ავტორი:

"ჯილდო ტერორისტებისთვის" და "უგუნური გადაწყვეტილება" თუ "გზა მშვიდობისკენ"? -  მაკრონმა პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო: რას პასუხობენ ისრაელიდან და აშშ-დან?

"ჯილდო ტერორისტებისთვის" და "უგუნური გადაწყვეტილება" თუ "გზა მშვიდობისკენ"? -  მაკრონმა პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო: რას პასუხობენ ისრაელიდან და აშშ-დან?

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.

"ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ისტორიული ერთგულების შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიაროს“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

მაკრონი ამის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გეგმავს.

"მშვიდობა შესაძლებელია. აუცილებელია დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, ყველა მძევლის გათავისუფლება და ღაზას მოსახლეობისთვის ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული დახმარება. ასევე აუცილებელია "ჰამასის" დემილიტარიზაციის, ღაზას უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციის უზრუნველყოფა და ბოლოს, აუცილებელია პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, მისი სიცოცხლისუნარიანობის გარანტირება და, იმ პირობით, რომ მოხდება მისი სრული დემილიტარიზაცია და ისრაელის სრულად აღიარება, მისი მონაწილეობა მთელი ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას "ტერორისთვის ჯილდო“ უწოდა. მისი თქმით, ამ ნაბიჯმა ისრაელის "განადგურების“ შესაძლებლობას კარი გაუღო.

"პალესტინელებს არ სურთ სახელმწიფო ისრაელის გვერდით, მათ სურთ სახელმწიფო ისრაელის ნაცვლად“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის იუსტიციის მინისტრმა იარივ ლევინმა გადაწყვეტილებას საფრანგეთის ისტორიაში შავი ლაქა უწოდა. თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი არ დაუშვებს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რადგან ეს მის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გეგმას, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფო აღიაროს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

"ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ "ჰამასის" პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას აფერხებს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა“, - აცხადებს რუბიო.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.