაგვიფინანსა, დანარჩენი თანხა პირადი სახსრებით და ხალხის დახმარებით მოგროვდა. ასე შევაკოწიწეთ ეს ფული და ვუმკურნალეთ ჩემს გიორგის.
შემდეგ ბავშვს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა იმავე კლინიკა „მემორიალში“. ეს ოპერაცია 90 000 დოლარი დაჯდა. ახლა დაგვრჩა გადასახდელი 35 000 დოლარი. ისევ გვიწევს საზოგადოებისთვის იმის თხოვნა, რომ გვერდში დაგვიდგნენ, რადგან პირადად ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ. გიორგისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, რომ მან სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრება.“
ელენე შავთვალაძის თქმით, ტრანსპლანტაციისთვის სახელმწიფო დახმარებაზეც იყო დამოკიდებული ოჯახი, თუმცა სრულად ვერ მიიღეს ის, რასაც ელოდნენ:
"თბილისის მერიას რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ უარი გვითხრეს იმ მოტივით, რომ გიორგის დიაგნოზი არ შედის იმ დაავადებების ჩამონათვალში, რომლებიც გათვალისწინებულია თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამაში. ისევ მოგვიწია ჩვენით სახსრებით მოძიება.
თბილისის ჯანდაცვის სამინისტრომ რეფერალური პროგრამის ფარგლებში 20 000 დოლარით დაგვაფინანსა, თბილისის მერიამ და მერის ფონდმა 15 000 დოლარით, ბათუმის ჯანდაცვის სამინისტრომ და მერიამ კი 9 500 დოლარით დაგვიფინანსა უშუალოდ დონორის ხარჯები (რადგან მამა ბათუმშია ჩაწერილი). თანხა არ გვქონდა სრულად, მაგრამ ყოველი დღე მნიშვნელოვანი იყო და გიორგის სამი კვირის წინ ჩაუტარდა ტრანსპლანტაცია. ახლა კლინიკის დავალიანება გვაქვს 35 000 დოლარი.“
გიორგის დედა აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, მისი შვილი ძლიერია და გამოჯანმრთელების იმედი აქვს:
"გიორგის მდგომარეობას რაც შეეხება, ბავშვმა გადაიარა ყველაზე რთული პერიოდი, ახლა ყველაფერი დროზე და მის ორგანიზმზეა დამოკიდებული. დღემდე მიკვირს, როგორ მოგროვდა ამხელა თანხა. ძალიან მადლიერი ვარ ყველა ადამიანის, ვინც გვერდში დაგვიდგა. იმედი გვაქვს, რომ ბოლომდე მივალთ.
ისევ ვრჩებით თურქეთში, კიდევ სამი თვე გიორგის აქ უწევს ყოფნა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. ვიქირავეთ ბინაც, რომ კლინიკიდან იქ გადავიყვანოთ. წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოგვიწევს კონსულტაციაზე ჩამოსვლა. რაც მთავარია, ექიმები ძალიან კმაყოფილები არიან. გიორგის მთავარი ექიმი ღვთის საჩუქარია - გიოს სულ აიმედებდა, აუცილებლად გამოჯანმრთელდებიო. რა ეტაპებიც დაგეგმა, ზუსტად ისე წარიმართა ყველაფერი.
ამ ეტაპზე გიორგი კარგად რომ გრძნობს თავს, ამას რომ ვუყურებ, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი თვეა, კლინიკაში ცხოვრობს, ყოჩაღად არის, იმედიანად არის და აქეთ გვაწყნარებს ყველას, გვეუბნება, ყველაფერი კარგად იქნებაო.“
გიორგის სიცოცხლის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი მამამ შეასრულა:
"დონორი იყო გიორგის მამა. ექიმს ერჩივნა, რომ სისხლით ნათესავი ყოფილიყო დონორი და ყველაფერმა ჩაიარა ძალიან კარგად. მამაც კარგად არის, კლინიკიდან გაეწერა, მაგრამ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.“
გიორგის სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ყველას გვჯერა ამის და ვაგრძელებთ ბრძოლას. ახლა გაღებული თითოეული ლარი უმნიშვნელოვანესია 14 წლის გიორგისთვის.
თუ გსურთ, დაეხმაროთ გიორგის, შეგიძლიათ დარეკოთ საქველმოქმედო ზარზე ან თანხა ჩარიცხოთ საბანკო ანგარიშებზე: