ავტორი:

"მოვიდეს კალაძე და დაგველაპარაკოს" - თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლები მერთან შეხვედრას ითხოვენ, კახა კალაძე მისვლას არ აპირებს: რა ხდება ადგილზე

"მოვიდეს კალაძე და დაგველაპარაკოს" - თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლები მერთან შეხვედრას ითხოვენ, კახა კალაძე მისვლას არ აპირებს: რა ხდება ადგილზე

თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლები, რომელთა გამოსახლების პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს, დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ.

  • როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, დედაქალის მერი ვალდებულია, ადგილზე მივიდეს და პროცესს გაეცნოს.

"არ ვაპირებთ არსად წასვლას. მოვიდეს კალაძე და დაგველაპარაკოს. ის ხომ მერია?! არ აინტერესებს, აქ რაც ხდება?!“,- აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელმაც მიმდინარე პროცესების შესახებ დედაქალაქის მერიაში დარეკა.

ადგილზე ასევე იმყოფებოდა კრედიტორი მხარის, კომპანია, „ბლეს ქსი ფროფერთისის” წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ მზად არიან 5-მდე პირს შეხვდნენ და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელონ.

"კომპანიის თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე. შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. რაც შეეხება მაცხოვრებლებს, რომლებიც ობიექტზე უკანონოდ არიან შეჭრილები, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ერთად კოორდინირებულად ვმუშაობდით და დღემდე ვერ მოხდა კონსესუსი. მაცხოვრებლებმა ორი ადამიანი გამოყვეს და ითხოვეს 1 თვე, რადგან სჭირდებოდათ საცხოვრებლის მონახვა, ჯანდაცვისა და მერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოება, შესაბამისად, პროცესი გადაიდო 2 თვით. 2 თვეა გასული და ეს მოცემულობა გვაქვს. თანხმობას ვაცხადებთ, ადამიანები მინიმალურით, საცხოვრებელი ფართის ქირაობით დავაკმაყოფილოთ, თუმცა აქაც არ არის ერთსულოვნება. ზოგი ამბობს რომ თანხაა, ზოგი არა. გამოგვიყონ 2-5 ადამიანი და გადავწყვიტოთ პრობლემა”, - აღნიშნავს გიორგი ჩაფიძე.

  • თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა კახა კალაძემ და განმარტა, რომ შენობის მესაკუთრეს სასამართლოში დავა აქვს მოგებული.

"ეს არის კერძო საკუთრება. აქ მერიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაფერ შუაში არ არის. ეს იყო კერძო საკუთრება და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. კერძო მესაკუთრეს მოგებული აქვს აღნიშნული დავა. ამ შენობა-ნაგებობაში შეჭრილი იყო ადამიანების გარკვეული რაოდენობა. შენობა არის ავარიული. შესაბამისად, საჭიროა მისი გამოთავისუფლება. გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, არის ავარიულიც და ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოხდება მათი გამოყვანა. სხვათა შორის არის 9 ოჯახი, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და ქირით გაყვანა. 2 უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული წინადადებებით, დანარჩენები არ დაეთანხმნენ აღნიშნულს“,- აღნიშნა კალაძემ.

შესაბამისი კითხვის საპასუხოდ კი, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ადგილზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს, მისვლას არ აპირებს.

„მისვლას არ ვაპირებ, რადგან პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მუნიციპალიტეტის თემა არ არის. აღსრულების საკითხია და მიმდინარეობს გამოსახლება. ეს იგივეა, თქვენს საკუთარ საცხოვრებელში რომ ვიღაც შეიჭრას და დასახლდეს. ეს არის კერძო საკუთრება.

რა პირობები შესთავაზეს არ ვიცი, ვერ გეტყვით. შესაბამის უწყებას უნდა დაუსვათ ეს შეკითხვა“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს - ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მაცხოვრებლები აღნიშნავენ, კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება გამოსახლება, რომელიც ადგილობროვების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.

წაიკითხეთ ასევე: