ცოტა ხნის წინ თბილისში, იუსტიციის სახლში, კიდევ ერთი ქორწინება ოფიციალურად გაფორმდა. ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, "Bosco di Ciliegi“-სა და მოსკოვის "გუმის" გენერალური დირექტორის, თეიმურაზ გუგუბერიძის ქალიშვილი, სოფია გუგუბერიძე დაქორწინდა და ქორწილი თბილისში შედგა. ეს ამბავი რუსული მედიის განხილვის თემად იქცა.
როგორც რუსული მედია წერს, ქორწინებას 4 დღის განმავლობაში აღნიშნავდნენ.
იუსტიციის სახლში რეგისტრაცია მხოლოდ ოჯახის წევრების – მამის, თეიმურაზ გუგუბერიძის, დედის, ნატალიას და დის, მარიკას – გარემოცვაში გაიმართა. სოფიამ ამ დღისთვის რუსული ბრენდის, Roseville-ის, თეთრი კაბა შეარჩია, რომელსაც Chanel-ის ქამარი, ჩანთა, მარგალიტის ყელსაბამი და ვუალიანი ქუდი შეუხამა, რაც მის ელეგანტურ სტილს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.


სოციალურ ქსელში, კერძოდ კი Instagram-ზე, სოფიამ ამ მოვლენასთან დაკავშირებით დაწერა: „ცხოვრების კიდევ ერთი გვერდის გადაფურცვლა“. ამ განცხადებას მოჰყვა გვარის ცვლილება – სოფია გუგუბერიძის ნაცვლად, სოციალურ ქსელებში ის უკვე ამაშუკელის გვარით არის წარმოდგენილი.
სოფიამ განათლება ლონდონსა და მონაკოში მიიღო, ამჟამად კი თბილისში ცხოვრობს. ის არის კონცეპტუალური მაღაზიის, IERI-ის, თანადამფუძნებელი, რომელიც ქართველ დიზაინერებსა და ბრენდებს წარმოადგენს. IERI ანკა ციციშვილთან ერთად დაარსდა და იგი აერთიანებს მოდას, ხელოვნებას, ღვინის ბარსა და კულტურულ სივრცეს. მაღაზიაში წარმოდგენილია ისეთი ქართველი დიზაინერების ნამუშევრები, როგორებიც არიან Sofio Gongli, David Koma, Samoseli Pirveli და დაახლოებით 30-მდე სხვა ბრენდი. სოფიას საქმიანობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თბილისის მოდის ცენტრის განვითარებასა და საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდას.

სოფიას მამა, თეიმურაზ გუგუბერიძე, ქართული წარმოშობის, რუსეთში ცნობილი ბიზნესმენია. ის გახლავთ Bosco di Ciliegi-ის კომერციული დირექტორი და მოსკოვის "გუმის" გენერალური დირექტორი. მისი ოჯახი მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსულ მოდის და ბიზნეს წრეებთან. აღსანიშნავია, რომ სოფიას საქართველოში "IERI“-ის შექმნაში მამამ შეუწყო ხელი, რაც, როგორც მან აღნიშნა, მისი საკუთარი გზის პოვნის ეტაპი იყო.


მედიაში ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ სოფიას მეუღლის სახელი – გიორგი. გვარი კი სავარაუდოდ, ამაშუკელია. ქორწილის ძირითადი ნაწილი 19 ივლისს ყაზბეგში, "Rooms Hotel Kazbegi“-ში, ეროვნულ სტილში გაიმართა, სადაც ფურშეტი ბუნებაში, გაზონზე გაშლილ ხალიჩებზე მოეწყო. გიორგიმ საყვარელი მეუღლისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა, წყვილმა კი ცოცხალი მუსიკის თანხლებით იცეკვა.
