ავტორი:

თურქეთის ავიახაზების რეისზე გარდაცვლილი მგზავრის ცხედარი ჩიკაგოს აეროპორტში დაიკარგა

თურქეთის ავიახაზების რეისზე გარდაცვლილი მგზავრის ცხედარი ჩიკაგოს აეროპორტში დაიკარგა

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ავიახაზების რეისზე მყოფ მგზავრს, რომელიც სტამბოლიდან სან-ფრანცისკოსკენ მიემართებოდა, ჰაერში "სერიოზული სამედიცინო პრობლემა“ შეექმნა და თვითმფრინავის ეკიპაჟმა გადაწყვიტა უახლოეს აეროპორტში დაშვებულიყო, თუმცა მგზავრი მიწაზე დაფრენამდე გარდაიცვალა. ასეთ შემთხვევაში არსებული რეგულაციები ავალდებულებს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს მოძებნოს ის აეროპორტი, რომელიც მსგავსი სიტუაციების სამართავად უკეთ არის აღჭურვილი და მათაც არჩევანი ჩიკაგოს ო’ჰარას საერთაშორისო აეროპორტზე გააკეთეს.

მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ჩიკაგოს აეროპორტში დაეშვა, ცხედარი ბორტიდან ჩამოიტანეს და მასზე პასუხისმგებლობა კუკის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს გადაეცა, თუმცა მოგვიანებით ბიუროს წარმომადგენელმა, ნატალია დერევიანიმ განაცხადა , რომ "მათთან არ არის არცერთი ცხედარი, რომელიც აღნიშნულ რეისთან იყო კავშირში ან რაიმე საქმე რომელიც აღწერილ შემთხვევას შეესაბამება". თავის მხრივ თურქეთის ავიახაზების წარმომადგენელმა ერტუღრულ გულშენმა დაადასტურა, რომ რეისი ნამვილად დაეშვა ჩიკაგოში და გარდაცვლილის ცხედარი უკვე სხვა რეისით სან-ფრანცისკოში გააგზავნეს.

მიუხედავად ყველაფრისა მგზავრის ცხედრის ადგილსამყოფელი დღემდე კვლავ უცნობია.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ფრენასთან დაკავშირებული თითქმის ყველა სიკვდილის მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გახდა, რასაც ფრენის გამო გამოწვეული სტრესი, ჟანგბადის დეფიციტი და უმოძრაობა ამწვავებს. სტატისტიკურად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობა ყოველ 600 რეისზე ერთხელ ან მილიონ მგზავრზე დაახლოებით 16-ჯერ დგება. ყოველ ათასი ასეთი შემთხვევიდან მხოლოდ 3 სრულდება ფატალურად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფრენის დროს სიკვდილი შედარებით იშვიათი მოვლენაა.

წყარო