"ესაა ბებიაჩემი, რომელიც დაქორწინდა 64 წლის ასაკში და გადაიხადა თეთრ კაბიანი ქორწილი. 66 წლის ასაკში აიღო მართვის მოწმობა. დადის ფიტნეს დარბაზში და კარგ ამინდებში დარბის პარკში, დადის აუზზე, ჰყავს გერმანული, მაღალი კლასის, ველოსიპედი, იკვებება ჯანსაღად... და დარდობს იმაზე, თმებს, წარბებს თუ ბოტოქსს რომელ სალონში უკეთ აკეთებენ.. ამბობს, ადამიანი მაშინ ბერდება, როცა აღარ მოძრაობსო და არ მოძრაობენ მარტო მკვდრები" - ეს პოსტი სოციალურ ქსელში ფსიქოლოგმა გიორგი ჩოგოვაძემ ბაბუას დის - ლია ჩაკვეტაძის შესახებ გამოაქვეყნა, რომელსაც ათი ათასობით მოწონება და კომენტარები მოჰყვა..
ქალბატონ ლია ჩაკვეტაძეს სასაუბროდ თავად დავუკავშირდით...
- დიახ, პოსტში რაც წერია, ყველაფერი სიმართლეა. გულწრფელად გითხრათ, არ ველოდი ამდენ გამოხმაურებას.
- გაგვაცანით თქვენი განსხვავებული ცხოვრების წესი, ყოველდღიურობა...
- ყოველთვის ძალიან აქტიური ვიყავი. სკოლაში ფიზკულტურის პედაგოგს ყველა სფეროში მივყავდი შეჯიბრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი არ ვარ, ფრენბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის შეჯიბრებებში მაღებინებდა მონაწილეობას... პირველად ფიტნესზე რომ მივედი, უკვე 50 წლის ასაკის ვიყავი. პედაგოგს ძალიან გაუკვირდა და მკითხა, შენ ადრე სპორტსმენი ხომ არ იყავიო. კიდევ უფრო გაკვირვებული დარჩა, როცა ვუთხარი, რომ სპორტსმენი არ ვყოფილვარ. ფიტნესზე კვირაში ერთხელ ძლიერი ვარჯიშები ტარდებოდა, ოფლში ვიწურებოდით, 18-19 წლის გოგოებს უჭირდათ, იატაკზე წვებოდნენ, პედაგოგი ეუბნებოდათ, ორჯერ და მეტჯერ თქვენზე უფროსია ეს ქალბატონი, როგორ არ გრცხვენიათ, მას მიბაძეთო.
ყოველთვის ასეთი მოძრავი ვარ, რადგან ვხედავ რომ უმოძრაობა ძალიან ცუდია. როცა ვარჯიშობ, ჯანსაღადაც ხარ და ხასიათიც კარგი გაქვს. ზამთარში ფიტნესზე დავდივარ, ზაფხულობით კი ჩემს სახლთან ახლოს - ახალგაზრდობის პარკში ვვარჯიშობ. ამისთვის ექვს საათზე ვდგები და შვიდ საათზე უკვე ვარჯიშს ვიწყებ. ჯერ წრეებს ვარტყამ, შემდეგ პარკში მდებარე სხვადასხვა სავარჯიშოებზე გადავინაცვლებ. ორ საათს ყოველ დილით პარკში ვატარებ. თქვენ წარმოიდგინეთ, დივანზე წამოწოლილი თუ ლოგინშიც კი სპეციალურ ვარჯიშებს ვასრულებ.
- სახლშიც ყველა სამუშაოს თავად ასრულებთ თუ დამხმარე გყავთ?
- არა, მარტო ვცხოვრობ და ყველაფერს თავად ვაგვარებ. სამწუხაროდ მეუღლე - ნიკო ჯიმშელეიშვილი გარდამეცვალა, შვილი არ მყავს.

- როდის დაოჯახდით?
- 64 წლის ასაკში გავთხოვდი, მანამდე ბევრი იყო ხელის თხოვნა, მაგრამ არცერთი არ იყო ჩემი ბედი. ამ ასაკში კი ისეთი მეორე ნახევარი შემხვდა, რომ მითხრან, შენს ცხოვრებაში რამეს თუ შეცვლიდიო, არავითარ შემთხვევაში! ზუსტად ასეთს ვისურვებდი, ოღონდაც ვისურვებდი, დიდხანს ეცოცხლა.
- ქორწილი გადაიხადეთ?
