რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი აცხადებს რომ "ქართული ოცნების“ ამჟამინდელი მთავრობის პირობებში, საქართველოს "მოუწევს დაივიწყოს“ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება.
მისი თქმით, დასავლეთი მიიჩნევს, რომ თუ მთავრობა ანტირუსული არ არის, მაშინ ის პრორუსულია, ანუ "ის დემონსტრაციულად ანტირუსული უნდა იყოს“.
ამის შესახებ დუმის დეპუტატმა Smart Guys-ის პროგრამაში ისაუბრა.
“საქართველოს არცერთი ხელისუფლება მზად არაა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე პრეტენზიებზე უარი თქვას. განსხვავება იმაშია, რომ თუ სააკაშვილი ამის გადაჭრას 2008 წელს ელვისებური გამარჯვების კამპანიით ცდილობდა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს გამონახოს სხვა გზები იმისთვის, რომ აფხაზეთი და ოსეთი დაბრუნებაზე დაიყოლიოს. თუმცა აფხაზეთსა და ოსეთს საკუთარი ინტერესები გააჩნიათ - საკუთარ დამოუკიდებლობაზე უარის თქმა არ უნდათ.
სამხრეთ ოსეთში საერთოდაც საქართველოსთან კი არა, ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება უნდათ, რათა საბოლოოდ შეიქმნას საერთო ოსეთი, თუნდაც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, მაგრამ ერთიანი, საზღვრით განუყოფელი", - თქვა ზატულინმა.
როგორც დუმის დეპუტატმა განაცხადა, სანაცვლოდ, დასავლეთმა შესაძლოა საქართველოს უვიზო რეჟიმი არ შეუჩეროს ან NATO-ში მიიღონ. პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისს კვლავ აქვს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების ოფიციალური მიზანი.
"ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში, ამ ხელისუფლებით საქართველომ ევროკავშირსა და NATO-ში შესვლა უნდა დაივიწყოს. მეტასტაზები კი ღრმად ფესვგადგმულია - ქართული საზოგადოება სავსეა სოროსის ბავშვებით, სოროსის შვილიშვილებით. რატომ ატყდა ასეთი აყალმაყალი გასულ წელს? რადგან მიიღეს კანონი, ამერიკულიდან გადაწერილი, უცხოეთის აგენტების შესახებ... პირდაპირ გადაწერილი ამერიკული [კანონიდან], რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია მოქმედებს. რაც იუპიტერს ეპატიება, არ ეპატიება ხარს. ამიტომაც, პირდაპირ, ეს ხელისუფლება დაადანაშაულეს, რომ დასავლეთის მტრები არიან..." - თქვა დუმის დეპუტატმა.
"საქართველოში გარკვეული დასკვნა გამოიტანეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდიდან - გაიაზრეს, რომ ეს კარგს არაფერს მოუტანს, რომ რუსეთის გარდა საქართველოს პროდუქტსა და თავად ქართველებს არსად მიიღებენ. ეს მმართველი პარტიისთვის ნაყოფიერი ნიადაგია", - თქვა რუსმა პოლიტიკოსმა.