ავტორი:

"როგორ გადავრჩი? - ეს ჩემთვისაც ამოუცნობია, სხვა ტყვიების შემდეგ, ბოლო საკონტროლო გასროლა იყო..." - გია ყარყარაშვილის პასუხები რთულ კითხვებზე: რას ნანობს და როგორ აფასებს თავს დატეხილ ომებს?

"როგორ გადავრჩი? - ეს ჩემთვისაც ამოუცნობია, სხვა ტყვიების შემდეგ, ბოლო საკონტროლო გასროლა იყო..." - გია ყარყარაშვილის პასუხები რთულ კითხვებზე: რას ნანობს და როგორ აფასებს თავს დატეხილ ომებს?

"მოგესალმებით. ამდენი ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდი ტელევიზიებში გამოჩენისგან, რადგან წიგნზე ვმუშაობდი და მთლიანად ამაზე ვიყავი გადართული. წიგნის პირველი ნაწილის შემდეგ ახლა მეორე ნაწილის გამოშვებაზე ვარ გადართული...

ამასთანავე, იმ კითხვებმა, რომლებიც გარკვეული ადამიანების სურვილით გაჩნდა, მაინც თავისი გაიტანა და ახლა ამიტომ გადაწყდა, ხანმოკლე დროში ჩემს თავზე, ჩემს წიგნზე გესაუბროთ და პარალელურად მკითხველის შეკითხვებსაც ვუპასუხო", - ამბობს გენერალ-მაიორი, ეროვნული გვარდიის სარდალი, აფხაზეთის ჯარების სარდალი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, წიგნის "სამშობლოს ამარა“ ავტორი გია ყარყარაშვილი, რომელიც ambebi.ge-სა და "პალიტრანუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია და მკითხველთა შეკითხვებს პასუხობს.

გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

- მოგესალმებით. თავს როგორ გრძნობთ. ამჟამად რა საქმით ხართ დაკავებული?

- მე და ჩემი სხვადასხვა დაავადება ხელჩაკიდებულები ერთად მოვდივართ, რის გამოც შეიძლება ხშირად ისე ენერგიულად აღარ ვიყო, როგორც ვიყავი, თუმცა ყველაზე სასიამოვნო ჩემთვის ისაა, რომ წიგნზე მუშაობას ვახერხებ. იმედს გამოვთქვამ, რომ ძალიან მალე მეორე ნაწილიც გამოვა.

მინდა, იმ შეკითხვებს, რომელიც წიგნის წაკითხვის შემდეგ მკითხველს დაებადა, პარალელურად ვუპასუხო და ისიც განვმარტო, რატომ არ ვჩანვარ, რატომ არ ვარ აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

გეტყვით, რომ არც ის ჯანმრთელობაა, რომ კვლავ ცხოვრების რიტმში ვიყო ჩართული და არც ის ასაკი.

წინა დროებაში, სამწუხაროდ, მომიწია სამი სხვადასხვა ხელისუფლების დროს მოღვაწეობამ. ვერ ვიტყვი, რომ იმ მოღვაწეობის დროს ჩემი თავით კმაყოფილი ვარ და რამე საამაყო მაქვს. ვერც იმას ვიტყვი, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურობას რაიმე სიამოვნება ახლავს. ამ დასკვნის საფუძველს ჩემი განვლილი გზა მაძლევს და ამან ისიც მასწავლა, რომ შენი მოღვაწეობით ყველა კმაყოფილი ვერ დარჩება. ვერც თანაბრად გეყოლება, მეტ-ნაკლებობით, როგორც მეგობარი, ისე მოწინააღმდეგე და მტერი, რომლის სიძულვილს დაიმსახურებ.

ამიტომ, მირჩევნია, ექსპერიმენტები აღარ ვაკეთო. ის, რაც პოლიტიკურ ცხოვრებაში მოღვაწეობამ საკმარისად მასწავლა, მინდა, გაკვეთილებად ჩემს წიგნში ახალგაზრდა თაობისთვის და უფრო მეტად სამხედროებისთვის შევიტანო.

- ბატონო გია, წიგნის დაწერა რამ გადაგაწყვეტინათ და რამდენ ხანს იმუშავეთ მასზე?

- მართლა ბევრი რამის მომსწრე და მნახველი ვარ. იმ ეპოქაში რთული გზა ბევრმა გაიარა, მაგრამ რაც მე გავიარე, სამხედრო-პოლიტიკური ცოდნის მხრივ, რისი მომსწრე და მნახველი გავხდი, ასეთი იშვიათია.

