ავტორი:

"ეს არის სერიოზული მესიჯი რუსეთისთვის" - საქართველოში ნატოს სწავლება იწყება: როგორია ამის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა და რას შეიძლება ველოდოთ ოკუპანტისგან?

"ეს არის სერიოზული მესიჯი რუსეთისთვის" - საქართველოში ნატოს სწავლება იწყება:  როგორია ამის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა და რას შეიძლება ველოდოთ ოკუპანტისგან?
  • ფოტოზე: ნატოს ერთობლივი სწავლება საქართველოში, 2017 წელი

მას შემდეგ, რაც აშშ-მა ჩვენთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, 25 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში პირველად გაიმართება მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება "მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებას საქართველო მეთორმეტედ უმასპინძლებს.

"Agile Spirit 2025 მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალებს შორის მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლების მთავარი შემადგენელი კომპონენტებია სამეთაურო-საშტაბო ნაწილი, ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი სენაკი-ვაზიანის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კომბინირებული სწავლება საბრძოლო სროლებით, სპეციალური ოპერაციების ძალების ერთობლივი აქტივობები და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ვალიდაცია.

Agile Spirit 2025 საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარდება. საქართველოში დაგეგმილ Agile Spirit 2025-ს ერთობლივად უხელმძღვანელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია და მასში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას. სწავლებაში დამკვირვებლებად იქნებიან წარმოდგენილი სომხეთისა და იაპონიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.

Agile Spirit 2025 რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდება, კერძოდ: კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ვაზიანში - საბრძოლო მომზადების ცენტრსა და ვაზიანის პოლიგონებზე, ნორიოს საწვრთნელ არეალში, მუხროვანსა და სენაკში - მე-2 ქვეით ბრიგადაში. სწავლებაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა და საჰაერო საშუალებები. სწავლებაში მონაწილეობისთვის საქართველოში მოზიდულია აშშ-ის არმიის საბრძოლო მანქანები და მრავალფუნქციური ვერტმფრენები UH60 - "შავი ქორი“, ასევე თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში არსებული შვეულმფრენი "პუმა AS332“.

სწავლების აღსრულება დაიწყება 21 ივლისს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით თურქეთში, ადანას პროვინციასთან ახლოს“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ნატოს სწავლების სამხედრო-თავდაცვით და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ambebi.ge-ს სამხედრო ანალიტიკოსი გიორგი თავდგირიძე ესაუბრება:

- პირველ რიგში, ეს სწავლება ქართული შეიარაღებული ძალებისთვის არის ერთ-ერთი ძირითადი მოვლენა იმიტომ, რომ სწავლებებსაც გააჩნია თავისი დონეები - არის სწავლება, რომელსაც მხოლოდ ასეული, ბატალიონი ატარებს, მას ლოკალური მნიშვნელობა აქვს და არის სწავლებები, რომელშიც მთელი შეიარაღებული ძალებია ჩართული. მასში ჩართულია სამეთაურო რგოლი, რომელიც ახორციელებს სწავლებას - ხდება სხვადასხვა დონის დაგეგმარება, დაწყებული სარდლობის დონეზე, როცა მთელი სწავლების სამხედრო ამოცანის და ოპერატიული პრობლემატიკის დამუშავება ხდება. ამ სწავლებას ორმაგი მნიშვნელობა აქვს:

1. თანამედროვე სამხედრო საქმეში მნიშვნელოვანია მულტინაციონალობა, ანუ როცა სხვადასხვა ქვეყნის ჯარები თავსებადია და შესაბამისად, ისინი ერთობლივად მუშაობენ. ეს არის გამოცდილების გაზიარება, დაახლოება, ახალი ურთიერთობები, ახალი იდეების დანერგვა საკუთარ ჯარში, პროექტების დახვეწა... ამიტომ როდესაც სწავლებას ხელმძღვანელობს ამერიკის ევროპული სარდლობა (ძალიან მაღალი დონის სარდლობაა), რომელსაც სტრატეგიული დონის გადაწყვეტილების მიღების დაგეგმარების კომპეტენცია გააჩნია, ის იძლევა დავალებას, ის ქმნის ამ სწავლების სცენარს, ხოლო განხორციელებაში მონაწილეობას ერთობლივად იღებს ჩვენი შეიარაღებული ძალების და აშშ-ს გვარდიის ჯორჯიის შტატის სარდლობა, რომელსაც ასევე, მაღალი დონის სარდლობა, მთელი ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია ჰყავს დაქვემდებარებაში. ამიტომ არის ეს სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილების თვალსაზრისით.

2. ნატოს გადასახედიდან, მას ორი მიზანი აქვს: ამ სწავლების ერთ-ერთი ამოცანაა ამ ქვეყნების (მასში 10 ქვეყანა მონაწილეობს) და არა მარტო მათი, საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და მეორე ამოცანაა ამ ქვეყნის ჯარების ბრუტალურობის გაზრდა მოწინააღმდეგის მიმართ.

- რას ნიშნავს ჯარების ბრუტალურობის გაზრდა?

- ეს არის ძალიან თავისებური და ხისტი ამოცანა. როგორც წესი, სწავლებები შედარებით უწყინარი ეგიდით იმართება ხოლმე, როგორიცაა სამშვიდობო ოპერაციების ძალისმიერი მხარდაჭერა, ჰუმანიტარული მისიების ძალოვანი განხორციელება, რაღაც ისეთი თემებია, რაც სამშვიდობო-ჰუმანიტარულ მისიებზეა დაფუძნებული. აქ კი პირველად გამოვიდა წინ ბრუტალურობის გაზრდა, ანუ მისი ამოცანა მოწინააღმდეგის განადგურების ეფექტიანობის ზრდაა. ამ გადასახედიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნატოს სამხედროებისთვის ეს სწავლება ძალზე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ასეთი მიზეზები გამოვიდა წინ - რუტინული საბრძოლო მზადყოფნის გარდა, ჯარის ბრუტალურობა. ბრუტალურობა არის მკაფიო მესიჯი რუსეთის მიმართ, რომ ნატო არ უფრთხის არანაირ ომს, მან დაამთავრა ყოველგვარი ლავირება და ის აგზავნის მესიჯს, რომ მისი ჯარები ემზადება ნებისმიერი ქვეყნის ჯარების გასანადგურებლად, თუ ისინი გამოვლენ ჩარჩოდან და საფრთხე შეექმნება იმ ქვეყნებს, რომელთან ერთადაც მონაწილეობს ამ სწავლებაში. მართალია, მე-5 პუნქტი პირდაპირ არ ვრცელდება საქართველოზე, ჩვენ ნატოს წევრი არ ვართ, მაგრამ ამით ჩვენი ჯარის ბრუტალურობაც, ანუ მისი ეფექტიანობაც იზრდება, პირობითად, რუსეთის მიმართ გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ამ სწავლებამდე იყო. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი რუსეთისთვის. თავისთავად, შინაარსს რომ ჩავუღრმავდეთ, ერთ-ერთი დეტალია სამხედრო კოლონის კონვოირება სენაკიდან ვაზიანამდე, ანუ გარდა ამ კოლონის ლოგისტიკური უზრუნველყოფის და გადაადგილებისა, ხდება უსაფრთხოების უზრუნველყოფა - საავიაციო ძალები უზრუნველყოფს ამ კოლონის კონვოირებას, მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია ჰაერიდან მიწაზე და სხვა ბევრი სამხედრო ელემენტია. ამ დროს, ეს კონვოი განახორციელებს არა მარტო თავდაცვას, არამედ ივარჯიშებს ბრუტალურობაშიც, ანუ, კოლონას ვინც საფრთხეს შეუქმნის, განადგურებული რომ იყოს, ამაში დაიხვეწება (ანუ არა მარტო თავდაცვაში, არამედ თავდასხმაში) - მე ვიცავ არა იმით, რომ პასიურ თავდაცვაში ვარ, არამედ ვიცავ იმით, რომ თავდასხმაში ვარ, ანუ ვათავისუფლებ ყველა პოტენციურ სარისკო ზონას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო შიგთავსის სწავლება და განსაზღვრავს მის ხასიათს.

- სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ განახლებული სწავლების პოლიტიკურ დატვირთვაზე რას იტყვით...

