სოციალური ქსელ X-ის "მოსადთან" დაკავშირებული ანგარიშის მიხედვით, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მთელ დღეს ძილში და ნარკოტიკების მოხმარებაში ატარებს, მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს სუფთა წყალსა და ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს.
"როგორ უნდა უძღვებოდეს ლიდერი ქვეყანას, როცა ნახევარ დღეს სძინავს და დანარჩენს ნარკოტიკებით გაბრუებული ატარებს?", - ვკითხულობთ ანგარიშის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
"ნარკოტიკების მოხმარება და სულებთან საუბარი არ არის ის თვისებები, რომლებიც ქვეყნის ლიდერს უნდა ახასიათებდეს“, - ნათქვამია 9 ივლისის პოსტშიც.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღნიშნული განცხადებები გავრცელდა X-ზე (ყოფილი Twitter) გახსნილი ახალი ანგარიშიდან, რომელსაც აქვს პრემიუმ გამოწერა და აცხადებს, რომ არის "მოსადის" ოფიციალური სპიკერი ფარსულად (ირანის სახელმწიფო ენა), თუმცა, თავად ისრაელის დაზვერვას ოფიციალურად არ დაუდასტურებია ამ ანგარიშთან კავშირი.

ანგარიშმა ბოლო თვეში არაერთი პოსტი გამოაქვეყნა ხამენეის ჯანმრთელობისა და ირანში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომლებშიც განხილულია ქვეყანაში სუფთა წყლის, განათლებისა და ელექტროენერგიის ნაკლებობა.
ერთ-ერთ პოსტში განხილულია ახლად დანიშნული, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ დასახელებული სარდლობის უფროსი, რომელიც ირანის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელია.
როდესაც ირანის ნახევრად ოფიციალურმა სააგენტომ "ტასნიმმა“ გამოაცხადა, რომ სარდლის ვინაობის გამჟღავნება არ იგეგმებოდა უსაფრთხოების მიზნით, "მოსადთან" დაკავშირებულმა ანგარიშმა კი დაწერა, რომ მათ უკვე იციან ვინაობა და ირანელებს სთხოვეს გამოიცნონ მისი სახელი.
როდესაც ერთმა გამომწერმა დაასახელა ალი აბდოლაჰი ალიაბადის სახელი, ანგარიშმა უპასუხა: "გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ პირადში, რათა მიიღოთ თქვენი ჯილდო".
ანგარიშის სატირულმა ტონმა და პროვოკაციულმა შინაარსმა კრიტიკოსების ყურადღება მიიპყრო. დაზვერვის 2 ექსპერტი ისრაელურ მედიას JFeed-თან საუბარში აცხადებს, რომ ეს ანგარიში, დიდი ალბათობით, ავთენტურია.
"ზოგიერთი ინფორმაცია, რომელიც იქ ქვეყნდება, მხოლოდ "მოსადს" შეიძლება ჰქონდეს", - აღნიშნა ბენი საბტიმ, ირანის საკითხების ექსპერტმა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტიდან.
აღსანიშნავია, რომ ხამენეის ნარკოტიკების მოხმარებაზე ეჭვები წარსულშიც გამოთქმულა - 2022 წელს ირანელმა აკადემიკოსმა განაცხადა, რომ ლიდერი ხშირად მოიხმარს სხვადასხვა პრეპარატებს.
აღსანიშნავია, რომ 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ირანში ნარკოტიკების მოხმარება საჯაროდ “არაისლამურად“ არის გამოცხადებული, ქვეყანაში ამასთან დაკავშირებული დანაშაულები ხშირად სიკვდილით ისჯება. წყარო
ირანის საელჩო გამოეხმაურა დასავლურ მედიაში გამოქვეყნებული სტატიის ამ ქართულ თარგმანს და მიიჩნევს სტატიას უსაფუძვლოს და ცილისმწამებლურს.
გთავაზობთ საელჩოს მიერ გამოგზავნილ განცხადებას უცვლელად:
"ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო მადლობას უხდის Ambebi.ge-ს პროფესიული და პასუხისმგებლობით სავსე გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმად, მოგვარდა ცოტა ხნის წინ პლატფორმაზე გამოქვეყნებული უმართებულო სტატიის საკითხი. ეს ქმედება ასახავს თქვენს ერთგულებას ჟურნალისტური მთლიანობისა და ზუსტი ინფორმაციის გავრცელების პრინციპებისადმი.
Ambebi.ge-ზე გამოქვეყნებული სტატია ეფუძნებოდა Mosad-თან დაკავშირებულ წყაროსა და Fox News-ის რეპორტაჟს, რომლებიც ცნობილი არიან ირანის მიმართ ხშირად კრიტიკული და მიკერძოებული პოზიციით. ორიგინალური სტატია, რომელიც Fox News-ის რეპორტაჟზე იყო დაფუძნებული, შეიცავდა უამრავ აღმაშფოთებელ და უსაფუძვლო ბრალდებას ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს მტკიცებები მთლიანად გამოგონილი და ფაქტობრივი საფუძველს მოკლებულია. აღნიშნული სტატია წარმოადგენს მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომლის მიზანია ცილი დასწამოს და შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერს, რომელიც მრავალი ადამიანის შთაგონების წყაროა მთელ მსოფლიოში. Fox News-ის რეპორტაჟის ანალიზი ცხადყოფს, რომ მისი ძირითადი მტკიცებები აგებულია ანონიმური სოციალური მედიის ანგარიშისა და პოლიტიკურად მიკერძოებული წყაროების დაუდასტურებელ განცხადებებზე. მტკიცებულებების ნაკლებობა და მანიპულაციისადმი მიდრეკილი პლატფორმების გამოყენება არის მავნე მცდელობის ნათელი მაგალითი, რომლის მიზანიც სიცრუის გავრცელებაა და არა საზოგადოების ინფორმირება.
უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც ირანის საელჩომ Ambebi.ge-ს რედაქციას მიმართა პოლიტიკური ცილისწამების შემცველი სტატიის გამო, რედაქცია პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს და თანხმობა განაცხადა, გამოექვეყნებინა საელჩოს განცხადება.
ირანის საელჩო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ირანის ისლამური რესპუბლიკისა და მისი მმართველების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო მოუთმენლად ელის ქართულ მედიასთან პროფესიული ურთიერთობის გაგრძელებას, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემასა და სიმართლის ერთობლივ ძიებაზე".