თუმცა წიგნის დაწერას მაინც გამბედაობა სჭირდება, რადგან ბევრი წიგნი იწერება, მაგრამ ყველა ვერ ტოვებს შთაბეჭდილებას, ვერ აჩენს ავტორის განწყობას და მის სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიცაა ავტორი. მესამე ალბათ ისაა, რომ იმის თქმა აუცილებელია, რაც საქართველოში მომხდარი კონფლიქტებისა და ისტორიის კუთხით გავიარეთ. ამიტომ სამხედროებისთვის თუ ახალგაზრდებისთვის საჭიროა იმის ცოდნა, როგორ ხდება შეიარაღებული კონფლიქტები, საიდან იღებს სათავეს, რა როლი ეკისრება ხელისუფლებას, საზოგადოებას. ეს იმისთვის უნდა ვიცოდეთ, რომ თუნდაც მომავალში საფრთხე თავიდან ავიცილოთ.

- და მაინც რამ გადაგაწყვეტინათ ეროვნულ მოძრაობაში, სამაჩაბლოში და შემდეგ აფხაზეთის ომში მონაწილეობა?

- მე არ გადამიწყვეტია, ომები ჩემს გემოსა და სურვილზე არ იწყება. დრო შეგვხვდა ასეთი. მივყვებოდი დროს და მოვლენებს. თვითონ გვიჩვენებდა გზას და მიგვაქანებდა... შემეძლო კვლავ გამეგრძელებინა საბჭოთა არმიაში სამსახური, თუ შემეწყვიტა იმ დროს, როცა ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა?! შემეძლო ყურადღება არ მიმექცია იმ მოვლენებისთვის, რაც საქართველოში ვითარდებოდა, თითქოს არაფერი ხდებოდა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის და ხელფასისთვის გამეგრძელებინა ცხოვრება?! ჩემი მომავალი თვითონ გამომეძერწა? თუ იმ წესებს და კანონებს ავყოლოდი, რომელიც იმ დროს არსებობდა, განაგებდა და ყველა ჩვენგანზე გავლენას ახდენდა?! დღეს რომ ვუყურებ, სად დავუშვი შეცდომა სამხედრო სასწავლებელში ჩაბარებიდან დაწყებული, პირველი სამხედრო ნაბიჯით დამთავრებული, - ვფიქრობ, ყველა ნაბიჯი იძულებითი იყო...

ეროვნული მოძრაობა მოწოდებებით რომ მოვიდა, დატოვეთ საბჭოთა არმია, რომელსაც მანამდე სამშობლოსთან ვაიგივებდი, - ფაქტის წინაშე გაყენებდა. ამას არ დაუჯერებდი და მხოლოდ საკუთარი ხელფასისთვის და ჭამა-სმისთვის გააგრძელებდი მოღვაწეობას, ვინ ვიქნებოდი?!

გერმანიაში ვმსახურობდი, იქ რომ დავრჩენილიყავი და იმისთვის, რაც აქ ხდებოდა, გერმანიიდან როგორ მეყურებინა, თავი როგორ ამერიდებინა იმ ორომტრიალისთვის, რაც საქართველოში იყო. ამიტომ, მგონია, რომ ყოველი ნაბიჯი იყო იძულებითი. ზოგი ნაბიჯი აღმაფრენდა და მაამაყებდა, მაგალითად, ეროვნულ გვარდიაში სამსახური.

მაგრამ 1991 წლის 19 აგვისტოს ქვეყანა ორ ნაწილად რომ გაიყო, იქიდან მოყოლებული, ის დროება იმას გაკეთებინებდა, რაც არც გინდოდა და არც მოგწონდა. ერთ ხელისუფლებას, კერძოდ, ეროვნულ ხელისუფლებას ბოლომდე ვერ გავყევი, რაც საწამლავად მექცა. ჩემს თავს ვეკითხები - რომ გავყოლოდი, რა ბედი მელოდა?! რომ ვუყურებ, საშინელი... არც არ გაყოლა გახდა ჩემთვის სასარგებლო და არც გაყოლა.

მეორე ხელისუფლებას ომის და აფხაზეთის გამო გავყევი და ვუერთგულე. ამის შემდეგ რა თანამდებობაც დამეკისრა, ყველა ბევრად მძიმე იყო, ვიდრე შესაძლებლობა გამაჩნდა. ხალხი, ვინც ვალდებულების წინაშე მაყენებდა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ იყო, იძულებითი.

