განახლებული, სრული გამოცემა დეტექტიური ლიტერატურის მოყვარულებისთვის.ძნელია იპოვო მკითხველი, რომელსაც არ გაუგონია შერლოკ ჰოლმსის სახელი. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მის გენიალურ შემქმნელს, ართურ კონან დოილს, მთელი ცხოვრება უწევდა ბრძოლა სწორედ ამ პერსონაჟთან — ზოგჯერ მისგან თავის დაღწევა სურდა, უკვდავებას სწორედ მისით მიაღწია.
კონან დოილი პროფესიით ექიმი იყო და მწერლობა მისთვის თავიდან მხოლოდ შემოსავლის წყარო გახლდათ. 1887 წელს, როდესაც მისი პირველი რომანი „ალისფერი კვალი“ გამოქვეყნდა, არავის ეგონა, რომ ეს პუბლიკაცია სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟს წარმოგვიდგენდა. შერლოკ ჰოლმსის მეთოდური აზროვნება, გამჭრიახობა და ექსცენტრიულობა იმდენად გულში მოხვდა მკითხველს, რომ მწერალი იძულებული გახდა, „დაღუპული“ გმირი მკვდრეთით აღედგინა — საზოგადოების განაწყენებამ ისიც აჩვენა, რომ ჰოლმსი მათთვის უბრალოდ პერსონაჟი აღარ იყო.
რატომ უყვართ შერლოკი მთელ მსოფლიოში?
შერლოკ ჰოლმსი მხოლოდ დეტექტივი არაა. ის სიმბოლოა ლოგიკისა და გონებრივი სიმშვიდის, ქაოსური სამყაროს ფონზე. შერლოკი ისეთი გმირია, რომელიც თავად ადგენს წესებს, მაგრამ მაინც მორალის ერთგული რჩება. მისი თითოეული გამოძიება ნამდვილი თავსატეხია მკითხველისთვის, რომელიც ბოლომდე ვერ ხვდება, როგორ განვითარდება მოვლენები და ცნობისმოყვარეობით მიჰყვება მათ.
საინტერესოა, რომ შერლოკ ჰოლმსის ამბები არაერთ ენაზეა თარგმნილი და პერსონაჟზე ათობით ფილმი, სერიალი და სპინ-ოფია შექმნილი. ჰოლმსი ისევე ახლოსაა XXI საუკუნის მკითხველთანაც, როგორც თავის დროზე ვიქტორიანული ინგლისის მოსახლეობასთან იყო.
ხუთტომეული — კონან დოილის მოთხრობების ახალი ცხოვრება
ხშირად მკითხველისთვის რთული გასარკვევია, რომელი გამოცემა მოიცავს ართურ კონან დოილის ავთენტურ ტექსტებს და რომელი — მოგვიანებით გადამუშავებულ ვერსიებსა თუ ადაპტაციებს. სწორედ ამ მიზეზით, ხუთტომეული, რომელიც სულ მალე გამოვა ქართულ ენაზე, წარმოადგენს ლიტერატურულ მოვლენას.
ხუთ ტომში გაერთიანებულია ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ყველა ორიგინალური ნაწარმოები შერლოკ ჰოლმსზე:
4 რომანი და ქრონოლოგიურად დალაგებული 56 მოთხრობა ხუთ წიგნად გამოიცემა და განსაკუთრებული შენაძენი იქნება დეტექტიური ლიტერატურის მოყვარულებისთვის.
პირველ ტომში წაიკითხავთ რომანს „ალისფერი კვალი“ და მოთხრობებს კრებულიდან „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“; მეორე ტომში _ „ოთხთა ნიშანსა“ და „შერლოკ ჰოლმსის მოგონებებს“, რომელშიც 11 მოთხრობა შედის; მესამე ტომში დაგხვდებათ 13 მოთხრობისგან შემდგარი „შერლოკ ჰოლმსის დაბრუნება“, ხოლო მეოთხე ტომი „ბასკერვილების ძაღლსა“ და მოთხრობების კრებულს, „უკანასკნელ თავის დაკვრას“, დაეთმობა; მეხუთე ტომში კი „შიშის ველთან“ ერთად გაეცნობით იმ მოთხრობების ახალ თარგმანებს, რომლებიც თავმოყრილი იყო ართურ კონან დოილის ბოლო კრებულში „შერლოკ ჰოლმსის საქმეთა არქივი“.
რატომ უნდა წაიკითხოთ ეს გამოცემა?
ამ გამოცემის მთავარი ღირსება ისაა, რომ აერთიანებს ყველა იმ ორიგინალ რომანსა თუ მოთხრობას, რომლებიც ართურ კონან დოილმა შერლოკ ჰოლმსის შესახებ დაწერა. ჩვენს ძველ გამოცემაში არ შედიოდა ამ ხუთტომეულის მეხუთე წიგნი, „შერლოკ ჰოლმსის საქმეთა არქივი“, რომელიც ცოტა ხნის წინ პირველად ვთარგმნეთ ქართულად და გამოსაცემად მოვამზადეთ. ასევე, შევავსეთ წინა ტომებიც, რომლებსაც რამდენიმე მოთხრობა აკლდა. ამიტომაც, ჩემი აზრით, ყველასთვის, ვისაც უნდოდა, რომ შერლოკ ჰოლმსის სრულყოფილი, კანონიკური გამოცემა ჰქონოდა, ეს ხუთტომეული დიდი საჩუქარი იქნება.
პროექტის მენეჯერი, თაკო წულაია
R