ავტორი:

მეცნიერები გვაფრთხილებენ: მსოფლიო ოკეანე დათბობას განაგრძობს, რაც მძიმე შედეგებს მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს - "ეს უფრო ინტენსიურ და მასშტაბურ გვალვებს, ხანძრებსა და შტორმებს გამოიწვევს"

მეცნიერები გვაფრთხილებენ: მსოფლიო ოკეანე დათბობას განაგრძობს, რაც მძიმე შედეგებს მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს - "ეს უფრო ინტენსიურ და მასშტაბურ გვალვებს, ხანძრებსა და შტორმებს გამოიწვევს"

2023 წელს დედამიწის ზღვებსა და ოკეანეებზე სიცხის ტალღების უპრეცედენტო მასშტაბებით ზრდა დაფიქსირდა. მათ ახალი რეკორდი დაამყარეს ინტენსივობის, გეოგრაფიული გავრცელების და ხანგრძლივობის მიხედვით, ბევრი მათგანი ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და ოკეანეების ზედაპირის თითქმის 96% მოიცვა.

კვლევების საფუძველზე გაკეთებული პროგნოზების შედეგები საგანგაშოა, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ხანგრძლივმა ტემპერატურულმა მატებამ მსოფლიო ოკეანეები შესაძლოა იმ საბედისწერო ზღვართან მიიყვანოს, რაც პლანეტისთვის ძალიან მძიმე შედეგებს მომტანი იქნება.

  • დედამიწაზე ოკეანეებმა შესაძლოა ძირეული გარდაქმნა უკვე განიცადეს

2023 წელს სიცხის ტალღებმა ჩრდილოეთ ატლანტიკისა და წყნარ ოკეანის სამხრეთ-დასავლეთის წყლის ზედაპირული ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულამდე აიყვანეს.

"ცნობილია, სიცხის ტალღები გლობალური დათბობის გამო სულ უფრო ხშირი და ინტენსიური ხდება. ასევე ვიცით, რომ 2023 წელს დაწყებულმა ელ ნინიოს დინებამ ოკეანეებში გაცილებით მეტი სითბოს შეღწევას შეუწყო ხელი, მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტორები ვერ ხსნის იმ წარმოუდგენელ მასშტაბს, რაც 2023 წელს დაიწყო", - აცხადებს კლიმატოლოგი ალექს სენ გუპტა ნიუ-საუთ-უელსის უნივერსიტეტიდან.

ჩინეთის, აშშ-სა და ტაილანდის მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოერკვიათ, რამ გამოიწვია ეს უკიდურესი დათბობა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას მომავალში.

კვლევამ აჩვენა, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ღრუბლიანობის შემცირება იყო, რაც საშუალებას აძლევს მზის სხივებს გაცილებით ადვილად მიაღწიონ ოკეანის ზედაპირს, ამას ემატება ცვლილებები ოკეანეების დინებებში და ქარის ნაკადების შესუსტება, რაც ხელს უშლის აორთქლების პროცესებს წყლის ზედაპირიდან.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ბოლომდე ვერ ხსნის, თუ რატომ მოხდა ტემპერატურის რეკორდული მატება, იგი ხაზს უსვამს იმას, რამდენად აუცილებელია ოკეანეების დათბობის მექანიზმების შემდგომი შესწავლა.

მკვლევრები შიშობენ, რომ დედამიწის ოკეანეების კიდევ უფრო გაცხელება შესაძლოა ახლი რეალობა გახდეს.

ოკეანეების დათბობას დამანგრეველი გავლენა აქვს როგორც ზღვის, ისე ხმელეთის ეკოსისტემებზე.

მეცნიერები ასევე აფრთხილებენ კაცობრიობას, რომ ოკეანეების პერმანენტულმა დათბობამ შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს დედამიწაზე არსებული სიცოცხლისთვის.

პლანეტის ოკეანეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალური ტემპერატურის რეგულაციაში - ისინი ინახავენ სითბოს და ნელ-ნელა გამოყოფენ მას.

იმის გამო, რომ ოკეანეები უფრო ნელა რეაგირებენ ცვლილებებზე, ვიდრე ატმოსფერო, სიცხის ტალღების ეფექტი შეიძლება დაგვიანებითა და უფრო დრამატულად გამოვლინდეს.

ამას მოჰყვება ისეთი მოვლენები, როგორიცაა ამინდის მოკლევადიანი ექსტრემალური ცვლილება (მაგ. ქარიშხლები) ან გრძელვადიანი კლიმატური ცვლილებები მთელი რეგიონების მასშტაბებით.

წყლის ტემპერატურის გრძელვადიანი მატება დამანგრეველია ზღვის ეკოსისტემებისთვის, ის იწვევს მთელი სახეობების დაღუპვას ან მიგრაციას.

ასევე იზრდება მარჯნის რიფების განადგურების საფრთხეც, რაც იმითაც არის შემაშფოთებელი, რომ მარჯნის დაკარგვა აბრკოლებს ოკეანეში ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის შთანთქმის პროცესს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო აძლიერებს გლობალური დათბობის ეფექტს.

ზღვიდან მომავალი ცხელი ჰაერის მასების ხმელეთზე გავრცელება უფრო ინტენსიურ და ფართომასშტაბიან გვალვებს, ხანძრებსა და შტორმებს გამოიწვევს.

მიუხედავად იმისა რომ მეცნიერთა ნაწილი არ ეთანხმება მსგავს პესიმისტურ პროგნოზებს, ყველა მაინც თანხმდება, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია ოკეანეების დათბობის გამომწვევი ფაქტორების ძირეული შესწავლა და ამის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა.

"თუ ეს არ გავაკეთეთ, მოუმზადებელი შევაბიჯებთ ჩვენთვის შეუცნობელ მომავალში, რაც საშინელ შედეგებს მოუტანს ჩვენს საკვებს, ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას“, - აცხადებენ მკვლევრები.

წყარო