მკითხველისთვის შთამბეჭდავი და გასაოცარი რომ არ აღმოჩნდეს, ჩემი სამხედრო კარიერა ლეიტენანტობიდან გენერლობამდე როგორ მივედი, გეტყვით. მოკლე დროში განვლილი გზა, სამხედრო წოდებები (დაწყებული ეროვნულ გვარდიაში, პირველი წოდება - უფროსი კაპიტანი, შემდეგ ვიცეპოლკოვნიკი, პოლკოვნიკის), ყველა რაღაც კონკრეტული ამოცანის, დავალების შესრულების შემდეგ იყო. წვალება და სიმწარე ამ კარიერულ გზაზე ბევრი იყო, სიტკბო - ნაკლები, პასუხისმგებლობა კიდევ უდიდესი... აქ რომელი ერთი დავასახელო. ამ მოვლენათა ნაკადში ერთი რგოლი, მომხდარი ფაქტი რომ ამოვიღო, სრულ სურათს აღარ იძლევა. ამიტომ ვარჩიე მკითხველს წიგნის საშუალებით გავაცნო ომის მიმდინარეობა, შეიძლებოდა თუ არა მისი აცილება. აცილების შემთხვევაში მოვლენები სავარაუდოდ როგორი იქნებოდა. მე ცოცხალი მაგალითი ვარ, საკუთარ თავზე მაქვს ყველაფერი განცდილი.

მეორე ხელისუფლებას ვუერთგულე, მაგრამ საბოლოოდ იმ ერთგულების გამო ჩემზე სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს. ხელისუფლება არაფრით მომეხმარა და არაფრით ხელი არ შემიწყო. შემდეგ ამ ორისგან განსხვავებით, გადავწყვიტე მესამე ხელისუფლებისგან გვერდზე გავწეულიყავი და არაფერში ჩავრეულიყავი, მაგრამ ამ სიჩუმით მაინც ვერ მოვიგე მესამე ხელისუფლების გული... ამიტომაც წიგნით მინდა დავტოვო გაკვეთილი პოლიტიკოსებთან ურთიერთობისთვის და სამხედროებისთვის. გარდა ამისა, ავხსნა, სამხედრო მოღვაწისთვის რა არის საშიში. არაერთი დასკვნა მაქვს გაკეთებული, რომელსაც წიგნის მეორე ნაწილში ვიხილავთ. ეს იქნება ჩემი მოღვაწეობის სრული ახსნა, რომლითაც არ ვამაყობ, მაგრამ ის, რომ გაკვეთილი იყოს სხვისთვის, მერწმუნეთ, ამისთვის იდეალური შესაძლებლობაა.

- სამოქალაქო ომის დროს 25 წლის იყავით - იმ ომში თქვენი ჩართულობა წლების შემდეგ როგორ შეაფასეთ. იმ გიას დღეს რა კითხვას დაუსვამდით და რას უსაყვედურებდით?

- ვეტყოდი, რომ არ ენდოთ პოლიტიკოსებს. როცა ისინი გელოდებიან, ჩათვალეთ, რომ გატყუებენ. ვეტყოდი იმას, რომ საშიშია ამ შემთხვევაში თანაგრძნობა, იმიტომ, რომ ზედმეტმა თანაგრძნობამ შეიძლება ბევრად მეტი გავნოს, ვიდრე გულგრილობამ. პატივი ეცით კანონს და კანონიერების დამცველებს, რადგან ისინი აკავებენ ადამიანებს, რომ ერთმანეთი არ დაჭამონ.

ის, რაც ჩემს დროებაში მოხდა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა თავის მოვალეობის შესრულებაზე და 1991 წლის 22 დეკემბერს ორი დაპირისპირებული მხარე რუსთაველზე ერთმანეთს შეატოვა. მრავალი ასეთი მაგალითი შემიძლია დავასახელო... მთავარი ის კი არ არის, რა მოხდა, მთავარია, ტელევიზიები როგორ შეფუთავენ იმ ფაქტს და რას იტყვიან.

- სინანულის გრძნობა თუ გაქვთ? არ მახსოვს ბოდიში მოგეხადოთ ზვიადისთვის, არადა, ვფიქრობ, ბოდიში მოსახდელი გაქვთ...