- დიახ, ჩვენს სახლში დიდი მისაღებია და იქ იყო სუფრა გაშლილი, ჯვარიც დავიწერეთ. თეთრი კაბა მეცვა, მაგრამ დიდი ფოფიალა კაბა კია არა, სოლიდური, რომელსაც ისედაც ვიცვამდი გამოსასვლელ დღეებში. მეუღლე ქვრივი იყო, მე გაუთხოვარი. ერთად ექვსი წელი ვიყავით, შემდეგ მოულოდნელად, უცაბედი სიკვდილით გარდაიცვალა. ქალაქში გადავადგილდებოდით, უცებ მანქანა გააჩერა, რაღაც ხელი, ფეხი დამეჭიმაო...

სასწრაფომ დააგვიანა, წნევის დამწევის გარეშე გადაიყვანეს კლინიკაში და ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა. სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, სიცოცხლით სავსე, იმდენად ახალგაზრდული იყო, ყველას გაოცებას იწვევდა. ახალგაზრდა ბიჭები არ იყვნენ იმდენად ენთუზიაზმით სავსე და მხიარულები, როგორც ჩემი მეუღლე. ძალიან მზრუნველი. მისი გარდაცვალების მერე ათი წელი ისეთი დეპრესია მქონდა, ანტიდეპრესანტებს ვსვამდი. ხალხი ვერ მატყობდა, მხოლოდ მე ვიცოდი, რა საშინლად ვიყავი. ანტიდეპრესანტებს ახლაც ვსვამ, ოდნავ თითქოს გამოვდივარ. რთულია როცა ასეთ მზრუნველს, ნამდვილ მეგობარს კარგავ.
მახსოვს სავარჯიშოდ პარკში, აუზზეც რომ დავდიოდი, ვუთხარი, თურმე ველოსიპედიც ძალიან კარგი ყოფილა ჯანმრთელობისთვის-მეთქი. სამი დღის მერე დილით დამიძახა, გამოდი, ველოსიპედი მოგიყვანეო. სახლის წინ ძალიან კარგი, გერმანული ველოსიპედი ეყენა, იმ დროს ველოსიპედის ტარებაც კი არ ვიცოდი. დამამშვიდა, ტარებას ისწავლიო, პარკში დავყავდი და ასე მასწავლა ტარება. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, წყალტუბოში დავკრძალეთ. არაფრით შემეძლო კვირაში ერთხელ მაინც საფლავზე არ გავსულიყავი, რაც ძალიან რთული იყო. ყოველთვის სხვას ვერ ვთხოვდი წაყვანას და ამიტომაც გადავწყვიტე მანქანის მართვა მესწავლა. ავტოსკოლაში ვიარე, ჩავაბარე გამოცდა, მართვის მოწმობა ავიღე და დღეს შესანიშნავად ვატარებ. რვა წელია მანქანას ვატარებ და ერთი ჯარიმაც კი არ მომსვლია.
- გამოცდა პირველივე გასვლაზე ჩააბარეთ?
- მაშინ ძალიან ღრმა დეპრესია მქონდა და თეორიის გამოცდაზე გასვლამდე დიაზეპამი მივიღე. ვინაიდან დიაზეპამი ძილის მომგვრელია, სულ გამთიშა. ამიტომ ის გამოცდა ვერ ჩავაბარე. მეორე გასვლაზე კი თეორიაც და პრაქტიკაც ჩავაბარე... ახალგაზრდობაში სადაც ვმუშაობდი, პირდაპირ ჩვენს წინ იყო ავტოსკოლა. ჩემი თანამშრომელი გოგონები ყველა შევიდნენ სასწავლებლად, მაგრამ მაშინ რატომღაც არ მქონდა სურვილი რომ მესწავლა. ახლა კი რომ დამჭირდა, მაშინ გადავწყვიტე მესწავლა.

- რა პროფესიის ბრძანდებით?
- ბუღალტერი ვარ, მაგრამ დღეს ჩემი პროფესიის მიხედვით არ ვმუშაობ... სანამ გავთხოვდებოდი ჩემი სახლის წინ პატარა მაღაზია მქონდა, გათხოვების შემდეგაც ცოტა ხანს ვამუშავე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჩემს სახლს შეველიე, მაგრამ მეუღლისას ვერა, რადგან მსურდა მისი სახლი სულ მოვლილი ყოფილიყო. დღეს პირველ სართულზე მდგმურები მყავს, მათი გადახდილი ქირა და პენსია გახლავთ ჩემი შემოსავალი.
- დღეს ვინ გყავთ ახლობლები?
- ძმა გარდაცვლილი მყავს, ძალიან კარგი ძმისშვილები და ძმისშვილიშვილები მყავს. ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე, ვინც პოსტი გამოაქვეყნა, ჩემი ძმისშვილიშვილია. სულ მთხოვს თბილისში გადმოდი საცხოვრებლადო..
