ავტორი:

"ძიძა არ გვყავს, მარტო ვცხოვრობთ, მაგრამ მშობლები მოდიან და გვეხმარებიან ხოლმე" - რას ჰყვება გიორგი კეკელიძის მეუღლე შვილსა და ახალ ცხოვრებაზე

"ძიძა არ გვყავს, მარტო ვცხოვრობთ, მაგრამ მშობლები მოდიან და გვეხმარებიან ხოლმე" - რას ჰყვება გიორგი კეკელიძის მეუღლე შვილსა და ახალ ცხოვრებაზე

გიორგი კეკელიძის ცხოვრებაში ცოტა ხნის წინ სასიამოვნო სიახლე მოხდა - მამა გახდა. მას არაჩვეულებრივი გოგონა კეკე კეკელიძე შეეძინა. როგორი გოგონაა პატარა კეკე, ვინ არის მისი დედიკო, როგორ ზრდიან შვილს გიორგი და მისი მეუღლე, როგორ შეიცვალა წყვილის ცხოვრება კეკეს დაბადების შემდეგ, ამაზე მარიამ სოსელია, გიორგის მეუღლე გვესაუბრება.

სანამ შვილზე დავიწყებდით საუბარს, ვთხოვე, ცოტა საკუთარ თავზეც მოეთხრო:

- სოციოლოგია მაქვს დამთავრებული, თუმცა ბავშვობიდან კინო, ტელევიზია და ყველაფერი, რაც გადაღებას უკავშირდებოდა, სულ მაინტერესებდა. შესაბამისად უნივერსიტეტის პარალელურად ცხოვრებაც ამას დავუკავშირე, დავიწყე ტელევიზიით და შემდეგ მრავალი წელი ვიმუშავე სარეკლამო ინდუსტრიაში კომერციული ვიდეო რგოლების პროდიუსერად. ჩემი ბოლო სამსახური მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიცია იყო, მაგრამ როდესაც გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, პაუზა ავიღე. ეს ჩემთვის საკმაოდ უცნაური მდგომარეობა აღმოჩნდა, რადგან 19 წლიდან სულ ვმუშაობ, ამიტომ ახლა მალევე ვგეგმავ, ახალი სამსახური დავიწყო. სულ ვიცოდი და ახლაც დავრწმუნდი, რომ ჩემი საქმის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

- მარიამ, გილოცავთ გოგონას შეძენას... როგორ ხართ - შეგცვალათ დედობამ?

- კარგად ვარ, დიდი მადლობა. ვერ ვიტყვი, რომ შემცვალა, დედობაზე იმდენი მაქვს ნაფიქრი, რომ ყველა გრძნობა თითქოს ბუნებრივია, ჩემში იყო და უბრალოდ ახლა იჩინა თავი. იქნება ეს სიხარული თუ სტრესი, ახლა უფრო მძაფრად აღვიქვამ ყველაფერს. გარდა შვილისა. ვგრძნობ, რომ მეტი პასუხისმგებლობა მაქვს საკუთარ თავზეც, რადგან მჯერა, რომ შვილს პირველ რიგში მშობლის კარგად ყოფნა აბედნიერებს.

- რა ხნისაა უკვე კეკე?

- კეკე 2,5 თვისაა, საოცარი გრძნობაა, როცა ხედავ შენი შვილი ყოველ დღე როგორ იზრდება.

- გოგონასთვის სახელის დარქმევა გიორგის იდეა იყო და მაშინვე დაუჭირეთ მხარი?

- არა, როდესაც გავიგეთ სქესი, მეგობრების ჯგუფში მივიწერე და ჩემმა მეგობარმა ქეთი მეტრეველმა ჩათში ეს სახელი ჩააგდო - მამის გვარს უხდებაო. გიორგის ვუთხარი და რამდენიმე დღეში აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან მოგვწონდა და რაც მთავარია, წარმოგვედგინა ჩვენს შვილზე.

- როგორი გოგოა კეკე, რა თვისებები და ხასიათი გამოავლინა?

- კეკე ძალიან კეთილი გოგოა, საკმაოდ ცნობისმოყვარე და თბილია, უყვარს სტუმრები, თამაში და მანქანით სეირნობა.

- ვის ჰგავს - დედიკოს თუ მამიკოს (გარეგნობასაც ვგულისხმობ და ხასიათსაც)?

- გარეგნობით მე მგავს, თუმცა არის მომენტები, როდესაც გიორგისაც ამსგავსებენ. ხასიათით ჩვენსავით უყვარს მგზავრობა და ახალი ადგილების აღმოჩენა. ჩემსავით უყვარს ძილი და მგონია, რომ გიორგისავით ეყვარება კითხვა. ამაზე სულ მეცინება, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, წიგნებს როცა ვათვალიერებინებ, ნახატების მაგივრად სულ წარწერებს უყურებს.

- როგორი მამაა გიორგი?

- გიორგი საოცრად მოსიყვარულე და მზრუნველი მამაა, დარწმუნებული ვარ, გიორგი კეკეს საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლე იქნება.

- გეხმარებათ კეკეს გაზრდაში?

- კი, ძალიან, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.

- მარტო ზრდით შვილს, თუ მშობლები, ძიძა გეხმარებათ?

- დიახ, ძიძა არ გვყავს. მარტო ვცხოვრობთ, მაგრამ მშობლები მოდიან და გვეხმარებიან ხოლმე.

- შეიცვალა გიორგი კეკეს დაბადების შემდეგ?

- კი, პრიორიტეტები შეეცვალა, მისი ყველა ნაბიჯი უკვე კეკეს უკავშირდება, ყველაფერი კეკესთვის და კეკესთან ერთად უნდა.

- მშობიარობას დასწრებია, - ეს სპონტანურად გადაწყვიტა და არ გაუჭირდა? ბევრი ამას ემოციურად ვერ უძლებს...

- ჩემი აზრით, არ გაუჭირდა, ემოციური თავისთავად იყო, თუმცა ამ საოცარი მოვლენის გამოტოვება გიორგისნაირი ადამიანისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა.

- შვილის როგორი აღზრდას ირჩევთ დედ-მამა?

- ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ მისი განვითარებისთვის, გავზარდოთ თავისუფალი და ბედნიერი, ვიყოთ მისი საუკეთესო მეგობრები და ყოველთვის ჰქონდეს ჩვენი იმედი. რომ გაიზრდება, მგონია, რომ გიორგი უფრო გაათამამებს ვიდრე მე. თუ საჭიროდ ჩავთვლი, შემიძლია ცოტა მკაცრი ვიყო, გიორგის - არა.

- რას უსურვებთ თქვენს შვილს სამომავლოდ?

ჩემს შვილს ვუსურვებ იყოს მშვიდი, ბედნიერი, თავისუფალი ადამიანი, ჰქონდეს ისეთი ცხოვრება, სადაც საშუალება მიეცემა, მისი შესაძლებლობები გამოიყენოს მაქსიმალურად.