კამელია მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარია ჩაისებრთა ოჯახიდან. მისი 80-ზე მეტი სახეობა აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია გავრცელებული. იაპონური კამელია და მისი ჰიბრიდული ფორმები მოჰყავთ ოთახებსა და ორანჟერეებში, კავკასიაში კი ღია გრუნტშიც.
ჩინური კამელიის ანუ ჩაის ბუჩქის ნორჩი ყლორტებისგან ჩაის ამზადებენ, ასევე მზადდება ეთეროვანი ზეთი. ძირითადად დეკორატიული მცენარეა. მასობრივად საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ბაღებსა და პარკებშია მოშენებული.
ეს მცენარე ფუნდამენტურად ქართველმა მეცნიერმა ქალმა ნუნუ ჯინჭარაძემ შეისწავლა, რომელიც აგრონომი, სუბტროპიკოსი გახლდათ.
ის წლების განმავლობაში ბათუმის ბოტანიკური ბაღის სელექციის განყოფილებაში მეცნიერ მუშაკად მუშაობდა. ერთხელაც კამელიით დაინტერესდა და ამ მცენარის შესწავლას თუ სელექციას 35 წელიწადი შეალია.
“მაშინ კამელიაზე მასალა თითქმის არ არსებობდა. ჯიშები იყო, მაგრამ სახელები არ ჰქონდათ დადგენილი. ამიტომ ბაღის დირექტორთან ერთად გადავწყვიტეთ, კამელია ყოფილიყო ჩემი სამუშაო თემა. მუშაობაში, უცხოური ლიტერატურის გამოწერაში, საუკეთესო ბიბლიოთეკარი, ვერონიკა ველგეიმი მეხმარებოდა. შედეგად, ამ მცენარით ნელ-ნელა დაინტერესდნენ, ფასიც ჰქონდა და მოთხოვნაც იყო. ყოფილ საბჭოთა სივრცეში (მოსკოვი, ალმა-ათა, ტაშკენტი) არსებული ბოტანიკური ბაღები ყიდულობდნენ და მათთვისაც ვამრავლებდი,“ - ჰყვებოდა წლების წინ ჩვენთან ინტერვიუში ენერგიული და საქმეზე შეყვარებული ქალბატონი, რომელმაც კამელიის 80-მდე ჯიში შეისწავლა და დაამუშავა. ამასობაში კი ამ მცენარემ თავი უზომოდ შეაყვარა.
„აივანზე ჩემი გამოყვანილი ჰიბრიდი ახლაც მაქვს, ყოველდღე რომ არ მოვეფერო... დიდი მონდომებით ვიყავი ჩართული კამელიების შეჯვარების, ახალი ჯიშების გამოყვანის საქმეში. მათგან მივიღე პირველი და მეორე თაობა, რომელთაგან საინტერესო ფორმები გამოვარჩიე. კამელიის აღწერა მისი ზომიდან, ფერიდან და ფორმიდან იწყება. ყვავილები სხვადასხვა ფორმის აქვს.
კამელიის სამშობლოდ იაპონია, ჩინეთი და კორეა ითვლება, სადაც ველურად იზრდება. შავი ზღვის სანაპიროზე XIX საუკუნის მეორე ნახევარში, 60-70-იან წლებში შემოვიდა... ჩემი აზრით, უკეთესი კულტურა სუბტროპიკებისთვის არ არსებობს. მას „ცივ საოცრებასაც“ უწოდებენ,“ - გვიყვებოდა მეცნიერი ქალბატონი.
- აჭარა, მწვანე კონცხი, ნარინჯისფერი ფერდობი, ზღვა მთა, გემები, ბოტანიკური ბაღი - ეს ის გარემოა, რომელმაც ჩემი გული 2014 წელს დაიპყრო.
დაოჯახების შემდეგ მეუღლემ ბებოს გასაცნობად წამიყვანა... მიხაროდა უნდა გამეცნო ღვაწლმოსილი მეცნიერი, სელექციონერი, 90 წლის ნუნუ ჯინჭარაძე.
მან დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმიღო, გულში ჩამიკრა, დავმეგობრდით და მომდევნო 10 წელი საოცარი ურთიერთობა გვქონდა. გავიცანი ლამაზი, ტანადი, უთბილესი ღიმილით, კეთილი თვალებით ქალი-ლეგენდა, კამელიების დედოფალი - მას ასე სიცოცხლეშივე უწოდეს.
ბებოსგან მოვისმინე ბევრი ისტორია მისი მოღვაწეობის შესახებ. ნახევარ საუკუნეზე მეტი შეალია კამელიის ჯიშების კვლევას და ჰიბრიდიზაციას. რამდენიმე ჰიბრიდი იტალიამ ჯიშად აღიარა. ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთან, ხდებოდა ჯიშების გაცვლა-გამოცვლა, დელეგაციების სტუმრობა, თავადაც მოგზაურობდა.
მისი ღვაწლი ფასდაუდებელია, არა მარტო ბოტანიკური ბაღისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ასეთ ადამიანებს სწორედაც, რომ უნდა იცნობდნენ. 100 წელს მიტანებული კვლავ წერდა, აკვირდებოდა, ისმენდა, იღვწოდა რისთვის? მომავალი დღისთვის, მომავლისთვის... კვლევით, ძიებით, საუკუნე დაამრგვალა და დაგვემშვიდობა...
დღეს ამ საოცარი ქალბატონის შესახებ მის მიერ შესწავლილი კამელიის ჯიშები და გამოყვანილი ჰიბრიდები საუბრობენ. კამელია სავიზიტო ბარათია ბოტანიკური ბაღის ე.წ. უკვდავი ძეგლი ღია ცისქვეშ. „ცივი სილამაზე“, რომელიც ოქტომბრიდან მაისის ბოლომდე აოცებს ბაღის ვიზიტორებს.
ერთ-ერთმა ქალიშვილმა ჩაკვირვების დედოფალიც უწოდა, სწორედ ამ ჩაკვირვებამ შეაძლებინა შეუძლებელი...
ბებომ დაგვტოვა და მისი ჰიბრიდები: ეთერი, ლიანა, ციცინო, ლალი - დღესაც ყვავის მისსავე ეზოში და ასევე სიცოცხლეშივე დაკალმებული ჯიშებიც.
სახელი, რომელიც უკვდავია მან განუზომელი შრომით მოიპოვა და ასე შეუერთდა მარადისობას...