ეთერი სხირტლაძე - კანთელაძე რაჭაში, ლუხუნის ხეობაში, სოფელ ლიხეთში ცხოვრობს. მართალია, თავად ამბობს 98 ი- ს ვარო, თანაც მტკიცებულებად უძველეს დაბადების მოწმობას იშველიებს, თუმცა მისსავე შთამომავლობას თუ დავუჯერებთ, ამ საბუთში არც დაბადების წლის აღმნიშვნელი თარიღია მართალი, არც თვე და რიცხვი...
"პასპორტში 5 იანვარი მიწერია,მაგრამ ისე აგვისტოში ვარ დაბადებული..." - გვეუბნება ის. საუბარში მისი შვილთაშვილი, 16 წლის ნინი ერთვება: "ჩემს დიდ ბებიას დაბადების დღე კი არა, დაბადების თვე აქვს, აგვისტო რომ იწყება, სულ მაგის დაბადების დღეა" ( იცინის). ჰოდა, რაღაა დარჩენილი აგვისტომდე, ambebi.ge ქალბატონ ეთერს რაჭაში ესტუმრა.
ეთერ სხირტლაძე - კანთელაძე:
ბედნიერებაა ამოდენა მონაგარს რომ ესწრები, ვხედავ შვილთაშვილებს, მათ შვილებს, რომლებიც ძალიან კარგები არიან. ოთხიდან ორი შვილი აღარ მყავს, ქმარიც ცოცხალი აღარ არის, მაგრამ სიკვდილი მაინც არ მინდა. რაც არ უნდა თქვა, სიცოცხლე და სული ტკბილია. უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი სიცოცხლეს, ამაზე დიდი საჩუქარი არაფერია.

- მაინც რამხელაა თქვენი მონაგარი, შვილები, შვილთაშვილები და იმათი შვილები სულ რამდენია?
- თქვენ დათვალეთ! (იცინის და იქვე მყოფ შვილს და შვილთაშვილს ეუბნება, რომ თვლაში დაეხმარონ... ისინიც მონდომებით ითვლიან და იცინიან, - მგონი, ჩვენც აგვერიაო. მერე მეუბნებიან, - ბევრი ვართ, მარტო შვილთაშვილების და მათი შვილების რაოდენობა 23 - ს უტოლდებაო - ე.ა.).
- ქალბატონო ეთერ, რა არის თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო?
- აქამდე არ მიფიქრია ამაზე... ადრე საქმეს როგორ ჩქარაც ვაკეთებდი, ისე დღეს ვეღარ ვაკეთებ და ვგრძნობ, რომ დიდი დრო გავიდა... ჩქარა ვერ ვაკეთებ, თორემ ისე მაინც ბევრს ვმუშაობ. ერთი ის არის, რომ ყურთასმენა დამიქვეითდა, ესეც იმ საძაგელმა კორონამ დამიტოვა...

- ეს ბოსტანი რომ გვაჩვენეთ, სულ თქვენი მოვლილია?
- სულ ჩემი... თუ რამეს გათოხნა უნდა, მოვლა, თუ ბალახია მოსაცილებელი და ა.შ. მე ვაკეთებ. სისუფთავე მიყვარს, სახლსაც ვუვლი და თავსაც. კიტრი მომყავს, პომიდორი, ლობიო, კარტოფილი... (მისი ქალიშვილი, ლალი კანთელაძე გვიხსნის, - მე ახლოს, ცოტა ქვემოთ ვცხოვრობ და დედასთან რომ ამოვდივარ, ყველაფერი გაკეთებული აქვს, როგორც დათბება სულ ბოსტანში ფუსფუსებსო.... - ე.ა. ) ბაღჩეული უწამლო, ნატურალური გვაქვს, ამას თავისი ხელი უნდა. ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გვითხარიო, აბა, როგორ გითხრათ! ხანდახან ვგრძნობ, რომ ცუდად ვხდები, გული ყელში მებჯინება, სუნთქვა მიჩქარდება, თითქოს სული სადღაც მიიპარება. ვდგები ამ დროს, გავდივარ, თოხს ან საქმეს ისევ წამოვავლებ ხელს, ვითომ აქ არაფერი... და ვხდები უკეთ! ეს თუ არის საიდუმლო, არ ვიცი. ალბათ ყველაფერი ერთად, შრომა, მოძრაობა, ბუნებაც ხელს მიწყობს და ჯანმრთელობაც.
- თქვენს ცხოვრებაზე მოგვიყევით...
- ჩემი მთელი ცხოვრება გაჭირვებაში ვიყავი. 14 წლის შევიქენი თუ არა, გარიგებით გამათხოვეს. ქმარი ჩემზე 12 წლით უფროსი იყო. ომში დაუზიანდა ჯანმრთელობა, ვეღარ შრომობდა ისე, როგორც სურვილი ჰქონდა. კაცივით დავუდექი გვერდით, ტყეში მივყვებოდი, თუ მძიმის აწევა სჭირდებოდა, ვეხმარებოდი, არც უროთი მუშაობა ან სახერხზე ხერხვა იყო ჩემთვის უცხო, ბარსა და თოხზე რომ არაფერი ვთქვა. ბევრი სხვადასხვა მძიმე საქმე გამიკეთებია. ომის შემდგომი პერიოდი მახსოვს, საჭმელი რომ არ იყო, პური არ გვქონდა. მთელი დღე რომ მეთოხნა, ჭამა არც გამახსენდებოდა... როგორ მქონდა ენერგია, არ ვიცი. მახსოვს, ჩაის ვსვამდით, პიტნის, ცაცხვის, კომშის ფოთლების, კიდევ სხვადასხვა მცენარის... ასე გავიტანეთ ის მძიმე დრო. ხანი რომ გავიდა, ქმარი დამიავადდა. არ მიჯერებდა, ღვინუკა უყვარდა და გლახად შეიქნა. ვუვლიდი ძალიან... მახსოვს, ბოლო თვე ისე გავატარე, ბალიშზე თავიც არ დამიდია... გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ასე მითხრა, - მე ქე ვკვდები და შენ გათხოვდებიო.... ნუ სულელობ- მეთქი!- შევუძახე. 40 - ისა დავქვრივდი და დავრჩი ოთხი შვილით. გავზარდე ბავშვები, ოჯახს ვუპატრონე, მარტომ გავაკეთე ყველაფერი. ერთხელაც დედა დამესიზმრა, ჭიშკართან იდგა და ტიროდა. რა გატირებს- თქო, - ვკითხე, - შენი გაჭირვებაო! - მიპასუხა. და ლექსად ვუთხარი: "დედაჩემო, ხომ გითხარი, სარჩული ჯობს საპირესა, პატარა რომ გამათხოვე, ახლა რაღა გატირებსა!"
აი ასეთი გოგო ვიყავი... (ახალგაზრდობის ფოტოს გვაჩვენებს, სადაც მეუღლესთან ერთად არის გადაღებული. - ე.ა.)

- ლექსებსაც წერდით?
- არა, დასაწერად ვის ეცალა. ისე ვიგონებდი... ეს ლექსიც სიზმარში გამოვიგონე.
- თქვენი შვილიშვილების და შვილთაშვილების პროფესიები თუ იცით?
- ერთი გოგონა გემის კაპიტნის მესამე თანაშემწეა, მეორე - მეღვინე, მესამე - პოლიტოლოგი... ჩამოთვლა გამიჭირდება. მთავარია, რომ კარგები არიან.
- ყველანი ერთად რომ იყრის თავს, მაშინ რა ხდება ამ ეზოში?
- ოჰ, დიდი ამბავია! (იცინის...).
საუბარში ისევ შვილთაშვილი ერთვება: მაშინ არის აქ ქაოსი, ქაოსი და სასიამოვნო ქაოსი! ნეტავ ყველას ჰქონდეს ასეთი ქაოსი!
ავტორი: ეკა ასათიანი