რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში პენიტენციურ დაწესებულებას დაარტყეს, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ღამით მტერმა ზაპოროჟიეს ოლქი 8-ჯერ დაბომბა. ასევე, დაარტყეს პენიტენციურ დაწესებულებას. 16 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა“, - აცხადებს ივან ფედოროვი.


ფედოროვის ცნობით, ექიმები დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევენ.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსების დარტყმის შედეგად პენიტენციური დაწესებულების შენობა დაინგრა, ხოლო ახლომდებარე სახლები დაზიანდა.


ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით დაინგრა შენობა და დაზიანდა სამედიცინო დაწესებულებები: სამშობიარო და ქალაქის საავადმყოფოს განყოფილება. დაშავდა ორსული ქალი.
“ეს რუსების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ომის დანაშაულია“, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი რუსების მიერ ზაპოროჟიეს ოლქში პენიტენციურ დაწესებულებაზე განხორციელებულ დარტყმას.
„რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქში პენიტენციურ დაწესებულებას დაარტყა. 16 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა. ახლომდებარე საცხოვრებელი შენობები განადგურდა. ეს რუსების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ომის დანაშაულია და ისინი არ შეჩერდებიან, სანამ მათი შეჩერება არ მოხდება“, - წერს ერმაკი X-ზე.
მისი თქმით, რუსეთი ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის წინაშე უნდა აღმოჩნდეს, რათა ომის წარმოების უნარი დაკარგოს.