სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში საქართველოში ძალაში შევა ცვლილებები, რომლითაც საჯარო სექტორში "მხილების" მექანიზმი დაინერგება.
"ამ ცვლილებებით საჯარო სექტორებში და მათ შორის, თვითმმართველობებში გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება. რაც ყველაზე მთავარია - აღმოიფხვრება ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის ფაქტები. საერთოდ აიკრძალება, რომ რომელიმე თანამდებობის პირმა რამდენიმე საჯარო სექტორში იმუშაოს. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მდგრადობისთვის, ისე გამჭვირვალობისთვის, ანგარიშვალდებულებისთვის. ეს რეფორმები განხორციელდება ზუსტად იმ ფორმით, რაც კანონმდებელმა დააწესა“, - განაცხადა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
კუპრაშვილის განმარტებით, "მამხილებელი შეიძლება იყოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე".
"მთავარია, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნეს შესწავლილი და ამ ფაქტებთან დაკავშირებით დროულად ხდებოდეს რეაგირება. შესაბამისად, თუ საჯარო სექტორში იარსებებს მსგავსი წარმოების მექანიზმები, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საჯარო მოხელის გადაწყვეტილებას კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის. ამიტომ, აქ არანაირი საფრთხე არ არის - პირიქით, საჯარო მოხელეებს ძალიან კარგად ესმით თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ასეთი ფაქტის გადამოწმებას იმისთვის რომ საჯარო სექტორში აღმოიფხვრას ნებისმიერი სისუსტე, რომელმაც შეიძლება შეიქმნას კორუფციული რისკი. ზუსტად ეს არის პრევენცია, რომ კონკრეტულ დარღვევას და დანაშაულს დავასწროთ და მანამდე მიეცეს საშუალება პრევენციას, რომ გამოასწოროს არსებული სისუსტე“, - განმარტა კუპრაშვილმა.
მისი თქმით, მამხილებლის დაცვის მექანიზმის გაძლიერება პრიორიტეტია.
როგორც კუპრაშვილი განმარტავს, პირს შეუძლია ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს, "მტკიცების ტვირთი კი მამხილებელს არ ეკისრება და ის გამკვლევის საგანი გახდება“.
"რა არის ეს ცვლილებები - თქვენ იცით, რომ საჯარო სექტორში არსებობდა ასეთი ცუდი პრაქტიკა, როდესაც საჯარო მოხელე რამდენიმე საჯარო დაწესებულებაში იყო დასაქმებული. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შეიცვალა აღნიშნული კანონმდებლობა და სექტემბრიდან ვეღარ იქნება შესაძლებელი აღნიშნული პრაქტიკა. აღარ მიეცემა კონკრეტული თანამდებობის პირებს დაკავდნენ კიდევ სხვა საჯარო დაწესებულებებში და მიიღონ გაორმაგებული ხელფასები. აქ ანტიკორუფციული ბიუროს როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გამოვეცით იმისთვის, რომ ეს კანონი კიდევ უფრო სწორად და კარგად აღსრულდეს. კანონი ასევე ითვალისწინებს საგამონაკლისო მიმართულებებს. თქვენ იცით, რომ არსებობს მთელი რიგი დარგები, სადაც არის დარგობრივი დეფიციტი. რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება აღნიშნულ პირებს. აღნიშნული კანონი არ შეეხება იმ ადამიანებს, ვინც მაგალითად, რამდენიმე თეატრშია დასაქმებული და სპექტაკლში მონაწილეობს. ამიტომ, ძალიან სწორი და დროული იყო აღნიშნული ცვლილება.
მეორე კანონი გახლავთ, როდესაც უკვე მრჩეველი ვეღარ იქნება ანაზღაურებადი საქმიანობა. თუმცა აქაც იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი კორუფციული რისკები, ანტიკორუფციულ ბიუროს მიღებული გვაქვს მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, სადაც ყველა ასეთი დასაქმებული პირი ვალდებული იქნება წინასწარ განაცხადოს თავისი ინტერესი და შესაბამისი დეკლარაცია შეავსოს. ანუ, ჩვენ გვეცოდინება მრჩევლად დანიშნულ პირს რა ინტერესი გააჩნია იმისთვის, რომ კორუფციული რისკები გამოირიცხოს და ვიცოდეთ, ეს ადამიანი კონკრეტულად რას საქმიანობს დაწესებულებაში.
შემდგომი ცვლილება არის მამხილებლის დაცვის მექანიზმები. ეს არის სრულიად სიახლე, სადაც ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს მხილების ძლიერი მექანიზმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, არ არის დროული პასუხები ამა თუ იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს მოქალაქის ნდობას კიდევ უფრო უარყოფითად განაწყობს საჯარო სექტორის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი დემოკრატიისთვის ძალიან პრობლემური საკითხი და საფრთხის მატარებელი. შესაბამისად, მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერება ეს იქნება რეფორმა, რომელიც გამჭვირვალობას შეიტანს. მამხილებელი არის ნებისმიერი მოქალაქე, მამხილებელი არის საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს კონკრეტულ საჯარო დაწესებულებში. აქ ანტიკორუფციული ბიუროს როლი ამ განხილვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება,“ - განაცხადა კუპრაშვილმა.