ავტორი:

"მე და ჩემი მეუღლე ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს... არ მახსოვს, შვილებისთვის რამე დამეშალოს" - ქეთი ჩხეიძე ოჯახზე

"მე და ჩემი მეუღლე ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს... არ მახსოვს, შვილებისთვის რამე დამეშალოს" - ქეთი ჩხეიძე ოჯახზე

მსახიობ ქეთი ჩხეიძისთვის განსაკუთრებულად ლამაზი და ემოციური ეტაპი დაიწყო, რომელმაც ახალი სიყვარული და ახალი ენერგია მოუტანა. მსახიობი სრულიად ახალ ამპლუაშია. მისი ცხოვრება იმ წამიდან გადასხვაფერდა, როცა გაიგო, რომ ბებია გახდებოდა. "სიხარულისგან არ მიხტუნავია, მაგრამ გულში მინდოდა, მეხტუნავაო", - ამბობს ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში

- შვილიშვილი აგარაკზე უკვე მყავდა ოჯახთან ერთად ანანურში ვიყავით. ჩემი ბიჭი მუშაობს, პერიოდულად ჩვენთან ჩამოდიოდა და უკან ბრუნდებოდა. ახლა ზღვაზე აპირებენ წასვლას. მეც რამდენიმე დღით ჩავალ და ვესტუმრები. მათ გარეშე დიდი ხანი ვერ გავძლებ, მაგრამ არც ის მინდა, ზედმეტად შევაწუხო. შვილიშვილმა იმხელა ადგილი დაიკავა ჩემს გულში, რომ უიმისოდ ვეღარ ვძლებ.

დედობიდან შემდეგ ეტაპზე გადავედი და ბებია ვარ. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია, ახალი ენერგია და ახალი სიყვარული სიყვარული ჩემი შვილიშვილის. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, როგორ გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ბებია უნდა გავმხდარიყავი! არ მიხტუნავია, მაგრამ გულის სიღრმეში მინდოდა, სიხარულისგან მეხტუნავა. ბებია იქნებოდით.

რადგან დედად შევდექი და ნორმალური შვილები გავზარდე, ვფიქრობდი, რომ ცუდი ბებია არ ვიქნებოდი. ვგრძნობ, რომ ჩემს შვილიშვილს ძალიან ვუყვარვარ. რომ ვშორდები, ტირის. ძალიან მიხარია, ჩემ გამო რომ ტირის. რადგან ტირის, გამოდის, რომ მოჯაჭვულია ჩემზე; გამოდის, რომ ვუყვარვარ. როცა ადამიანი ბებია ხდება, მის ცხოვრებაში ახალი ფურცელი იშლება და ეს ძალიან კარგია.

ერეკლე წლის და ოთხი თვისაა. როცა დაიბადა, ძალიან მალე ჩაგვაცვეს სპეციალური ხალათები და მასთან შეგვიშვეს. რომ შევედი და ახალდაბადებული ხელში ავიყვანე, გამახსენდა, ჩემი შვილი პირველად რომ ავიყვანე ხელში. იცით, როგორი გრძნობაა? ყველაფერი გავლილი რომ გაქვს და თითქოს თავიდან იწყებ ყველაფერს, ამიტომ სულ სხვანაირი განცდაა.

ახალგაზრდული ემოცია სხვაა, სპონტანური ემოციაა, უფრო ინსტინქტებსა და უცხოსთან შეხებაზეა დამოკიდებული, ახლა კი სულ სხვა ემოცია მაქვს. ბებია რომ ხდები, თითქოს იცი, ეს ყველაფერი რომ იყო და უცებ ეს ყველაფერი თავიდან იწყება.

ჩვენ ერთად არ ვცხოვრობთ, ამიტომ ხან მე მივდივარ მათთან, ხან ისინი მოდიან ჩემთან. ხშირად ვართ ერთად. როგორც კი მოვშორდები ჩემს პატარას, ნახევარ საათში ისევ მენატრება. ერეკლეს გარეშე ვეღარ ვძლებ.

- ერეკლე ვინმეს პატივსაცემად დაარქვით?

- ბაბუის სახელია. მე და ჩემი მეუღლე ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩემი ყოფილი მეუღლე სიხარულისგან გაგიჟდა. გადარეული ბაბუაა. სხვათა შორის, მამაც ასეთი იყო.

არ მახსოვს, შვილებისთვის რამე დამეშალოს. თუ რამეს დააშავებდნენ, შენიშვნას კი მივცემდი, მაგრამ შვილების მიმართ ლოიალური ვიყავი, ერეკლესთან კიდევ უფრო ვიქნები.

ეს ცხოვრება სიყვარულის გარდა არაფერია. თუ ადამიანს სიყვარულს მოაკლებ, ცხოვრება ძალიან გაუჭირდება. თუ პატარას საფუძველში უდებ, რომ ის უყვართ, უყვარს ბებიას, ბაბუას, დედას, მამას, მეზობელს, ნათესავს და ასე შემდეგ, შედარებით უადვილდება ყოფიერება. ის სიყვარულის ფესვებზე დგას. მთავარი ურთიერთობაა შენთან იყოს, ჩაგეხუტოს, მოგეფეროს, შენთან დაიძინოს. ბავშვობიდანვე იგრძნოს, რომ ის უყვართ და ეს მნიშვნელოვანია. მერე იწყება ყველა ის დანარჩენი, რასაც ადამიანი ქმნის.

შვილებთან ერთად

ორი წლის წინ ქეთი ჩხეიძე ნიკოლოზთან კითხვებში მეუღლესთან დაშორებაზე ჰყვებოდა:

"უცებ და მოულოდნელად არაფერი მომხდარა. ჩემი მეუღლე ძალიან დაკავებული ადამიანი იყო, მიუხედავად ამისა, მზრუნველი მამა და მეუღლე გახლდათ. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი. თითქოს არც არაფერი შეცვლილა ურთიერთობაში, მაგრამ ქალი მცირე ცვლილებასაც გრძნობს ინტუიციით, რაღაც ისე ვერ იყო, ეს ყველაფერი წვეთ-წვეთად მოგროვდა. მე კი არ შემეძლო დიდი სიყვარულის გარეშე ცხოვრება და გავშორდით. ის საუკეთესო მამაა და აქტიურადაა ჩართული შვილების ცხოვრებაში.

ახალგაზრდობაში გადაწყვეტილებებს ფიქრისა და განსჯის შედეგად არ იღებ, უფრო სპონტანური ხარ, შენი მჩქეფარე ენერგია უცებ ითხოვს რეაგირებას. ამ ასაკში შეიძლებოდა, სხვანაირად შემეფასებინა ფაქტები. სამწუხაროდ, გამოცდილება ასაკს მოაქვს“ - ამბობდა ქეთი ჩხეიძე.