"უთანასწორო ბრძოლების მოგება გვჭირდება ქალებს, რომ ეს ბანძი წესრიგი ავაყირავოთ და კანონის უზენაესობა თოვლივით სწორად მოეფინოს ქალსაც და კაცსაც, ბავშვსაც და მოხუცსაც, უმცირესობასაც და უმრავლესობასაც", - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის ეხმიანება ელდარ კურტანიძის მიერ ყოფილ ცოლზე ძალადობის საკითხს.
თამარ ჩერგოლეიშვილი:
"იქ, სადაც სისტემა ერთი კაცის სამსახურში დგას, არც ქალია დაცული, არც კაცი. იქ, სადაც ოჯახის სიწმინდის დღე უმცირესობაზე ძალადობას დაეფუძნა, ცხადია, რომ ფიზიკურად სუსტზე - ანუ ქალზე ძალადობაც ნორმა იქნება იქამდე, ვიდრე გარემო ფუნდამენტურად არ შეიცვლება და ადამიანის ღირსების თანასწორობა არ დამყარდება.
ელდარ კურტანიძე ქალზე მოძალადე რომ არ იყოს, ის გამიკვირდებოდა.
ველურები ყოველთვის იარსებებენ.
პრობლემა ისაა, რომ ეს შემთხვევა არა გამონაკლისი, არამედ აისბერგის წვერია. ძირი ისაა, რომ ჩამორჩენილ საზოგადოებებში, სადაც ცხოვრებას არა კანონი და მის წინაშე თანასწორობა, არამედ ძალა ხნავს, ქალი მეორეხარისხოვანი არსებაა - ის კაცის პატივის ორნამენტია - მისი ჩრდილია (ქმრისთვის მაინც ეკითხა - აქ შეიძლება შესძახოს ამ წესრიგის მსხვერპლმა, რომელსაც თავი ქალთა უფლებადამცველად მოაქვს).
უთანასწორო ბრძოლების მოგება გვჭირდება ქალებს, რომ ეს ბანძი წესრიგი ავაყირავოთ და კანონის უზენაესობა თოვლივით სწორად მოეფინოს ქალსაც და კაცსაც, ბავშვსაც და მოხუცსაც, უმცირესობასაც და უმრავლესობასაც", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.