საბერძნეთში, ქვეყნის 5 ლოკაციაზე ხუთ მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, ოფიციალური პირები ათენიდან ჩრდილოეთით სულ რაღაც 30 კილომეტრში მდებარე რეგიონიდან, სადაც ხანძარი მძვინვარებს, მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ.
კვამლი და მისი სუნი ათენის ცენტრამდე აღწევს.
საბერძნეთმა ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად ევროკავშირის დახმარება მოითხოვა.

"დაშავებული მეხანძრეები გვყავს, ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია, ქონება დაიწვა და ტყის მასივები განადგურდა“, - განაცხადა საბერძნეთის კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, გიანის კეფალოიანისმა.
რამდენიმე სოფელი, მათ შორის პურნოსი და მისტროსი, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც ცეცხლმა ანძები და ელექტროგადამცემი ხაზები გაანადგურა.
ექვსი მეხანძრე დამწვრობისა და კვამლისგან მიღებული დაზიანების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კუნძულ კიტირას მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ხანძრის გამო, რომელმაც კუნძული მოიცვა, "სრული განადგურების" სცენებს ხედავენ. რამდენიმე დასახლება ევაკუირებულია, ხოლო სანაპირო დაცვამ, კერძო ნავების დახმარებით, ლიმნიონასის სანაპიროდან 139 ადამიანი გადაარჩინა და უსაფრთხოდ გადაიყვანა კაფსალის პორტში.