- რა თქვენეული საიდუმლო გაქვთ თავის მოვლის?
- არანაირი, ყველაფერი გენეტიკის დამსახურებაა. ფოტოებში უფრო ასაკოვანი ვჩანვარ, ვიდრე ისე ვარ. ცოტამ, მაგრამ მაინც დამიწერა კომენტარებში, უი რა ბებერია, ფეხზე კუბო აქვს გამობმულიო და ასე შემდეგ.. ბევრი ქალი მიწერდა, ამ ასაკში გათხოვება რა ჯანდაბად უნდოდაო. არ მესმის, რატომ არ ვიყავი ღირსი, ბედნიერად ვყოფილიყავი, გვერდით ღირსეული მეუღლე მყოლოდა?!

- ალბათ პირიქითაც ხდება და ძალიან ბევრისთვის სტიმულის მიმცემი, საუკეთესო მაგალითი ხართ...
- დიახ, პარკში არიან ჩემს მსგავსად 60 პლიუს ქალბატონები, რომლებსაც ვარჯიში ცხოვრების წესად აქვთ ქცეული. ჩვენი ჯგუფი გვაქვს ფეისბუქზე - სუპერპარკელები. დაბადების დღეებს ჯერ პარკში აღვნიშნავთ ტორტით და სანთლებით, შემდეგ რესტორანში მივდივართ. დავდივართ ექსკურსიებზე, ღონისძიებებზე... თუ რომელიმეს რთული პერიოდი აქვს, ვინმე გარდაეცვლება, ფულს ვკრებთ. ვინაიდან მე ინტერნეტის საშუალებით ბევრი კარგი ვარჯიში ვიცი, მათაც ვასწავლე. ლია მასწავლებელს მეძახიან. თავად ოჯახიდან მომდევს ეს წესი, მამაჩემი სულ ვარჯიშობდა. ერთი პერიოდი ვერ ვივარჯიშე და ტკივილებს ვგრძნობდი, ხასიათიც ცუდი მქონდა. სწორი კვება და ვარჯიშია ჩემი ყოველდღიურობა. იმდენად ჯანსაღად ვიკვებები, გამორიცხულია დღეში ერთ ნაჭერზე მეტი პური მივიღო.
- საზღვარგარეთ ყოფილხართ?
- საბჭოთა კავშირის პერიოდში ბევრ ქვეყანაში ვიმყოფებოდი. სამსახურში რიგდებოდა საგზურები. მოსკოვსა და პეტერბურგში რამდენჯერად ექსკურსიები იყო, არასოდეს გამიცდენია. ინდოეთში მივდიოდით, ხელი შემეშალა და გული ძალიან მწყდება. ნამყოფი ვარ ბულგარეთში და რუმინეთში.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენი მეუღლის ნათესავებთან?
- მეუღლის შვილი ყაზახისტანშია, ჩემი მეუღლეც იქ ცხოვრობდა 30 წელი. ჩემი მეუღლის შვილთან ძალიან კარგად ვარ, ხშირად ვურეკავთ ერთმანეთს, ძალიან უნდა ჩამოსვლა, მაგრამ ვერ ახერხებს. ჩემი მეუღლის გარდაცვლილი მეუღლის ნათესავებთანაც კი ძალიან კარგად ვარ. მისი და ყოველდღე მირეკავდა, სამწუხაროდ გარდაიცვალა. ამბობდა, ჩემი დისთვის ისეთი მეუღლე იყო, არაფერს აკლებდაო. როდესაც ნიკოს მეუღლე გარდაიცვალა, მისი ცოლისდები იყვნენ მოწადინებული ოჯახი შეექმნა და გვერდით მზრუნველი ადამიანი ჰყოლოდა. ყოველთვის ისე ხდებოდა, რაღაც მსურდა, მაგრამ მატერიალურად იმ წუთას საშუალება არ მქონდა და ვერ ვიძენდი. რაღაც, წლების დროის გასვლის შემდეგ აუცილებლად ვიძენდი, საწადელს ვისრულებდი. მეზობლის გოგოს ვეუბნებოდი, რაც კი ჩავიფიქრე, ყველაფერი მისრულდება, მხოლოდ დაოჯახება და მანქანის შეძენა დამრჩა აუსრულებელი-მეთქი...ერთი წლის მერე გავთხოვდი, ათი წლის შემდეგ კი მანქანა შევიძინე. ჩემთან ყველაფერი იმდენად გვიან მოდის, ვხუმრობ ალბათ დასასრულიც გვიან მოვა-თქო...