- საქართველოსთვის ეს სწავლება პოლიტიკური თვალსაზრისითაც ძალზე მნიშვნელოვანია. მივყვეთ, რა მესიჯები მივიღეთ და რა მესიჯები უნდა გავავრცელოთ:

1. ნატო დაბრუნდა საქართველოში (მოგეხსენებათ, წინა წელს ეს სწავლება ჩაიშალა).

2. ამერიკელი ჯარისკაცები ბრუნდებიან საქართველოში. იყო პერიოდი, როცა სხვადასხვა პროექტის ქვეშ ბევრი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა საქართველოში, მათ შორის წვრთნის და აღჭურვის პროგრამის უზრუნველსაყოფად, ამერიკელი ჯარისკაცები ჩვენსას წვრთნიდნენ და სხვადასხვა პროექტის ქვეშ აშშ-ს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში მუდმივად იყო წარმოდგენილი. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ამერიკული ბაზაა განლაგებული, იმდენი ჯარისკაცი არ იქნება, რამდენიც საქართველოში იყო ხოლმე. ეს თითქოს სამხედრო ბაზა არ იყო, მაგრამ რეალურად, რიცხობრივად ეს სამხედრო კონტიგენტი ბევრი ბაზის სამხედრო კონტიგენტს აღემატებოდა. მერე, როცა სიტუაცია გაცივდა და ანტიამერიკული და ანტიევროპული კამპანია "ოცნების“ მთავარ კამპანიად იქცა, საქართველოში ეს რაოდენობა შემცირდა (როცა პროექტები არ მიმდინარეობს, თავისთავად, ჯარისკაცს, თუნდაც ამერიკელს, აქ უსაქმოდ არავინ გააჩერებს,). ახლა, ამ სწავლების ფარგლებში ნატოს 2000 ჯარისკაცი იქნება ჩართული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პოლიტიკური მესიჯი - საქართველოს ტერიტორიაზე "დათარეშობს“ ნატოს ჯარები და სანამ ისინი აქ არიან, მათი მხარდაჭერა უზრუნველყოფილია. ეს მხარდაჭერა ხან ორკვირიანია, ხან ერთთვიანი და ხანაც შეიძლება მუდმივიც იყოს. ეს იმ მოვლენათა წყებაში შედის, სადაც ნატო ამბობს: მეტი ნატო საქართველოში, მე საქართველო არ დამავიწყდა და მეტი ნატო არის ჩემს ინტერესში. ახლა ასეა და ხვალ რა იქნება, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. რაკი ამ კრიტიკულ სიტუაციაში აშშ-ს საქართველოში 2000 ჯარისკაცი ჩამოჰყავს, ეს პოლიტიკური გზავნილია - მაქვს ამის ნება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იყოს ნატოს ჯარები.

- როგორ ფიქრობთ, "ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას ეწევა, ნებით წავიდა ამ ნაბიჯზე?

