ჩინური კომპანიის მიერ შექმნილი ჰუმანოიდი რობოტი, რომელსაც მუშტებით ბრძოლა შეუძლია, ბაზარზე გასაყიდად გამოდის

ჩინური კომპანიის მიერ შექმნილი ჰუმანოიდი რობოტი, რომელსაც მუშტებით ბრძოლა შეუძლია, ბაზარზე გასაყიდად გამოდის

ჩინური კომპანია Unitree Robotics-ის ახალ სარეკლამო ვიდეოში ნაჩვენებმა რობოტმა R1-მა, სოციალური ქსელების მომხმარებლებში ქაოსი გამოიწვია. ბაზარზე არსებული უახლესი ჰუმანოიდი რობოტი საკმაოდ საინტერესო მონაცემებით ხასიათდება - მას ბალახიან გაზონზე სირბილი, ხელებით სალტოების კეთება და მუშტებით ბრძოლაც კი შეუძლია, მისი ფასი კი $6 000-ია.

ჩინური კომპანიის რობოტი R1 დაახლოებით 25 კილოგრამს იწონის, აქვს 26 სახსარი, რაც მას მოქნილი მოძრაობის საშუალებას აძლევს. ის მულტიმოდალური ხელოვნური ინტელექტით, მათ შორის ხმისა და გამოსახულების ამოცნობის ფუნქციებითაცაა აღჭურვილი.

უახლესი ჰუმანოიდი რობოტით დაინტრიგებული მომხმარებლები სოციალურ ქსელებში უამრავ კითხვას სვამენ: "მტვერსასრუტის გამოყენება შეუძლია? სარეცხი მანქანის? ტანსაცმლის დაკეცვა ან დაუთოება? საჭმლის მომზადება?", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი X-ზე. მეორე კი გამოგონებას ასე ეხმიანება: "ჩემი ქალიშვილი მთელი დღე ტანვარჯიშითაა დაკავებული. ამისთვის რობოტი რაში მჭირდება?!"

ზოგი ხუმრობდა, შეეძლო თუ არა რობოტს მფლობელის მოძალადეების თავდასხმისგან დაცვა და მათი მუშტებით მოგერიება. ზოგიც ეჭვობდა, მარკეტინგული ვიდეოსთვის ხელოვნური ინტელექტი და კომპიუტერული გრაფიკა ხომ არ იყო გამოყენებული. ყველაფრის მიუხედავად, მხოლოდ 6 000 დოლარად შექმნილი ადამიანის მსგავსი რობოტი ჩინეთისთვის რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

ფირმა, რომელიც ვანგ სინსინმა 2016 წელს დააარსა, წელს კიდევ უფრო პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მისი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პრეზიდენტ სი ძინპინთან სამიტზე ისეთ ცნობილ სახელებს შეუერთდა, როგორიც Alibaba-ს ჯეკ მა და Tencent-ის პონი მა არიან.

Unitree-ის კიდევ უფრო მასიური და განვითარებული რობოტი H1 90 000 დოლარზე მეტადაა შეფასებული. კომპანიის ცნობით, მისი წონა 45 კილოგრამზე მეტია და აქვს სიჩქარის, სიმძლავრის, მანევრირებისა და მოქნილობის უმაღლესი დონე, შეუძლია იაროს ან ირბინოს რთულ რელიეფებზეც. H1-ის ფონზე, მისი მომდევნო, R1 მოდელის საწყისი ფასი შოკისმომგვრელად დაბალია.

Morgan Stanley Research-ის შეფასებით, გასულ წელს ყველაზე დახვეწილი ჰუმანოიდი რობოტის ღირებულება დაახლოებით 200 000 დოლარი იყო.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა