24 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გამარჯვებისა და ღირსების ორდენებით, ასევე ღირსების მედლებით დააჯილდოვა კალათბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების წევრები. თუმცა, დაჯილდოებას არ ესწრებოდა ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა, გიორგი ცინცაძე. როგორც მან „ტაბულასთან“ საუბარში განაცხადა, მან უარი თქვა ღირსების ორდენის მიღებაზე.
საკალათბურთო კარიერის დასასრული და რეკორდი
გიორგი ცინცაძის 20-წლიანი სანაკრებო კარიერა ერთი წლის წინ, სერბეთის წინააღმდეგ გამართული ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩით დასრულდა. ეს მისთვის რეკორდული, 217-ე მატჩი იყო ეროვნული ნაკრების მაისურით. ამ შეხვედრაში „ბუმ“ (როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ) 6 ქულა, 4 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.

"ყველა გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა ამდენი ხნის განმავლობაში გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის. ყველა იმ თანაგუნდელს ვეტყვი მადლობას, ვისთან ერთადაც მოედანზე წამი გამიტარებია, მე ისინი მეამაყება. ცხოვრების ბოლომდე მათ ვუგულშემატკივრებ. გიყვარდეთ კალათბურთი. მეც თქვენთან ერთად ვუგულშემატკივრებ საქართველოს ნაკრებს და ერთად მივაღწევთ დიდ წარმატებებს, მე ამის მჯერა. მთელი ცხოვრება გამყვება ეს ემოციები, არ ვიცი როგორ შევიკავე თავი, რომ ცრემლები არ წამომივიდა, ალბათ იმიტომ, რომ რაღაცებზე მანამდე ვიტირე და ცრემლები დამეხარჯა,“ - განაცხადა გიორგიმ კარიერის დასრულების შემდეგ.
თბილისში, 1986 წლის 7 თებერვალს დაბადებული ცინცაძე, რომელიც გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობდა, ეროვნულ ნაკრებთან მრავალ მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ მომენტს აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ საკალათბურთო კარიერა დაასრულა, მისი გავლენა ქართულ კალათბურთზე უდავოა.
მისი საკლუბო მიღწევები მოიცავს:
· რუსეთის ჩემპიონი (2004)
· ულების თასის მფლობელი (2006)
· ესტონეთის ორგზის ჩემპიონი (2007, 2008)
· ევროჩელენჯის ოთხთა ფინალის მონაწილე (2008)
· ბალტიის ლიგის „ოლ სტარის“ მონაწილე (2008)
· ესტონეთის პირველობის საუკეთესო კალათბურთელი (2009)
· ესტონეთის თასის მფლობელი (2011)
· ბალტიის თასის გამარჯვებული (2011)
· უკრაინის ჩემპიონი (2013)
· საქართველოს ჩემპიონი (2016)
· საქართველოს თასის მფლობელი (2017)
ოჯახი და ცხოვრებისეული გამოწვევები
კარიერის დასრულების შემდეგ გიორგი ცინცაძე სტუმრად იმყოფებოდა "ნოესთან", სადაც გულახდილად ისაუბრა კარიერასა და ოჯახზე.
შვილები: "ჩემი შვილი ნიკოლოზი 13 წლისაა, ვივიენი - 2-ის. ჩემი შვილები არიან ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი, რაც გამაჩნია, მათთვის არის. უფროსი ძალიან ამაყობს ჩემით, თამაშზეც დადის, გიორგი ცინცაძეა მამაჩემიო, ყვირის. მათ ვეტყოდი, ყოველთვის ის გააკეთონ, რაც ძალიან უყვართ. თუ გული არ მისდით საქმისკენ, ის არ გააკეთონ. თუ რაღაცას მთელი სულით და გულით არ აკეთებ, არც გამოგივა.“

