სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „საეჭვო ხელსაწყოებით ბოსტნეულსა და ხილში ნიტრატების გაზომვა სარწმუნო არ არის და მიზნად ისახავს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას“.
ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებს. კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი წესები. სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგებს. შესაბამისად, საეჭვო ხელსაწყოების გამოყენებით ნიტრატების ან სხვა მაჩვენებლების გაზომვა ვერ იქნება სარწმუნო და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა კომბოსტოსა და ჭარხლის 4 ნიმუშში (კომბოსტოს 2 და ჭარხლის 2 ნიმუში). სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი სარეალიზაციო ქსელიდან უკვე ამოღებულია. სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ნიმუშების აღებას და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.