ტაილანდმა და კამბოჯამ ერთმანეთს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაპირისპირებამ ორი დღის განმავლობაში, სულ მცირე, 16 ადამიანი იმსხვერპლა.
ტაილანდის სამხედროების განცხადებით, უბონ რაჩატანისა და სურინის პროვინციებში გათენებამდე შეტაკებები მოხდა, რომლის დროსაც კამბოჯამ არტილერია და რუსული წარმოების BM-21 სარაკეტო სისტემები გამოიყენა.
ხელისუფლების ცნობით, ტაილანდის მხარეს კონფლიქტის ზონებიდან 100 000 ადამიანია ევაკუირებული.
შეტაკებების დაწყების შემდეგ ტაილანდმა კამბოჯასთან საზღვარი დახურა. ასევე, ტაილანდის არმიის ცნობით, კამბოჯიდან იერიშების შედეგად საზღვრის გასწვრივ მდებარე პროვინციებში ტაილანდის ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა, ჰუნ მანეტმა განვითარებული მოვლენების ფონზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა და ტაილანდი „არაპროვოცირებულ და წინასწარ განზრახულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა.