თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, ბურსას მიმდებარე ტყიან მთებში ძლიერ ხანძარს ებრძვიან.
შედეგად, 3 500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მთავრობამ ორი პროვინცია, იზმირი და ბილეჩიქი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა, ხანძარი იყო ანტალიის პროვინციაშიც.



დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ბურსას მერის, მუსტაფა ბოზბეის, განცხადებით, ერთ-ერთი მეხანძრე სამუშაოს შესრულებისას გულის შეტევით გარდაიცვალა. გუბერნატორის ადმინისტრაციამ კვირას განაცხადა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფლებიდან 1765 ადამიანი უსაფრთხოდ იქნა ევაკუირებული.


თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, იბრაჰიმ იუმაკლიმ, განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით სახანძრო ჯგუფებმა შაბათს 76 ცალკეული ხანძარი ჩააქრეს, რომელთაგან 28 ტყეში იყო.


ერთ ქალაქში ჰაერის ტემპერატურამ 55 გრადუსს მიაღწია. ქვეყნის მეტეოროლოგიის გენერალური დირექტორატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტემპერატურა კვლავ მოიმატებს. ხანძრის ახალი კერების გაჩენას ქარი და მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს.