არგენტინელი მამაკაცმა, რომელიც Google Street View-ის კამერამ საკუთარ ეზოში შიშველი დააფიქსირა, ინტერნეტ-გიგანტის ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა. დაზარალებულის თქმით, ეზოში ორმეტრიანი ღობის უკან იმყოფებოდა, როდესაც "გუგლის" კამერამ მას ზურგის მხრიდან გადაუღო ფოტოები. მოგვიანებით Street View -ზე გამოქვეყნებულ კადრებში აშკარად ჩანდა სახლის ნომერი და ქუჩის სახელი, ამიტომ მეზობლებსა და ნაცნობებს პიროვნების ამოცნობა არ გასჭირვებიათ, რაც დაცინვის მიზეზი გახდა.
სასამართლო დავა რამდენიმე წელი გრძელდებოდა, პირველი ინსტანციის სასამართლომ კომპენსაციაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დაასკვნა, რომ ბრალეულობა თავად ადამიანს ეკისრებოდა - "როდესაც საკუთარ ეზოში შეუფერებელ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა“. თავის მხრივ Google-ის დაცვა აცხადებდა, რომ “ეზოს ღობე საკმარისად მაღალი არ იყო, რათა თავიდან აეცილებინა ასეთი შემთხვევა".
თუმცა მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა დაასკვნეს, რომ ეჭვგარეშე ადგილი ჰქონდა მამაკაცის ღირსება შელახვას და Google-ს არგენტინულ პესოში დაახლოებით 12 500 -დოლარიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრეს.
“ეს იყო იმ ადამიანის გამოსახულება, რომელიც არა საჯარო სივრცეში, არამედ საკუთარ სახლში, ღობეს მიღმა იყო გადაღებული, რაც პირადი ცხოვრების ხელყოფას წარმოადგენს“, - დაწერეს მოსამართლეებმა დასკვნაში.