ავტორი:

ჩინეთი შობადობის წახალისებას იწყებს - ოფიციალური პეკინი წელს დაბადებული თითოეული ბავშვისთვის ფინანსურ დახმარებას აწესებს

ჩინეთი შობადობის წახალისებას იწყებს - ოფიციალური პეკინი წელს დაბადებული თითოეული ბავშვისთვის ფინანსურ დახმარებას აწესებს

ჩინეთი მშობლებს შობადობის გაზრდის მიზნით თანხას სთავაზობს - 2022 წლის შემდეგ დაბადებული ყველა ბავშვის სახელზე სახელმწიფო ყოველწლიურად 3,600 იუანს, ანუ დაახლოებით 500 დოლარს გაიღებს. "ერთი ოჯახის - ერთი ბავშვის" პროგრამის გაუქმების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინეთი შობადობის წახალისებას ცდილობს.

სახელმწიფო მედიის ცნობით, ეს თანხა დაახლოებით 20 მილიონ ოჯახს დაეხმარება ბავშვების აღზრდის ხარჯების დაფარვაში. აღსანიშნავია, რომ თანხა ოჯახებს პირდაპირ არ გადაეცემათ და მისი გამოყენება მხოლოდ ბავშვის საჭიროების მიხედვით იქნება შესაძლებელი. ფაქტობრივად, ეს იქნება ჩინეთის მთავრობის მიერ განხორციელებული სუბსიდია 3 წლამდე ბავშვებისთვის.

ორშაბათს გამოცხადებული სქემის მიხედვით, მშობლები უკვე 2025 წელს დაბადებული თითოეული ბავშვისთვის ჯამში 10 800 იუანამდე (დაახლოებით, 1500 დოლარს) დახმარებას მიიღებენ. პეკინის სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ის ცნობით, პოლიტიკა რეტროაქტიულად ამოქმედდება მიმდინარე წლის დასაწყისიდან. ნაწილობრივი სუბსიდიების მისაღებად განაცხადის შეტანა ასევე შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა შვილები 2022-დან 2024 წლამდე დაიბადნენ.

გასულ კვირას ოფიციალურმა პეკინმა ასევე მოუწოდა ადგილობრივ ხელისუფლებას, შეიმუშაონ გეგმები უფასო სკოლამდელი განათლების დანერგვის შესახებ.

ჩინეთში დაფუძნებული YuWa-ს მოსახლეობის კვლევითი ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ქვეყანა, ფარდობითი თვალსაზრისით, ბავშვების გაჩენისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად ითვლება - ბავშვის 17 წლამდე გაზრდა საშუალოდ 75,700 აშშ დოლარი ჯდება.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ჩინეთში 2024 წელს 9.54 მილიონი ბავშვი დაიბადა. ეს წინა წელთან შედარებით უმნიშვნელო ზრდა იყო, თუმცა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა კვლავ შემცირდა.

წყარო