- პრეზიდენტს ბოდიშს ვერ მოვუხდიდი, რადგან იმის შემდეგ არ მინახავს. თუმცა იმავე დღეს, თბილისის ომის დასრულების შემდეგ, ჩემი მწარე სინანული გამოვთქვი. ერთ-ერთ ჩანაწერში ჩემი ძმის ხმა ისმის - რა გიხარიათ, საკუთარ ძმებზე გამარჯვება?! ეს მაშინ ორივეს აზრს გამოხატავდა იმიტომ, რომ ის, სადაც აღმოვჩნდით, სადაც მე ვალდებულებად მექცა ამა თუ იმ საქმის კეთება...

აქეთ მხარეს დავდგებოდი, თუ იქით, ეს იყო თვითმკვლელობა. ერთ მხარეს დადგომით ფიზიკურად მალე განადგურდებოდი და მეორე მხარეს დავდექი და ასეთ ცოდვაში მომიწია ფეხის ჩადგმა. ამიტომ ჩემს ნაბიჯს და იქ აღმოჩენას ჯერ კიდევ იმ დროიდან ვნანობდი. ეს განწყობა პარტიაში ყველამ იცოდა... იმ დღეს გამიცივდა გული ჩემს სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, რომელიც პიროვნულად ძალიან მიყვარდა. ჩემზე ამაგიც ჰქონდათ, მაგრამ მათ მიმართ ნდობა შემერყა, - ამისთვის მზად არ ვიყავი და არც არაფრად მიღირდა.

ერთხელ ქალბატონმა მანანამ "კვკასიაზე“ დარეკა, სადაც დაჭრის შემდეგ ჩემი პირველი ინტერვიუ მქონდა... ყურმილი რომ დაკიდა, იქვე ვთქვი, რომ ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა და რაც მოხდა ჩემი მხრიდან, იმაზე არასდროს ვიტყვი, რომ მართალი ვარ, რადგან მართლა მტყუანი ვარ. გიორგი გამსახურდიასთვისაც მაქვს ეს შეხვედრაზე ნათქვამი, ამის არ მეთაკილება, რადგან მე იქ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, უუნარობის, ასაკის გამო აღმოვჩნდი. ვერ შევძელი, მეთქვა არა იქ, სადაც არ მინდოდა ყოფნა უფროს-უმცროსობის, ძველი ურთიერთობების გამო. იგივე იყო მინისტრად დანიშვნის პერიოდშიც. არას თქმის უუნარობის გამო ასაკით შენზე უფროსი 19-ჯერ რომ გეტყვის, ეს უნდა გააკეთო, მოჭრილად არას თქმა, ადვილი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ამის უნარი არ აღმომაჩნდა. ეს იყო ჩემი ნაკლი, რომ ეს ასაკის გამო ვერ შევძელი.

ამას ყოველდღიურობაში კიდევ და კიდევ ვხდები, როცა ამ ბრძოლებში, თანამებრძოლების შვილებთან, ოჯახის წევრებთან მიწევს ურთიერთობა. საქართველოში უწყებაც კი არ იქნება, ვისაც იმხელა ურთიერთობა აქვს შემორჩენილი დაღუპულთა ოჯახებთან - მეუღლეებთან, შვილებთან, მშობლებთან, როგორც მე. ყოველ კვირა მიწევს ამა თუ იმ სასაფლაოზე მისვლა, ან ოჯახში დარეკვა, მოკითხვა.

- რატომ შეაჩერეთ, არ გაეცით ბრძანება 15-16 მარტს კონტრშეტევაზე. თანამდებობრივად თქვენ და შევარდნაძეს გეხებოდათ ეს...

- იმ დროს გვარდიის ახალდანიშნული სარდალი ვიყავი. ემოციური განწყობა იყო ასეთი, შტაბშიც გაჩნდა ეს ცდუნება - კონტრიერიშზე გადასვლის და დღევანდელ დღემდე ადამიანების ნაწილი თვლის, რომ კონტრიერიშის შანსი იყო. მეც ვიყავი ცდუნებას აყოლილი, რაღაც პერიოდი ვფიქრობდი, მაგრამ ეს არ მოხდა. მერე ვთქვი, იქნებ ასეც სჯობდა-მეთქი...