- ბაიდენის ადმინისტრაციას სხვა პოლიტიკა ჰქონდა, და ახალს - სხვა, გაცილებით აგრესიული. ბაიდენმა ჩათვალა, რომ ზეწოლის მექანიზმი სწავლების არჩატარება იქნებოდა, ტრამპმა კი მიიჩნია, რომ ზუსტად ეს იქნებოდა ზეწოლა "ოცნებაზე“. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, "ოცნებას" მოუწია უკან დახევა. ის ვერ ფლობს საქართველოში სიტუაციას - როცა აშშ და ნატო გვთავაზობს, მოდი, სწავლება ჩავატაროთო, "ოცნება“ საკუთარ ჯარს, რომელიც, ფაქტობრივად, აშშ-ს გაწვრთნილია და მისი ოფიცრების 99%-ს აშშ-ს სამხედრო სასწავლებელი აქვს დამთავრებული, ვერ აუხსნიდა, რომ რაღაცის გამო ეს სწავლება არ ტარდება. ჯარმა ზუსტად იცის, თუ გინდა მშვიდობა, უნდა ემზადო ომისთვის, ისიც იცის, რომ საველე მომზადებას თუ არ გაივლის, ის მშვიდობას ვერ უზრუნველყოფს. არის მეორე გზაც - ნიღაბი ჩამოეხსნათ და ჯარისთვის ეთქვათ, ჩვენ ვართ პრორუსები, რასაც პუტინი იტყვის, ის უნდა გავაკეთოთ, ამიტომ ჩვენ ნატოს სწავლებას ვერ დავთანხმდებითო. ამ მესიჯის გაჟღერების ძალა "ოცნებას“ არ აქვს, ის არ არის კონსოლიდირებული, იცის ჯარში განწყობები, ამიტომ იძულებული გახდა დათანხმებოდა. გარდა ამისა, იძულების მეორე ფორმაა საქართველოს მოსახლეობა, რომლის 84% არის ევროინტეგრაციის მომხრე და, თავისთავად, ერთია, როცა ლავირებ და იტყუები, მე პრორუსი არ ვარ და კაცების გათხოვებას რომ არ მაძალებდეს ევროპა, ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე ვარო, მეორეა, რა შუაშია ნატოს სწავლება და კაცის გათხოვება? ეს პროპაგანდა არ იმუშავებდა და შესაბამისად, ამ განწყობას ვერაფერს მოუხერხებს "ოცნება“. იმის გამო, რომ "ოცნება“ სიტუაციას ვერ ფლობს, იძულებული გახდა დათანხმებოდა, რათა მთლიანად არ ჩამოხსნოდა ნიღაბი. ეს კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელია, რომ მიუხედავად იმისა, "ოცნება“ პრორუსულია, ძალიანაც უნდა რუსეთის პოლიტიკის რეალიზება საქართველოში, ერთია რა სურს მას და მეორეა, რა შეუძლია და რა მოცულობით. რაც მთავარია, ეს არის რუსეთისთვის მესიჯი, რომ ნატო საქართველოშია და მას ჰყავს მასპინძელი ქართველი ხალხის და ქართული ჯარის სახით.

- რას იტყვით რუსეთის რეაგირებაზე, რომელმაც გუშინ სადაზვერვო სამუშაოების განხორციელება დაიწყო - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული სოხუმის აეროპორტიდან რუსეთის საჰაერო ძალების AN-26 ტიპის ბორტი აფრინდა და სამი საათის განმავლობაში წრეზე დაფრინავდა. ეს რა სიგნალი იყო და რას უნდა ველოდოთ ოკუპანტისგან?

- არც არაფერს... ქართველებს კარგი ნათქვამი გვაქვს - როცა ცხენს ვერ შეწვდები, უნაგირს დაუწყებ მტვრევას. ეს არის უსუსური რუსეთი, რომელსაც საქართველოზე ზემოქმედების ერთადერთი ბერკეტი აქვს "ოცნების“ სახით. "ოცნებას“ რა შეუძლია, უკვე ვთქვი. რუსეთს კი ერთადერთი შეუძლია - ტუჩები დაიკვნიტოს და დასისხლიანებული ტუჩებით ილანძღოს, იფურთხოს, დაგვწყევლოს, გამოგვიგზავნოს მესიჯები და შეგვახსენოს, ჩვენ და რუსები ძმები რომ ვართ, რომ რუსებმა გადაგვარჩინეს მუსულმანური სამყაროსგან და ა.შ. ერთადერთი, რაც რუსეთმა ჩვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლის სახით გამოიყენოს, ესაა დარღვეული საზღვრები და რაღაც იმიტაცია - აზერბაიჯანთან სიტუაციის გართულება როცა დაიწყო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა აზერბაიჯანის საზღვრებთან ჯარები მიიყვანა, სინამდვილეში, მესამე დღეს აღმოჩნდა, რომ მას სურდა 60%-მდე გაეზარდა გიუმრსა და კავკასიაში განლაგებული თავისი ქვედანაყოფების დაკომპლექტების დონე, მაგრამ ვერ შეძლო. მან ჯარების იმ დონეზე მოყვანაც კი ვერ შეძლო, რომ გადაადგილება დაეწყო ან ხიფათი შეექმნა, სასაცილოდ გაიხადა საქმე. დაახლოებით ასეთი თემაა - ის გაბრაზებულია, მაგრამ რეალობაში რომ გვატკინოს და გვაწყენინოს, მას ამის ბერკეტები არ აქვს. სწორედ რუსეთის უსუსურობის დემონსტრირებაა ის, რომ აქ ნატოს სწავლება იმართება, ეს არის რეალობა.