ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორი დააკავა.
ამის შესახებ უწყებაში ბრიფინგი გაიმართა.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორი ნ.ს.
დანაშაულებრივი განზრახვის შენიღბვის მიზნით ნ.ს.-მ ორი ხელშეკრულება დაამზადა - ერთი ფართის ქირავნობის, მეორე ფიქციურად კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით. ნ.ს. დაკავებული იქნა მოთხოვნილი თანხის - 7 000 ლარის აღების ფაქტზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-მდე წლამდე ვადით. აქტიურად გრძელდება გამოძიება, დანაშაულებრივ ქმედებებში შესაძლო ჩართული მუნიციპალიტეტის სხვა მოხელეთა მხილების მიზნით.
საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება უმკაცრესი ზომები, განსაკუთრებით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მითვისებისა და კორუფციის ფაქტებზე“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, თეონა დევდარიანმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
ვინ არის ლენტეხის კულტურის ცენტრის დირექტორი?
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ააიპ „ჯოკიო მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის" დირექტორი ნათია სვანიძეა, რომელიც თანამდებობაზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ონიანის ბრძანების საფუძველზე 2025 წლის 24 თებერვალს დაინიშნა.
მას 6-თვიანი გამოსაცდელი ვადა ერთ თვეში ეწურებოდა. მანამდე ცენტრს მაყვალა გაზდელიანი ხელმძღვანელობდა. ის გარდაიცვალა.
დაკავებულ საჯარო მოხელეს ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.