ბოლო 20 წელია, ვსწავლობ ისტორიებს, ინფორმაციებს. ვაანალიზებ იმდროინდელ განცხადებებს, მოქმედებებს, ხელისუფლების პირველი პირებისა და სამხედრო ხელმძღვანელობის ქმედებებს. დღეს ყველა აღდგენილი და შესწავლილი ფაქტით, მერწმუნეთ, არცერთ პერიოდში ჩვენ კონტრიერიშზე გასვლის უფლება კი არა, გამარჯვების უფლება ჩამორთმეული გვქონდა... სადაც არ უნდა მომხდარიყო კონტრიერიში, იმას განვითარება არ ეწერა. ერთადერთი შანსი შესაძლოა, ყოფილიყო ის, რომ დსთ-ში სოხუმის დაცემის შემდეგ კი არ შევსულიყავით, არამედ ომის დაწყებამდე ან ომის პირველ თვეებში... როგორც ვნახეთ, დსთ-ში შესვლა განსაკუთრებული უბედურებაც არ აღმოჩნდა, ჩვეულებრივად გავიარეთ და 10 წელიწადში არანაირ ტვირთად აღარ გვქონდა. 1999 წელს რუსეთმა საქართველოდან საერთოდ ჯარების გაყვანის ვალდებულება აიღო. ეს არის ვარაუდი, რომელიც შემიძლია, ჩემს წიგნში კითხვად დავსვა.

- აფხაზეთში წაგებული ომის შემდეგ, როგორ წახვედით მოსკოვში სასწავლებლად?

- ჩემი მხრიდან იმ დროისთვის მძიმე გადაწყვეტილება იყო. ჩემზე უკვე სასკვდილო განაჩენი გამოტანილი იყო, როდესაც შევარდნაძესთან გადადგომის პატაკით შევედი. რატომღაც გენერალ-ლეიტენანტობა შემომთავაზა, უარი ვუთხარი, არ ვთვლი, რომ ეს წოდება დავიმსახურე-მეთქი.

ერთადერთი თხოვნა მქონდა, - პირადი დაცვა დამიტოვეთ და სასწავლებლად ამერიკაში გამიშვით-მეთქი. როგორც კი იგრძნო ჩემმა მტრმა, რომ შეიძლებოდა საზღვარგარეთ წავსულიყავი, საშინელი ინფორმაცია გამივრცელეს, თითქოს ცხინვალში ბავშვები დავხოცე და რაღაცაში პირადად მქონდა მონაწილეობა მიღებული. ეს მოგვიანებით გავიგე, როცა ამერიკის ვიზისთვის საელჩოში შევედი. ამიტომ მოსკოვში წასვლა იძულებითი ნაბიჯი იყო, სადაც თავი მოვიტყუე და ისნიც მოჩვენებითი ერთგულებით მოვატყუე, რომ აღარ ვიყავი მათ წინააღმდეგ, მაგრამ არ გამოვიდა...

- ბატონო გია, საერთოდ როგორ გადარჩით?

- არ ვიცი, ჩემთვისაც ამოუცნობია, ბედისწერის ეს მისია რა იყო. სხვა ტყვიების შემდეგ, ბოლო საკონტროლო გასროლა იყო... პასუხი არ მაქვს. რადგან გადავრჩი, ბევრს ვკითხულობდი ამაზე, ეს ღვთის სასჯელია, თუ ღვთის წყალობა-მეთქი?! პასუხი დღემდე არ მაქვს და ამას წიგნშიც ვაანალიზებ. ეპილოგში ვსაუბრობ იმაზე, 30 წლის განმავლობაში რა გზა გავიარე, რამდენჯერ შევხვდი სიკვდილს, რამდენჯერ ვიყავი მზად, რომ ზურგით მოვეკიდებინე და წავეყვანე, მაგრამ ბედისწერამ ასე ინება... ჩემს თავს დავაკისრე ვალდებულება, წიგნის სახით, ისტორიისთვის დვტოვო - რა არის ომის ფასი.

- თავიდან რომ იწყებდეთ ცხოვრებას, რა გზას აირჩევდით?

- არცერთ ეტაპზე ჩემი თავი მე არ ამირჩევია, ყოველთვის დრო და მოვლენები მწევდნენ და თავისთვის მიმაქანებდნენ. ჩემ შემთხვევაში ასე გამოვიდა, რომ ცხოვრებამ არ გამახარა. რამდენი მეგონა, კარგად ვიყავი და ბედნიერი, იმდენ ასეთ გამოცანას მიწესებდა. რატომ? ვერ ვხდები, მაგრამ რა მდგომარეობაც არ უნდა ვყოფილიყავი, არასდროს მითქვამს, რომ ცუდად ვარ და მიჭირს-მეთქი და არც ახლა ვიტყვი ამას. ვინ გაიმარჯვებს ჩემთან, ავადმყოფობასთან, სიკვდილთან, არ ვიცი. ჯერჯერობით ვიმარჯვებ და მომავალში ვნახოთ.

მადლობა მსმენელებს, მკითხველს დასმული შეკითხვებისთვის.