ავტორი:

"ტკივილის და უსამართლობის მიუხედავად არ დანებდი" - ქართველი "ზოროს" წარმატების ფორმულა, სიყვარული და მეუღლის მილოცვა გაჩემპიონების შემდეგ

"ტკივილის და უსამართლობის მიუხედავად არ დანებდი" - ქართველი "ზოროს" წარმატების ფორმულა, სიყვარული და მეუღლის მილოცვა გაჩემპიონების შემდეგ

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია.

თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის ხმლით ფარიკაობის ფინალში ბაზაძემ ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი 15:9 დაამარცხა.

  • სანდრო ბაზაძე ასევე არის ევროპის ორგზის ჩემპიონი და ევროპული თამაშების გამარჯვებული. თბილისში ფარიკაობის მსოფლიო 22 ივლისიდან მიმდინარეობს.

"ვამაყობ, რომ სირთულეების, ტკივილის და უსამართლობის მიუხედავად არ დანებდი და ყველას აჩვენე რა შეგიძლია.უბრალოდ მადლობა. მიყვარხარ" - ასე ულოცავს სანდროს მისი მეუღლე სალომე გლოველი გამარჯვებას.

  • პირველი ნაბიჯები ფარიკაობაში

"სხვათა შორის, ფარიკაობაზე გვიან შევედი - 14 წლის. მანამდე ფეხბურთზე დავდიოდი, კარგადაც ვთამაშობდი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, აღარ გავაგრძელე ვარჯიში და კარიერა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი პირველი მწვრთნელი და ის ადამიანი, ვინც აქამდე მომიყვანა, არის მერაბ ბაზაძე - მამაჩემი, რომელმაც მთელი თავისი ძალა, ენერგია, გული და სული ჩადო იმაში, რომ მე ამ დონემდე მიმეღწია და აქამდე მოვსულიყავი.

ვფიქრობ, მამას იმედებს ვუმართლებ, თან ჯერ ყველაფერი წინ არის. ბექა ჩვენი გუნდის კაპიტანია და ძალიან კარგი სპორტსმენი, მას ყველა პატივს სცემს. ოთხკაციანია ჩვენი ჯგუფი და ბექა ერთ-ერთი ლიდერია მასში. დედაც ძალიან მეხმარება და ყველანაირად ცდილობს ხელი შემიწყოს, ჩემს წარმატებაში მისი დამსახურებაც უდაოა" - ჰყვებოდა 3 წლის წინ სანდრო AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

  • პირადი ცხოვრება

სანდროს მეუღლე სალომე გლოველია. წყვილს ორი შვილი ჰყავთ. ერთმანეთი საერთო მეგობრის საშუალებით გაიცნეს.

"გამიმართლა ასეთი მეუღლე რომ მყავს. სალომე ძალიან მეხმარება და დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი შედეგების მიღწევაში, ის ჩემი მოტივაციაა. ჩვენ პატარა, 3 წლის დაჩი გვყავს. ხშირად დიდი ხნით მიწევს ქვეყნიდან წასვლა, მდგომარეობას სალომე მიმსუბუქებს და მეუბნება, არ ინერვიულო, საფიქრალი არაფერი გქონდესო. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. სალომე ჩემმა მეგობარმა გამაცნო, რომელიც მისი პარალელურ კლასელი იყო.

იმ წელს ქობულეთში ვისვენებდით, იქ ვნახე და პირველივე დღიდან სიმპათია გამიჩნდა მის მიმართ, სალომე ჩემთვის პირველი სიყვარულია და მთელი ცხოვრება ასეც იქნება. სალომე ბიზნესს სწავლობს, სხვათა შორის, ის ჩვენს ფედერაციაში მუშაობს და ძალიან დაგვეხმარა შეჯიბრის ორგანიზებაში, ის უძღვება პიარსაც და ა.შ. ძალიან ბედნიერები ვართ... დიდი იმედი მაქვს, დაჩიც ჩემს გზას გააგრძელებს, არაფერს დავაძალებ, მაგრამ დიდი სურვილი მექნება, რომ ჩვენი ოჯახური ტრადიცია გააგრძელოს და იფარიკაოს. ვნახოთ, თუ მოინდომებს, მე ყველანაირად შევუწყობ ხელს" - ჰყვებოდა სანდრო.

  • "მიმაჩნია, რომ "ზოროზე" ძლიერი ვარ..."

წლების წინ AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში სანდრო ამბობდა, რომ მეგობრები მეტსახელად "ზოროს" ეძახიან

"სპორტული კოლეჯი დავამთავრე და შემდეგ ჩემი მეუღლის დახმარებით და რჩევით სპორტის უნივერსიტეტში ჩავაბარე, მწვრთნელთა ფაკულტეტზე. სპორტსმენისთვის კი არა, განათლება ყველასთვის საჭიროა. გაუნათლებელი ადამიანი დიდ შედეგსაც ვერ აღწევს, მინიმუმ, წიგნი უნდა წაიკითხო. მიყვარს კითხვა და მარტო როცა ვრჩები, დროს აუცილებლად გამოვნახავ ხოლმე ჩემი საყვარელი ავტორების წიგნებისთვის.

სიმღერის ნიჭი მაქვს, ჩემთვის ვმღერი და სახლში მარტო რომ ვრჩები, ჩემს ჭიას ვახარებ. ჩემი მეუღლე მეუბნება, გამოგდისო, და რა ვიცი... ჩემს თავზე რა ვთქვა, კეთილი ვარ და სიცილი მიყვარს ძალიან. მეგობრები მეტსახელად "ზოროს" მეძახიან, მაგრამ ვთვლი, რომ "ზოროზე" ძლიერი ვარ (იცინის)" - ამბობდა ჩემპიონი.