დედა და 90-იანი წლები: "ჩემგან ყველაზე დიდი მადლობა დედას ეკუთვნის. 90-იანებში საქართველო ხომ ქალებმა გადაარჩინეს, ჩვენი ოჯახიც დედამ გადაარჩინა. საკმაოდ პატარა ასაკში დაშორდნენ ჩემი მშობლები. შეძლებული ოჯახი გვქონდა და შემდეგ „მხედრიონმა“ მამაჩემს ყველაფერი წაართვა. შემდეგ იყო ის 10-წლიანი პერიოდი, როცა დედაჩემი გახდა მებრძოლი. მადლობა, დე. მადლობა საკმარისი არ არის, მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა დავუფასო ეს.“
ცხოვრება უცხოეთში: გიორგი იხსენებს თავის პირველ გამოცდილებას უცხოეთში, 17 წლის ასაკში: "პირველად 17 წლის ვიყავი, როდესაც მოსკოვში წავედი სათამაშოდ. სახლში ვრეკავდი: დედა, უნდა გამოვიქცე, ისე ცუდად ვარ, აღარც კალათბურთი მინდა, აღარც არაფერი, აქედან წამიყვანეთ-მეთქი. მერე მივეჩვიე.“

პირადი ცხოვრება
გიორგი ცინცაძე პირველად ნანა ცინცაძეზე იყო დაქორწინებული, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა. როგორც ნანა იხსენებდა: "მეზობლები ვიყავით და ერთად დავრბოდით ეზოში. ტყუპისცალი და მყავს და ჩემი, ჩემი დისა და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი გოგონას ყველაზე საყვარელი მეგობარი იყო გიორგი. სულ ერთად დავდიოდით. ჩაჯდებოდა ხოლმე ჩვენთან, გოგონებთან და ვჭორაობდით. ჩემი მესაიდუმლეც იყო. ბოლოს ცოტა ზედმეტები მომივიდა, ბევრი რამ მოვუყევი, განსაკუთრებით – თაყვანისმცემლებთან დაკავშირებით.“

ნანა და გიორგი 2007 წელს დაქორწინდნენ, შვილი 2011 წელს შეეძინათ. რამდენიმე წლის შემდეგ წყვილი დაშორდა. მოგვიანებით გიორგი ვიზაჟისტ მარი გოშხეთელიანზე დაქორწინდა, რომელიც ლელა კილაძის ახლო ნათესავია. მათ ერთმანეთი ლიეტუვაში, ევროპის ჩემპიონატზე გაიცნეს.

"მაშინ ოჯახი ჰყავდა და არაფერი ყოფილა, უბრალოდ, გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ სამი წლის წინ შევხვდით ერთმანეთს" - იხსენებდა მარი. გიორგი დასძენს:
"დაბადების დღე მქონდა, ცოტა ხნით მოვიდა და წავიდა. ეტაპობრივად მალე გადავიდა ყველაფერი ისე, რომ არც დაგვჭირვებია სიყვარულის ახსნა. რომანტიკით დიდად არ გამოვირჩევით, მაგრამ ჩვენ შორის რომანტიკული უფრო მარია. რაც შეეხება სიურპრიზებს, მე უცხოეთში ვთამაშობდი და ჩამოვიდა. ვიფიქრე, საჩუქარს ვუყიდდი, წავედი და ორივესთვის ერთნაირი პარფიუმები ვიყიდე. რომ მივეცი, რა კარგია, ამას დედაჩემს მივცემო.“
2022 წლის სექტემბერში მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში გიორგი ცინცაძისა და მარი გოშხეთელიანის ქალიშვილის, ვივიანის, ნათლობის ფოტოები გაავრცელა. ნათლობას ესწრებოდნენ ცნობილი სახეები, მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანი და ლელა კილაძე.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, ცინცაძე და გოშხეთელიანიც დაშორდნენ. მარის ინსტაგრამის გვერდიდან გამქრალია ყველა ფოტო, სადაც ის გიორგისთან ერთად იყო გადაღებული.