თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც კერძო შენობიდან მოქალაქეების გამოსახლებას გუშინ ხმაური მოჰყვა, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლები კვლავ რჩებიან. მათ სახლებიდან ამ დრომდე გამოაქვთ საკუთარი ნივთები.
ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეებს უშუალოდ საცხოვრებელი კორპუსის შიდა ტერიტორიაზე არ უშვებენ.
"ადამიანურად გაგვესაუბრონ, ფართი მოგვცენ. სანამ ბინით დაგვაკმაყოფილებენ, სადმე შეგვიშვან, სახლები მოგვცენ. რომ იწვიმოს და წვიმაში ყოფნა მოგვიწიოს, სად წავიდეთ? კახა კალაძეს ვთხოვ, ადამიანურად დაველაპარაკები ჩვენს გაჭირვებაზე. ქუჩაში რატომ უნდა იყვნენ ეს ადამიანები. გუშინ სიცხიანი ბავშვები იყვნენ, წამალი და სიცხის საზომი არ მიაწოდეს. კაცი ცუდად გახდა და ძლივს სუნთქავდა, გადაიყვანეს, რატომ უნდა ვკვდებოდეთ ჩვენს ქვეყანაში?“,-აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე "ტვ პირველთან" საუბრისას.
ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახის განსახლებას გუშინ მთელი დღის განმავლობაში ხმაური ახლდა. რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება პოლიციასთან, რა დროსაც სამართალდამცავებმა ჯამში 17 ადამიანი დააკავეს.
ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი
წაიკითხეთ ასევე:




